ნიუ იორკი „ადამიანის მიერ გამოწვეულ” უბედურებას გადაურჩა

ტაიმ-სკვერზე ვერშემდგარ ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ამერიკელმა სამართალდამცველებმა ნიუ იორკის ჯონ კენედის აეროპორტში დუბაისკენ მიმავალ რეისზე აიყვანეს პაკისტანური წარმოშობის აშშ-ს მოქალაქე, 30 წლის ფაისალ შაჰზადი. პოლიციამ ტერორისტის ადგილსამყოფელის შესახებ გაფრენამდე 30 წუთით ადრე შეიტყო.
დაკავებულს ბრალს სდებენ ტაიმ-სკვერზე ფართომასშტაბიანი ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობაში, მასობრივი განადგურების იარაღისა და ავტომანქანაში დამონტაჟებული ჭურვის საშუალებით. შაჰზადმა დანაშაული აღიარა. ეჭვმიტანილს უვადო პატიმრობას მიუსჯიან.
დაკითხვისას ტერორისტმა თქვა, რომ მისი ტერორისტული გადამზადება პაკისტანში, ვაზირისტანის რეგიონში ხდებოდა. შაჰზადი ერთ-ერთი ამერიკული ბიზნესსკოლის კურსდამთავრებულია. იგი, ამერიკელ მეუღლესთან ერთად, კონექტიკუტის შტატში ცხოვრობდა. მისი სახლის ჩხრეკისას დადასტურდა, რომ შაჰზადი პაკისტანიდან ახალი დაბრუნებული იყო და ამ ქვეყანას ბოლო დროს ხშირად სტუმრობდა. გამოძიება ცდილობს დაადგინოს, ჰყავდა თუ არა ეჭვმიტანილს თანამზრახველები, აშშ-ში და მის ფარგლებს გარეთ.
ტერაქტის მცდელობაზე პასუხისმგებლობა მომდევნო დღესვე აიღო თალიბანის პაკისტანურმა დაჯგუფებამ. თუმცა, ამერიკელ სამართალდამცველებს არ გააჩნიათ მტკიცებულებანი არშემდგარ ტერორისტულ აქტთან თალიბანის კავშირის შესახებ.
პაკისტანელი სამართალდამცველების დახმარებით, მოხერხდა შაჰზადის ოჯახის წევრებისა და რამდენიმე საეჭვო პირის დაკავება პაკისტანში. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მათ ვინაობას ჯერჯერობით არ ახმაურებენ.
ბოლო პერიოდში გახშირებული ტერაქტების მიზეზებს პრეზიდენტ ობამას ოპონენტები ტერორიზმთან მის მიდგომაში ხედავენ. ერთი მხრივ, ბუშის ადმინისტრაციისგან გასამიჯნავად, ობამა თითქოს მემარცხენე ფრთის გულის მოგებას ცდილობს, მეორე მხრივ - ისლამურ სამყაროსთან ურთიერთობის განმუხტვას, მათ დაშოშმინებას. მაგალითად, ობამამ უარი თქვა დაკითხვის აგრესიულ მეთოდებზე, რომელსაც ბუშის ადმინისტრაცია იყენებდა დაგეგმილი ტერორისტული აქტების თავიდან ასაცილებლად საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად. ობამას ადმინისტრაციის ოფიციალურ დოკუმენტებში სიტყვა ტერორის გამოყენება აიკრძალა და მის აღსანიშნავად „ადამიანის მიერ გამოწვეული უბედურება” შემოიღეს. ამ ფონზე, სისუსტეში ბრალდების ასაცილებლად, ობამა გახშირებულ ტერორისტულ აქტებს ცალკეული ექსტრემისტების მიერ ჩადენილ, იზოლირებულ ინციდენტებად წარმოაჩენს.



 

კომენტარები