ევროსაბჭოში გეების საკითხზე რეზოლუცია მიიღეს

0 კომენტარი

ხუთშაბათს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „სექსუალური ორიენტაციის გამო დისკრიმინაციისა და სქესის იდენფიტიფიკაციის შესახებ”. დოკუმენტის მიღებით სახელმწიფოებს მიეცათ რეკომენდაცია უზრუნველყონ ლგბტ (ლესბოსელი-გეი-ბისექსუალი-ტრანსსექსუალი) საზოგადოების ძალადობისგან და სიძულვილის ენისგან დაცვა. დოკუმენტი შეიცავს რჩევას სამართლებლივად აღიარონ ერთნაირსქესიანი ქორწინებები, „მხოლოდ თუ ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებს ასეთ აღიარებას”. რბილი და ორაზროვანი ფორმულირება მოქმედების დიდ თავისუფლებას ტოვებს. ასამბლეამ გაითვალისწინა არაერთგვაროვანი განწყობილებები და პასუხისმგებლობა ეროვნულ ხელისუფლებებს გადააბარა. დოკუმენტში, რომლის საწყისი, სოციალისტების მიერ შემუშავებული პროექტი ბევრად რადიკალური იყო, მიღებისას რამდენიმე ათეული შესწორება შევიდა.

20 წლის წინ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამოიღო. დღეისთვის ევროპის საბჭოს ყველა და მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში ჰომოსექსუალობა კანონით აღარ ისჯება. მიუხედავად ამისა, ევროპაში ჰომოსექსუალური პარტნიორობა სრულად მხოლოდ ხუთმა ქვეყანამ სცნო. მათ შორის პირველი ნიდერლანდები იყო, რომელმაც ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო ქორწინება 2001 წელს დააკანონა.

რადიკალური განწყობების საპასუხოდ, რამდენიმე კვირის წინ რიტორიკული შეკითხვა დაისვა: „ნუთუ ქრისტიანულ ორგანიზაციას არ აქვს უფლება, იყოს ქრისტიანული?”. ფრაზა ამერიკაში, ჰომოსექსუალი სტუდენტის სარჩელის განხილვისას გაისმა. ქრისტიანულ გაერთიანებას სტუდენტმა იმისთვის უჩივლა, რომ გაწევრიანებაზე უარი უთხრეს. მომჩივანის ლოგიკით, შეიძლება დავუშვათ, რომ ათეისტს უნდა მიეცეს უფლება გახდეს მღვდელი და თუ არ აკურთხებენ, ისაუბროს შეუწყნარებლობაზე.

ბრიტანელმა დეპუტატმა დოკუმენტის „არეულ და ალოგიკურ” აზრებზე გააკეთა აქცენტი: „საუბარია მსხვერპლის სამართლებრივ დაცვაზე, მაგრამ რისი მსხვერპლის? თუ იგულისხმება სიძულვილის ენა, რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით... განა დამნაშავეა მღვდელი, რომელიც ამბიონიდან ძალადობრივი მოწოდებების გარეშე კიცხავს ჰომოსექსუალობას? განა სიტყვის თავისუფლება არ გულისხმობს უფლებას იყო კრიტიკული, უსიამოვნო და შეურაცხმყოფელი?”.

ყველაზე სკანდალური თემა ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის ბავშვის აყვანის უფლების მინიჭება იყო. ჰომოსექსუალების თანაცხოვრება რომ მათი ხელშეუვალი არჩევანია, დავას არ იწვევს. მაგრამ ბავშვის აყვანისას ბავშვის უფლებების საკითხი დგება. ნაშვილები მოზარდი ექსპერიმენტის ობიექტი ხდება. კაცობრიობას არ აქვს გამოცდილება, რომელიც დარწმუნებით გვათქმევინებს, თუ რა ფსიქოლოგიური გავლენა ექნება ბავშვზე ერთნაირსქესიან ოჯახში ცხოვრებას. რეზოლუციის საბოლოო ვერსია მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს დაუშვან ერთ-ერთი პარტნიორის შვილზე საერთო მეურვეობა „ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით”. მაგრამ ეს არ გულისხმობს წყვილის მიერ სხვისი შვილის აყვანას.

როდესაც სესიაზე მუსლიმური ქვეყნების წარმომადგენლები ევროპის მოხიბლვას მემარცხენე შეხედულებებით ცდილობდნენ, ასამბლეა ქრისტიანული ეკლესიების საპროტესტო წერილებს იღებდა. კათოლიკე ეკლესიამ ოფიციალურად დაგმო ლგბტ პირების ძალადობრივი დისკრიმინაცია. მაგრამ ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება გეი ქორწინების ლეგალიზებასა და ერთნაირსქესიანი პარტნიორებისთვის შვილის აყვანის უფლების მინიჭებას.
ასამბლეას საქართველოს ტრადიციული რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებმაც მიმართეს: „შეუძლებელია, ევროპა, რომელიც უძველესი ქრისტიანული სამყაროს ნაწილია, ხმას აძლევდეს სექსუალური გადახრების ნორმად ქცევას”. ხელმომწერებმა მოუწოდეს საქართველოს დელეგაციას გამიჯვნოდა ინიციატივას. მიმართვას სტრასბურგიდან გამოეხმაურა დეპუტატი გიორგი გაბაშვილი: „უმცირესობების უფლებები უნდა იყოს დაცული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უმრავლესობის ტრადიციები, წარმოდგენები იყოს უგულებელყოფილი”. ქართულ დელეგაციას რეზოლუციისთვის მხარი არ დაუჭერია.

საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებს სავალდებულო ხასიათი არ აქვს. თუმცა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და სხვა ევროპული სტრუქტურები გადაწყვეტილებების მიღებისას ამ დოკუმენტებს ხშირად ეყრდნობიან. რეკომენდაციების სრულ იგნორირებას შესაძლოა ნეგატიური საერთაშორისო პოლიტიკური რეაქცია მოჰყვეს. ევროპის საბჭოს წევრთა მთავრობებს რეაგირება ექვსი თვის ვადაში დაევალათ.

სტრასბურგში მყოფი არაერთი დიპლომატის აზრით, დაუშვებელია სექსუალურ უმცირესობათა როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური დისკრიმინაცია — დაუშვებელია მათ მიენიჭოთ ისეთი უფლებები, რომლებიც სხვა ადამიანებს არ გააჩნიათ. ამასთან, აგრესიულმა და ელვისებურმა ზომებმა შესაძლებელია მოუმზადებელ საზოგადოებაში უკურეაქცია გამოიწვიოს, რაც ჰომოფობიას მხოლოდ გააძლიერებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები