შიდა ქართლი: მეტეხი - ერთაწმინდა - ნოსტე

0 კომენტარი

ამინდი წვალობს, მზით განებივრებული თბილისელისთვის უჩვეულო გაზაფხულია. აპრილი ისე გავიდა, ერთი შხაპუნა წვიმა რა არის, იმანაც არ დაგვნამა. ყოველდღე გულისგამაწვრილებლად ცრიდა, ნაცრისფერი დღეები ერთმანეთს ენაცვლებოდა. ფანჯრიდან უფერულ პეიზაჟს გავცქეროდი და ვფიქრობდი: ნუთუ ასე მოსაწყენად იწყება ქვეყნის დასასრული? კახეთში მდინარე ჭერემის მძვინვარებას ერთხანს აპოკალიფსის მოყვარული მაუწყებლის საშუალებით ვადევნე თვალი, თუმცა ესეც უშედეგო აღმოჩნდა, ვერც ტალახის კუნძულებზე ობლად დარჩენლი ბავშვების კადრებმა განგვგმირა და არც ღმუილით წყალწაღებული საქონლი ჩაუტარებია მოზღვავებულ მდინარეს. ეს წელს, თორემ, ასეთი გაზაფხულების მეტი რა გვინახავს?
შარშან, თუ გახსოვთ, ბუნებამ სამთავრობო პროგრამა „წყალი ყველა სოფელს” გაცილებით უფრო ეფექტურად განახორციელა და არა მარტო სოფლებს, ქალაქ ბათუმსაც უფასოდ მიჰგვარა წყალი. ასეთ არეულ და არაპროგნოზირებად დროს მოგზაურობა შესაძლოა სრულიად არ იყოს სასურველი, მაგრამ თუ ღმერთმა ქნა და გამოიდარა, გრძელი და სველი ზამთრის შემდეგ ქალაქიდან გასვლა, ვფიქრობ, დროული უნდა იყოს. ასე რომ, ერთდღიან მოგზაურობას გთავაზობთ.
მარშრუტი კასპის რაიონში იწყება და მდინარე თეძმის ახლად გაღვიძებულ ხეობას მიუყვება. სამხრეთით თრიალეთის ხედია, ჩრდილოეთით - კავკასიონი. საგზლად რას წაიღებთ, თქვენი გადასაწყვეტია: ლიბერტარიანელიები ანტრეს სენდვიჩებს სწყალობენ, მართლმადიდებლები - გუდვილის სამწვადე პაკეტს, მოხეტიალე-მოგზაურებს, ტრადიციულად, მოხარშული კვერცხითა და წინა საღამოს შემწვარი ქათმით გააქვთ თავი. კატლეტის მანქანაში შეტანას კი ყველა უნდა ერიდოს - ნებისმიერი შეფუთვის პირობებში ცივი კატლეტი გაუსაძლის სუნს აყენებს დახურულ სივრცეში.
თბილისი-ბათუმის მშენებარე მაგისტრალზე სიახლეა: დასავლეთის მიმართულებით გზა იგოეთში აღარ შედის, ძველი გზის პარალელურად მთის ფერდობებს შორის გრძელდება და უზარმაზარი რკინა-ბეტონის ხიდით კვეთს ხევს.
ამიტომ კასპში გადასახვევად ახლა ამ ხიდის ქვეშ უნდა გაძვრე. კასპის შემდეგ პირველი სოფელი - მეტეხი შეგხვდება. მეტეხის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ჯერ კიდევ გზიდან გამოჩნდება: ულამაზესი დახავსული გუმბათი მოგხვდება თვალში. აქედან ერთაწმინდამდე 10 კმ-ია. ასფალტის გზა სოფელ ახალქალაქის შესასვლელში ფუჭდება და ახალქალაქიდან რამდენიმე კილომეტრის გავლა სოფლის ნაყარ გზაზე გვიწევს.
ერთაწმინდის წმ. ესტატეს სახელობის ეკლესია (XIII ს.) სოფლის ცენტრში, მთის კალთაზეა გაშენებული. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ისტორიული „ესტატწმინდა” დროთა განმავლობაში ერთაწმინდად იქცა და სოფელიც უძველესი დროიდან ატარებს ამ სახელწოდებას. 1610 წლიდან ერთაწმინდა გიორგი სააკაძის შთამომავალთა - თარხან-მოურავების საგვარეულო აკლდამაა. აქ დაკრძალულია გიორგი სააკაძის შვილის - პაატას მოკვეთილი თავი.
ერთაწმინდის ტაძარი საქართველოში ერთ-ერთი პირველი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. ნაშენია კარგად გათლილი მოყვითალო ქვით. ტაძარს სამი შესასვლელი აქვს - დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. ინტერიერში კედლების დიდი ნაწილი შელესილია. ჩრდილოეთ მკლავზე გამოსახულია ნადირობიდან დაბრუნებული წმ. ესტატე შვილებთან ერთად, რომელიც თავის ცოლს უმჟღავნებს სასწაულის ამბავს.
ერთაწმინდიდან გზა სამხრეთით, იკვისა და რკონის მიმართულებით მიდის. შორს წასვლა არ იქნება საჭირო - ყველგან ულამაზესი ადგილებია და დასაბანაკებელი იმდენია, ვერც ამოარჩევ. თუ კარგი ამინდია, კავკასიონის სამხრეთ ქედზე გაქვს ხედი. თუ დრო დაგრჩა, შეგიძლია სოფელ ნოსტეში შეიარო და გიორგი სააკაძის კოშკი (დ.1610ს.) მოინახულო. წახემსება და დაბანაკება აქაც შეიძლება. მთელი შიდა ქართლის ვაკე, მტკვრის ხეობით, ხელისგულზე მოჩანს. უკან დაბრუნება მცხეთა-ნიჩბისის გზითაც შეიძლება, რაც ნახევარჯერ ამცირებს სავალ მანძილს, თუმცა, გზა მოხრეშილია, დროისა და კომფორტის მხრივ ნაკლებად ხელსაყრელი (ახლა, როგორც ყველგან, აქაც სამუშაოები მიმდინარეობს). თუ ამ გზით დაბრუნებას გადაწყვეტ, პირდაპირ მცხეთის სალობიესთან ამოყოფ თავს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები