ჩდ

0 კომენტარი

ისნის მეტროს უკან, უსახურ შენობასთან უწესრიგოდ გაჩერებული BMW-ს ჯიპებით მიხვდები, რომ აქ საჭმელად შორიდან დადიან. მანქანის ადგილიც ჭირს და ზოგჯერ კაცისაც. არადა, შუა კვირაა, ფრანგულ რესტორნებს უჭირთ, ჩილიკას დუქანი კი გაქანებულ ვაჭრობაშია. დუქნის წინ აგურის საკვამურიანი სამწვადე ბუხარი გაუჩაღებიათ, საბერველი, მუგუზალი და მიდის აყალ-მაყალობა: ქაბაბი, ქათმის ან ცხვრისა, ჩალაღაჯი ღორის ან ხბოსი, ანდა ჯიგარი ბადექონში. მწვადი ყველანაირი. აქ დადის ყველა: სომეხი ხელოსნობა, ნავთლუღის ბაზრის ვაჭრობა, პლეხანოველი ძველბიჭობა, ვერელი ძველკაცობა, ლოტკინელი ყაჩაღობა, ნახალოვკელი ქურდობა და ვაკელი დარმაედობა, მოკლედ, ერი და ბერი, თუ ქალაქში ვინმე რამე არი, ყველამ იცის ჩილიკას დუქანი.
რამდენი წელია ამათი მუშტარი ვარ, სტუმარიც ბევრი ამომიყვანია და სულ კმაყოფილი ჩამოვსულვართ ქალაქში მეცა და ჩემი სტუმრებიც. თუმცა ცვალებად დროში ვცხოვრობთ და იცვლება ჩდ-ც, რომელიც 1990-იანი წლებიდან არსებობს. დუქნის მეპატრონე ჩილიკა კარგა ხანია აღარ არის და იმის მაგივრობას შვილი სწევს. საანგარიშო ჩოთქი გვერდით უდევს და ძველებურად ვაჭრობს.
აი, რისთვის დადიან: რძიანი სულუგუნი სიგანეზე დაჭრილი და არა პურივით არიფულად დაჭრილი, წიწილა სომხურად შემწვარი, უდავოა, რაღაც სპეცმარინადში, ქათმის ან ცხვრის ქაბაბი, ნეკნები და სიომგას მწვადი - ეს საფირმოები. სეზონურებიდან: მჟავეს ასორტი, ქინძმრიანი ღანძილი, გუდა, ჩაქაფული და კალმახიც შემწვარი. ხაჭაპური, ე.წ. ლაზური, ანუ ბევრი ყველით შიგნით და გარეთ. მწვადს შამფურზე შემწვარი ბადრიჯანი და პომიდორიც უხდება, ჩანახისკენ მიჰყავს, უფრო აზიატსკი რამე გამოდის.
ჩდ იმიტომაც არის კარგი, რომ მართლა დუქანია და არა მარტო სახელი, ზოგი რესტორანი რომ მიიკერებს ხოლმე რამე ძველ იარლიყს ტყუილუბრალოდ. აქ ხშირია ორ ან სამკაციანი სადილი, თითო-ოროლა კერძის, ჩაქაფულის, ოსტრის ან ქაბაბის საჭმელად რომ ამოდიან ავლაბრიდან. დარბაზში სხედან და ჩუმად ჭამენ. დიდი-დიდი, პატარა გომი მიაყოლონ. დუქანში ეს ამბავია მთავარი. აბა ჩვენებურ რესტორნებში თუ სუფრა არა ხარ, ზედაც არ გაფურთხებენ, უკაცრავად გამოთქმაზე.
თუ ქეიფია, კუპე უნდა და ესენიც არის. ჰოდა, ამ კუპეებზეც გითხრათ: სამი კუპე იყო თუ ოთხი, უბრალო, ზოგს საბჭოთა კონდიციონერიც ედგა და ხრიალით თავის საქმეს შვებოდა ზაფხულში. მერე და რა? ეტყობა, მუშტარი რომ მოეძალათ, ამათ ფართი მოიძიეს, რაღაცები გადააშენ-გადმოაშენეს და პირველ სართულზე ამდენივე ევრო-კუპე დაუმატეს, უკვე თაბაშირ-მუყაოთი და ჭრელაჭრულა კერამიკული ფილებით. ხინკალს უკვე ცელოფანებში, საკუთარი ეტიკეტით, გაყინულს ყიდიან. ვითომ არაფერი. ახალს არაფერს ვიტყვი: ფასმა იმატა და ხარისხმაც, ცოტა არ იყოს, მოიკოჭლა. აქაც გლობალური ტენდენციები... კარგი იქნება, ჩდ ქალაქს ისეთი შემორჩეს, როგორიც იყო. თუ მედუქნე იმის ძიებაშია, რომ დუქანმა მეტი ჭამოს, ვიდრე მუშტარმა, იმის საქმე უკვე წასულია, ბოლო ან ადრე დადგება, ან გვიან, დადგება კი უსათუოდ. ჩვენთან ეს ფიქრი ნაადრევად მოეძალებათ ხოლმე. „გააფუჭეს უკვე,” - ხელს ჩაიქნევენ ქალაქელები. თუ ასეა, მაშინ გამოდის, რომ ჩდ-მ კიდევ კარგა ხანს გაძლო. ეწვიეთ და თავად განსაჯეთ. თუ ვცდებოდე, ყველაზე მეტად ისევ მე მესიამოვნება.
ტაბულა რესტორნებს მიმოიხილავს ანონიმურად და ასწორებს ანგარიშს


ჩილიკას დუქანი
აწყურის 76. თბილისი 0144
უბანი: ისანი
სამზარეულო:ქართული, სომხური
საათები: ყოველდღე
08:00 – 22:30
ფასი: 55 (სადილი ორ ადამიანზე,
ალკოჰოლური სასმელით და
სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: რესტორნის წინ

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები