რას ვთვლით სანდო ვალუტად?

ამ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის გასაცემად საკმარისია დავაკვირდეთ საქართველოში მცხოვრებლების ქცევას. მათ, ფაქტობრივად, არჩეული აქვთ სანდო ვალუტა: ძვირფასი ნივთების (მაგ. ბინები) ან გრძელვადიანი ხელშეკრულების (მაგ. შენობის გაქირავება) ფასი თითქმის ყოველთვის დოლარში/ევროშია გამოსახული. მათ არ უნდათ ფულის დაკარგვა ლარის კურსის რყევის გამო.

ასევე, მიუხედავად უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთისა ლარზე, სადღეისოდ ფიზიკური პირების გრძელვადიანი დეპოზიტების 90%, იურიდიული პირების კი 93.6% დოლარში ან ევროშია განთავსებული.

ამ უნდობლობის საფუძველი ლარის „გაკუპონების” საფრთხეა. 1994 წელს კუპონის კურსი 400–ზე მეტჯერ დაეცა (ერთი დოლარისათვის 5690 კუპონიდან 2400002 კუპონამდე). ეს კიდევ დიდი ხანი ემახსოვრება საზოგადოებას.

საინტერესოა, დანარჩენი ქვეყნების მოსახლეობას თუ სჯერა ადგილობრივი ვალუტის?

გაეროს წევრი 193 ქვეყნიდან 21–ის ვალუტა არაკონვერტირებადია (სანდოობაზე საუბარიც ზედმეტია). მაგალითად, ავღანეთი, ალბანეთი, ბურუნდი, ეთიოპია, ერაყი, კუბა.

დარჩენილი 172 ქვეყნიდან 59 ოფიციალურად იყენებს ევროს (მათ შორის ევროზონის წევრობის, შეთანხმების ან ცალმხრივად აღიარების საფუძველზე) ან ვალუტა მიბმული აქვს ევროზე. ამ ქვეყნების რიცხვში შედის ევროზონის (ავსტრია, ბელგია და ა.შ.), დასავლეთ აფრიკისა და ცენტრალური აფრიკის მონეტარულ ზონებში შემავალი ქვეყნები, ასევე ანდორა, მონტენეგრო, დანია, ისლანდია, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი.

დარჩენილი 113 ქვეყნიდან 44 ოფიციალურად იყენებს აშშ დოლარს ან ვალუტა მიბმული აქვს დოლარზე. მაგალითად, გვატემალა, ეკვადორი, ელ სალვადორი, კირიბატი, აღმოსავლეთ კარიბის მონეტარული ზონა, ბარბადოსი, ყატარი.

სხვა ვალუტაზე ან ვალუტათა კომპოზიციაზეა მიბმული 5 ქვეყნის ვალუტა. ეს ქვეყნებია: ლესოტო, ნამიბია, სვაზილენდი, ნეპალი და ბელორუსია.

ანუ ქვეყნების თითქმის ¾–ს არ გააჩნია დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკა და იქ ადგილობრივი ვალუტის ნდობის საკითხი არ დგას.
დანარჩენი ქვეყნების დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, დოლარიზებულია ან ვალუტა ახალგაზრდაა იმის შესაფასებლად, რამდენად სანდოა იგი.

თუ ფულის შესანახავად სანდო ვალუტად მივიჩნევთ ვალუტებს, რომლებსაც ახასიათებთ გრძელვადიანი სტაბილურობა, დაბალი ინფლაცია, პოლიტიკური სტაბილურობა, თანმიმდევრული და სტაბილური მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, მაშინ ასეთ ვალუტათა რიცხვს საერთაშორისო ასპარეზზე განეკუთვნება: აშშ დოლარი, ევრო, ფუნტი სტერლინგი, იენი, კანადური დოლარი და შვეიცარიული ფრანკი. მათზე ოდნავ მეტი რისკებით ხასიათდება ნორვეგიული და შვედური კრონები.
ამასთან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, სანდო ვალუტის არჩევანი საქართველოში მცხოვრებთ, ფაქტობრივად, მიღებული აქვთ. შესაბამისად, გარიგებებში ლართან ერთად დოლარის/ევროს გამოყენების ოფიციალურად დაშვება მოხსნის სავალუტო რისკებს და საქართველოს საინვესტიციო გარემოს უფრო მიმზიდველს გახდის. ნებისმიერი საწინააღმდეგო სვლა, კერძოდ, ლარიზაციის ხელოვნური (იძულებითი) ზრდა, მიმართულია საქართველოში მცხოვრებთა ქცევის საწინააღმდეგოდ და შეუძლებელია დადებითი შედეგები მოგვიტანოს. მეორე მხრივ, თუ ეროვნული ბანკი მომდევნო 20-30 წლის განმავლობაში გაატარებს დამოუკიდებელ და ჯანსაღ მონეტარულ პოლიტიკას, ლარისადმი ნდობა აღდგება.

კომენტარები