ვულკანები და სუპერვულკანები

ვულკანი კილაუეა
2010 წელი უკვე აღინიშნა დამანგრეველი მიწისძვრების სერიით ჰაიტიზე, ჩილეში, მექსიკასა და ჩინეთში. ჰაიტის მიწისძვრა ადამიანური მსხვერპლის სიდიდით მსოფლიო კატასტროფათა ათეულშიც შევიდა. ამ მოვლენებს მოჰყვა 15 აპრილს ისლანდიის კუნძულზე ძნელად წარმოსათქმელი სახელის მქონე ვულკანის - ეიაფიატლაიოკულის ამოფრქვევა. საბედნიეროდ, მას არ მოჰყოლია ადამიანური მსხვერპლი და ნგრევა, მაგრამ ის შევა ისტორიაში, როგორც ავიამიმოსვლის უპრეცედენტო შეფერხების გამომწვევი. ქარმა ვულკანური ნივთიერება ევროპის დიდ ნაწილზე გაავრცელა, რის გამოც ევროპაში ფრენების დიდი ნაწილი შეწყდა. დაიბლოკა ისლანდიის თავზე გამავალი უმნიშვნელოვანესი საფრენი ტრასა ევროპა-ამერიკას შორის.
ეიაფიატლაიოკულის ამოფრქვევები ჯერ კიდევ გრძელდება და ძნელი სათქმელია, როდის ჩაცხრება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამან შეიძლება გააღვიძოს მეზობლად მდებარე ვულკანი კატლა - ასეთი რამ წარსულში არაერთხელ მომხდარა. თუმცა, ამ მოვლენამ უკვე გააღვიძა საზოგადო ინტერესი ვულკანების მიმართ.
დედამიწაზე დღეისთვის 1500-მდე პოტენციურად აქტიური ვულკანია. ეს ისეთი ვულკანებია, რომელთა მოქმედებაც ისტორიიდან ცნობილია და შეიძლება კვლავ ამოქმედდეს. მათი დიდი ნაწილი მდებარეობს წყნარი ოკეანის კუნძულებზე - ინდონეზიასა და ფილიპინებში. საქართველოში ასეთი ვულკანები არ არის.
ვულკანიდან მომდინარე საფრთხის დონე დამოკიდებულია მის სიახლოვესა და სიდიდეზე. უმრავლესობა საშიში არაა, თუმცა ისტორიას ახსოვს არაერთი კატასტროფა, რომელიც დიდი მსხვერპლით დასრულდა. ამჟამად აქტიური ვულკანების მახლობლად 500 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.
ეიაფიატლაიოკული საშუალო სიმძლავრის ვულკანია. თუმცა, ასეთებსაც და უფრო სუსტებსაც გამოუწვევიათ დიდი მსხვერპლი. 1902 წელს ვულკან პელეს ამოფრქვევამ კარიბის კუნძულებზე 30 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. პელე იმავე სიძლიერის იყო, რაც ეიაფიატლაიოკული. 1985 წელს უფრო სუსტმა ნევადო დელ რუისმა კოლუმბიაში 23 ათასი ადამიანი იმსხვერპლა. ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვულკანი არის ვეზუვი. 79 წელს მისმა ლავამ მთლიანად დაფარა რომაული ქალაქები ჰერკულანუმი და პომპეი და ათასობით ადამიანი ცოცხლად დამარხა.
განსაკუთრებით ძლიერ ვულკანებს - სუპერვულკანებს - დედამიწის კლიმატზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ. ისინი იწვევენ გლობალურ აციებას და საფრთხეს უქმნიან ცოცხალი ორგანიზმების არსებობას. ვულკანური ფერფლი და მტვერი დედამიწის ზედაპირზე რამდენიმე დღეში ან კვირაში ილექება. სამაგიეროდ, გაზები ზოგჯერ წლების განმავლობაშიც რჩება ატმოსფეროში. გაზებიდან წარმოქმნილი ნაწილაკები, აეროზოლები, მზიდან მოსულ გამოსხივებას ირეკლავს და დედამიწის ზედაპირზე არ უშვებს, რაც ტემპერატურის კლებას იწვევს. დაბალი ტემპერატურა შეიძლება რამდენიმე წელი შენარჩუნდეს. აციების მასშტაბები დამოკიდებულია ამოფრქვევის სიძლიერესა და მდებარეობაზე. რაც უფრო ახლოა ვულკანი ეკვატორთან, მით უფრო დიდი შეიძლება იყოს მისი გავლენა.
გლობალური აცივება მოჰყვა 1991 წლის ივნისში ფილიპინებზე პინატუბოს ამოფრქვევას. სიძლიერით ის სუპერვულკანს ოდნავ ჩამოუვარდებოდა. მისი კრატერიდან 20 მილიონი ტონა ფერფლი, მტვერი და გაზი გამოიტყორცნა. გაზის სვეტმა მიაღწია 25 კილომეტრის სიმაღლეს. მეცნიერთა აზრით, ამ მოვლენამ მომდევნო წლებში საშუალო ტემპერატურის ნახევარგრადუსიანი კლება გამოიწვია.
ისტორიაში კლიმატზე ვულკანის გავლენის კიდევ რამდენიმე მაგალითი არსებობს. 1816 წელი ცნობილია, როგორც „წელი ზაფხულის გარეშე”. მაშინ მთელ ევროპაში ზაფხული უჩვეულოდ ცივი გამოდგა, კანადასა და აშშ-ში კი ყინვებიც იყო. ხორბლის მოსავალი თითქმის მთლიანად განადგურდა, დაიხოცა საქონელი, რასაც მოჰყვა შიმშილი. ამ მოვლენებს 1815 წელს ინდონეზიაში სუპერვულკან ტამბორას ამოფრქვევას უკავშირებენ. 1600 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში ვულკან უაინაპუტინას ამოფრქვევას მიაწერენ 1601-03 წლების შიმშილს რუსეთში.
ზოგიერთ სუპერვულკანს მსოფლიო მასშტაბის კატაკლიზმები მიეწერება. არსებობს მოსაზრება, რომ 70 ათასი წლის წინ ინდონეზიური ვულკანის - ტობას ამოფრქვევის გამო დედამიწის მოსახლეობის დიდი ნაწილი დაიღუპა. მთელ პლანეტაზე ათასიდან ათი ათასამდე ადამიანი გადარჩა. სუპერვულკანის ამოფრქვევას უკავშირებენ „დიდ სიკვდილიანობას” - 250 მილიონი წლის წინ მომხდარ უდიდეს კატასტროფას პლანეტის ისტორიაში. მაშინ ცოცხალი ორგანიზმების სახეობების 90% გადაშენდა. ერთ-ერთი ვერსიით, 65 მილიონი წლის წინ დინოზავრების გადაშენების მიზეზიც მსგავსი მოვლენა იყო.
სუპერვულკანის ამოფრქვევა უაღრესად იშვიათი მოვლენაა: მეცნიერთათავის დედამიწის არსებობის 4.5 მილიარდი წლის მანძილზე სულ 25 შემთხვევაა ცნობილი. ისტორიულ წარსულში, ანუ ბოლო 10 ათასი წლის განმავლობაში, ექვსი მათგანი მოხდა. უკანასკნელი უკვე ნახსენები ტამბორას 1815 წლის ამოფრქვევა იყო.
ვულკანები არა მხოლოდ დედამიწაზე არსებობს. მარსზე, რომლის დიამეტრი დედამიწისაზე ორჯერ მცირეა, რამდენიმე ვულკანია ცნობილი. მათ შორის მზის სისტემაში უდიდესი მთა ოლიმპუსია, რომელიც ევერესტზე 3.5 კილომეტრით მაღალია. ვულკანები მრავლადაა ვენერაზე, იუპიტერის, სატურნისა და ნეპტუნის თანამგზავრებზე. იუპიტერის თანამგზავრ იოზე ერთდროულად იმდენი ვულკანი ბობოქრობს, რომ მისი ზედაპირი მდუღარე ფაფას წააგავს.
ეიაფიატლაიოკულის ამოფრქვევას კატასტროფული შედეგები არ მოჰყოლია. მეცნიერების აზრით, მან შესამჩნევი აცივებაც არ უნდა გამოიწვიოს. თუმცა, საზოგადოდ, ვულკანებისა და მიწისძვრების პროგნოზირებას დიდი მნიშვნელობა აქვს მსხვერპლის აცილებისთვის.
 

კომენტარები