რეცეპტი

0 კომენტარი

გადავწყვიტე, რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე ჩემი მოსაზრებები გაგაცნოთ. სანამ უშუალოდ ამ თემებზე გადავიდოდე, ერთ ისტორიას მოგიყვებით: რამდენიმე თვის წინ სოციოლოგიური გამოკვლევების რომელიღაც მიმართულების წარმომადგენელი ქალბატონი მოვიდა ჩემთან სახლში, გამოკითხვა უნდა ჩაგიტაროთო. ჩემდა გასაოცრად, სურვილი გამიჩნდა, მეპასუხა რამდენიმე ათეულ კითხვაზე. ალბათ, დაგროვილი მქონდა პრობლემები და აზრის გაზიარება მომინდა ისეთი ვინმესთვის, ვინც ჩემს ნათქვამს შესაბამის ადრესატამდე მიიტანდა. იქნებ, ვცდებოდი კიდეც, მაგრამ მაინც იმედიანად ვიყავი. კითხვარში ყველაზე საინტერესოდ მომეჩვენა კითხვა: რა არის საქართველოს მთავარი პრობლემა ა) დაკარგული ტერიტორიები; ბ) ჯანმრთელობის დაცვის სისტემა; გ) ნატოში გაწევრიანება; დ) პოლიტიკური სიტუაცია;... მივხვდი, რომ სწორი პასუხი იქნებოდა დაკარგული ტერიტორიები. მაგრამ ჩემი მოქალაქეობრივი და პიროვნული „მე” მკარნახობდა, რომ ჩამოთვლილთაგან არც ერთი არ მიმაჩნდა უპირველეს პრობლემად. კორესპონდენტს ვკითხე, თქვენ როგორ ფიქრობთ–მეთქი? რა თქმა უნდა, ტერიტორიების დაბრუნების საკითხი ყველაზე მთავარი, მტკივნეული და სასწრაფოდ მოსაგვარებელი პრობლემააო. მე კიდევ ვფიქრობ, რომ განათლების საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანი, მტკივნეული, სასწრაფოდ მოსაგვარებელი და უპირველესი პრობლემაა საქართველოსთვის, თანაც ჩამონათვალში საერთოდ არ გაქვთ ნახსნები-მეთქი, ვუპასუხე. გაოცდა. ხანგრძლივი დიალოგის შემდეგ დამეთანხმა, რომ უწიგნური, გაუნათლებელი, უსწავლელი ხალხი არათუ ვერ დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს, არამედ თუ რამ დარჩა დასაკარგი, იმასაც დაკარგავს. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ასეთი ხალხების რიცხვს მივეკუთვნებოდეთ, მაგრამ საქართველოში განათლების სისტემის რეფორმა უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია.
პური მეპურეს უნდა გამოაცხობინოო, ნათქვამია. ამ ოთხ სიტყვაში ძალიან კარგად ჩანს, რომ განათლება, პროფესია, პროფესიონალიზმი პურის ცხობასაც სჭირდება. აბა, ჰკითხეთ 18 წლის თბილისელ გოგონას, როგორ ცხვება პური? გეტყვით – ცომი უნდა მოზილო და გამოაცხოო. უმარტივესია. მაგრამ რომელი ფქვილი, როგორი წყალი, რომელ ღუმელში ან თონეში, რამდენ გრადუსზე, დაბალ თუ მაღალ ცეცხლზე... ისე, არც მე ვიცი პურის გამოცხობა, არასდროს მიცდია. რომ ვცადო, იქნებ გამომივიდეს კიდეც, მაგრამ თუ ვინმე კარგი მასწავლებელი მეყოლება, აუცილებლად კარგ პურს გამოვაცხობ. თუ კარგ პროფესორთან მოვხვდი, თუ კარგი აპარატურა მექნა, იქნებ, ჩემგან კარგი ექიმიც კი დადგეს... რაც შეეხება ექიმებს. ეს ის თემაა, რომელიც, ჩემი აზრით, პირველი უმთავრესი პრობლემის შემდეგ მოდის: ჯანდაცვის სისტემა! არ ვიცი, სწორად მიმაჩნდა თუ ვცდებოდი, მაგრამ მეგონა, რომ ჯანდაცვის რეფორმის შემდეგ ჩვენი მდგომარეობა გამოსწორდებოდა. ვიცი, რომ ერთი ხელის მოსმით ვერავინ გააჩენს ახალ საავადმყოფოებს და ვერავინ გაუშვებს სახლში დიპლომ–პატრონიან უვიც ექიმებს, თუმცა იმის იმედი მაინც მქონდა, რომ ადამიანის ჯანმრთელობასთან შეხება არ ექნებოდათ, მაგრამ ვცდებოდი. კიდევ ერთი ისტორია: ჩემს ნაცნობს მხარი დაუზიანდა. დაზღვეული იყო და მიაკითხა შესაბამის კლინიკას. მძიმე დიაგნოზით, სასწრაფო და გადაუდებელი ოპერაციის (რომელიც ორი ათას ლარამდე ჯდებოდა) დანიშნულებით გამოვიდა იქიდან. კიდევ კარგი, თბილისი პატარა ქალაქია, ყველა ყველას იცნობს და ჩვენს სამეგობროშიც გამოიძებნა ისეთი ექიმი, რომელსაც ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი ეს „მედიკობა” და სრულიად მარტივი ფიქსატორით მოაგვარა ორიათასლარიანი ოპერაციის საკითხი.
თუ ძალიან არ შეგაწყენთ თავს, კიდევ ერთ ისტორიას გავიხსენებ, ასევე ექიმებზე. გრიპი გამირთულდა და რაკი დაზღვეული ვიყავი, მივაკითხე ჩემს ექიმს დაბალი სიცხეების ჩივილებით. ფილტვების ანთებააო. აზიმაკი, ვიტამინები, წოლა, თუ კიდევ უფრო გართულდება, ნემსებს დავიწყებთო. ძალიან არ მინდოდა კიდევ უფრო გართულების ლოდინი, მაგრამ დავემორჩილე ექიმს. გართულდა. იქნებ, რენტგენი გადამიღოთ–მეთქი. რას ამბობთ, ნაღვლის ბუშტი გაქვთ გაღიზიანებული და დასხივება არ შეიძლებაო... სხვა ექიმთან წავედი. კიდევ კარგი, თბილისია და ყველა ყველას იცნობს. ერთი კარგი პულმონოლოგია, არ ვიტყვი, ვინ და სად, ისედაც გეცოდინებათ. სამ დღეში სამსახურში გავედი, გამოჯანმრთელებული.
არაპროფესიონალიზმი ყველგან და ყველაფერშია, რაც სულ არ არის ჩვენი ბრალი. ჩვენ ხომ წლების განმავლობაში თაობებს ვზრდიდით ნაცარქექიას ზღაპარზე. რომ ზარმაცი, მაგრამ მოხერხებული ნაცარქექია დევს ამარცხებს და ბედნიერად ცხოვრობს ისიც და მისი ძმებიც. რაში სჭირდება მას განათლება, როცა ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე ნაცრის ქექვისას ფიქრობს, როცა ერთი სადგისით დევს დაამარცხებს, როცა ქვას წვენს გაადენს... ვცდებოდით, საუბედუროდ. ასე ხომ მხოლოდ ზღაპრებში ხდება და მხოლოდ ჰოლივუდში იღებენ მსგავს ფილმებს. ბედს თუ ბედისწერას ნუ დავაბრალებთ, რომ როკფელერის შვილიშვილები არ ვართ და ამიტომ ვცხოვრობთ ნაქირავებ ბინაში, რადგან საკუთარი ბანკის კრედიტის დასაფარად გავყიდეთ... ჰოო, ეს კიდევ ერთი საინეტრესო თემაა, მაგრამ, მგონი სიტყვა გამიგრძელდა და არ მინდა, შემიმციროთ ნათქვამი, თან ისე, როგორც ამას ჩვენი ტელეჟურნალისტები აკეთებენ... ოჰ, ეს განათლება?! ვის ჰყავს ამდენი ჟურნალისტი, ექიმი, პროფესორი, მსახიობი, მწერალი, ჩვენ რომ გვყავს?! ოღონდ მკითხველი არ გვყავს ამდენი და არც განმკითხველი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები