დემოკრატია და თავისუფლება

ხალხის სახელით
ამა თუ იმ საზოგადოების დემოკრატიულობის ზუსტი საზომი ჯერ არავის დაუდგენია და პოლიტიკურ მეცნიერებაში აზრთა სხვადასხვაობაა იმის შესახებ, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიულ რეჟიმად და რა - არა. ამიტომაც, ხშირად გვესმის სახელმწიფოების მიმართ ისეთი ზედსართავები, როგორიცაა „თავისუფალი”, „ნაწილობრივ თავისუფალი” და „არათავისუფალი”.

ერთნი ფორმულების გამოგონებით არიან დაკავებულნი და ამტკიცებენ, რომ დემოკრატია მაშინ არის ქვეყანაში, თუ არჩევნები რეგულარულად ტარდება და ერთი პოლიტიკური ძალა მეორეს მშვიდობიანად გადასცემს ხელისუფლებას. სხვები კი მიიჩნევენ, რომ ერთხელ გადაცემა საკმარისი არაა და ეს, სულ მცირე, ორჯერ მაინც უნდა მოხდეს.

ყოველ შემთხვევაში, თეორეტიკოსებიცა და პრაქტიკოსებიც თანხმდებიან იმაზე, რომ დემოკრატიის მშენებლობა პროცესია და, საარჩევნო ციკლის ხანგრძლივობას თუ გავითვალისწინებთ, ათი წელი მაინც არის საჭირო სახელმწიფოს დემოკრატიული დაღვინებისათვის.

დემოკრატიულობის შეფასებას ართულებს მასზე ადამიანის უფლებათა საკითხის მიბმაც. შეიძლება კი ქვეყანა დემოკრატიული იყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა უგულებელყოფის ხარჯზე? ჩანს, არ შეიძლება, რადგანაც, მაგალითად, ირანსა და რუსეთში არჩევნებიც რეგულარულად ტარდება და ხელისუფლების გადარჩევაც ხდება, მაგრამ ადამიანის უფლებათა მხრივ ორივეგან სავალალო მდგომარეობაა.

ანდა ავიღოთ ჰამასის გამარჯვება პალესტინის ავტონომიაში. ტერორისტულმა ორგანიზაციამ სრულიად ლეგიტიმურად გაიმარჯვა, მაგრამ ვინ ითავებს იმის მტკიცებას, რომ პალესტინა დემოკრატიაა? განა მნიშვნელობა აქვს იმას, ტირანი გათელავს შენს უფლებას თუ „ხალხის სახელით” მოქმედი „დემოკრატიული” მთავრობა, მაგალითად, როგორც ეს საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდეგ მოხდა?

საკითხი სხვანაირადაც შეიძლება დავსვათ: ხალხის მმართველობაზე დამყარებული ათენი უფრო მიმზიდველი იყო თუ რესპუბლიკური წეს-წყობილების მქონე რომი? ანდა რევოლუციურ და დემოკრატიულ საფრანგეთში უფრო საამური იყო ადამიანის ყოფა თუ იმავე დროის მონარქიულ ინგლისსა ან რესპუბლიკურ წყობილებაზე დაფუძნებულ ამერიკის შეერთებულ შტატებში? ვეჭვობ, ბევრმა ამოირჩიოს ამ ჩამონათვალიდან ათენი და საფრანგეთი. უმრავლესობის (ხალხის, თემის) ბატონობა ინდივიდზე განა ნაკლები უბედურებაა, ვიდრე ინდივიდის (დესპოტის, პატრონისა თუ მონარქის) ძალმომრეობა ხალხზე? მეორე მხრივ კი რა უფრო მნიშვნელოვანია, რისი უფლება გაქვს, თუ რამდენად არ ერევიან შენს ცხოვრებაში და არ გზღუდავენ სახელმწიფოს სახელით?

ან სულ, ან არაფერი
ტოტალიტარულ მოძღვრებებს (მაგალითად, მარქსიზმ-ლენინიზმსა და ფაშიზმს), სულ მცირე, ორი რამ გამოარჩევს ლიბერალური შეხედულებებისაგან. ერთი ის, რომ ჭეშმარიტებაზე დებენ თავს და მეორეც - ისინი „ან სულ, ან არაფრის” კანონით მოქმედებენ. გაცვლა-გამოცვლა, მეტნაკლებობა და სხვა ფარდობითი კატეგორიები მათთვის სრულიად მიუღებელია. სამყაროს ორ ფერში დანახვაც სწორედ ამ აკვიატებიდან გამომდინარეობს.


ამ ზოგადი და თეორიული საუბრიდან საქართველოს სინამდვილეში რომ გადმოვინაცვლოთ, მკითხველს ერთ მოვლენას შევახსენებ ჩვენი უახლესი ისტორიიდან. 2008 წლის არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ პარტიათა ერთმა ნაწილმა პარლამენტის წევრის მოწმობები „საზეიმოდ” დაჭრა და უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე. მათი პრეტენზია ერთ პირობამდე დავიდა: ან უმრავლესობით შესვლა პარლამენტში, ან პარლამენტს მიღმა დარჩენა. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის წევრობაზე უარი სამართლიანობისათვის ბრძოლად გასაღდა, ოპოზიციონერთა ეს საქციელი ტოტალიტარული შეხედულების ტიპური გამოვლინება იყო.

ასეთივე ფუნდამენტურობით გამოირჩეოდა რადიკალთა სამთვიანი გამოსვლები ერთი წლის წინ, როცა ისინი, სისტემის გაუმჯობესების ნაცვლად, სახელმწიფოს ამოყირავებას ცდილობდნენ.

ვისწავლოთ მორიგება და
გარიგება

ახლოვდება მორიგი არჩევნები. რადიკალთა ერთი ნაწილი ზომიერ და სისტემურ პარტიებთან ერთად მონაწილეობს არჩევნებში, მეორე ნაწილი კი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. მარტო პუტინისა და ლავროვისათვის ხელის ჩამორთმევა არ არის საქმე და არც მხოლოდ ის, რომ ედინაია რასიასთან გაფორმებული მეგობრობის ტრაქტატი ქართული დემოკრატიის აყვავებას ნამდვილად არ შეუწყობს ხელს.


მნიშვნელოვანი უფრო სხვა რამეა. ბოლშევიკების მსგავსად, ჩვენი დროის ქართველ რადიკალებსაც აჯანყებაზე უჭირავთ თვალი, თუ მმართველ პოლიტიკურ ძალას „მშვიდობიანი ხერხებით” ვერ ჩამოაცილებენ ხელისუფლებას. აჯანყებას იარაღი და შეიარაღებული ხალხი სჭირდება, რაც ან ქვეყნის შიგნით უნდა მოიპოვო, ან გარეთ, ან ორივეგან. ეს რომ ანტიკონსტიტუციური ქმედება იქნება, ცხადზე უცხადესია, მაგრამ მოდი, უფრო „ადამიანური” კითხვა დავსვათ: გახდება ქართველი ადამიანი უფრო თავისუფალი და ბედნიერი ამგვარი ძალადობის შემდეგ?

საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემას დახვეწა და ლიბერალური რეფორმების გაგრძელება სჭირდება, რაც, თავის მხრივ, ნდობისა და სოციალური კონტრაქტის გარეშე შეუძლებელია. ქართულმა სახელმწიფო სისტემამ თავი ისე უნდა დაიცვას, რომ ადამიანის თავისუფლებაზე ძალმომრეობისაგან მაქსიმალურად შეიკავოს თავი. ეს კი ვერ მოხერხდება „ან სულ, ან არაფრის” პრინციპითა და ტოტალიტარული მსოფლმხედველობის სხვა გამოვლინებებით. მორიგება და გარიგება არა მარტო ეკონომიკური ცნებებია - თავისუფალი საზოგადოების პოლიტიკური აგებულებაც ამავე პრინციპებზეა დამყარებული. 

კომენტარები