ბრიტანეთი ცვლილებების მოლოდინში

6 მაისს დიდ ბრიტანეთში გამართულ არჩევნებზე ლეიბორისტების 13-წლიანი მმართველობის ერა დასრულდა. 1931 წლის შემდეგ არც ერთ არჩევნებზე მათ ამდენი მანდატი არ დაუკარგავთ.
სასურველ გამარჯვებას ვერც სხვა პარტიებმა მიაღწიეს - პირველ ადგილზე გასულ კონსერვატორებს 650-წევრიან თემთა პალატაში უმრავლესობამდე 21 მანდატი აკლდებათ. საპარლამენტო სკამებში არ მატერიალიზდა არც მესამე მთავარი პარტიის - ლიბერალ დემოკრატების უპრეცედენტოდ მაღალი წინასაარჩევნო რეიტინგები. გაზრდის ნაცვლად მათი საპარლამეტო წარმომადგენლობა 1 მანდატით შემცირდა, რაც ამ არჩევნების ყველაზე დიდი მოულოდნელობა გახდა.
1974 წლის შემდეგ პირველად პარლამენტთა დედად წოდებულ ბრიტანეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არც ერთ პარტიას უმრავლესობა არ ექნება. უმრავლესობაზე 12 ადგილით ნაკლები ექნება ლეიბორისტებისა და ლიბდემების, ანუ პირველ ადგილზე გასული კონსერვატორების გვერდის ავლით შექმნილ დამარცხებულთა კოალიციასაც.
როგორც წესი, არჩევნები მთავრობის მიმართ უკმაყოფილების გამოხატვის შესაძლებლობას იძლევა. ამჯერად ბრიტანელმა ამომრჩევლებმა უნდობლობა მთელ პოლიტიკურ სისტემას გამოუცხადეს. არჩევნების მთავარი თემა აღმოჩნდა არა ერთი იდეოლოგია ან პარტია მეორის, არამედ ხალხი პოლიტიკოსების წინააღმდეგ.
საერთონაციონალური საარჩევნო შემობრუნება, რომლის შესახებაც ასე ბევრს საუბრობდნენ ჟურნალისტები და სოციოლოგები, არ შედგა. ბრიტანული პოლიტიკის პრეზიდენტიალიზაციის მიუხედავად, ადგილობრივ საკითხებს და კანდიდატებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდათ. არაერთგვაროვანი იყო თითოეული პარტიის მხარდაჭერის გეოგრაფიაც - შოტლანდია და ჩრდილოეთ ინგლისი ლეიბორისტების ტრადიციული ბასტიონია, ტორები სამხრეთ აღმოსავლეთში არიან ძლიერები, ხოლო ლიბდემები დასავლეთში ღებულობენ ხმათა უდიდეს ნაწილს.
ბოლო 30 წლის მანძილზე ნისლიანი ალბიონი ყველაზე ღრმა კრიზისმა მოიცვა. ისევე, როგორც ახლა, მაშინაც საარჩევნო ურნასთან ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ წყდებოდა, ვიდრე პარლამენტისა და მთავრობის პოლიტიკური კომპოზიციაა. მარგარეტ თეტჩერის არჩევით მაშინ დიდმა ბრიტანეთმა ხმა მისცა ქვეყნის ფუნდამენტურ განახლებას და ნდობა გამოუცხადა გაბედული ხედვისა და მტკიცე შემართების მქონე ლიდერს.
არჩევნების ამჟამინდელმა შედეგებმა ცხადყო, რომ ბრიტანულ საზოგადოებას სურს რადიკალური ცვლილება, მაგრამ არ არის დარწმუნებული, თუ რა მიმართულებით უნდა შეიცვალოს ქვეყნის პოლიტიკური კურსი. მეორე მხრივ, ასეთი მკაფიო არჩევანი რიგითი მოქალაქეებისათვის არც პოლიტიკურ ლიდერებს შეუთავაზებიათ.
კონსერვატორებმა ხმების 36 % მიიღეს, ლეიბორისტებმა - 29 % და ლიბდემებმა - 23 %. 1979 წელს, თეტჩერის პირველი საარჩევნო ტრიუმფისას, კონსერვატორებისა და ლეიბორისტების მიერ მიღებულ ხმებს შორის სხვაობა იმდენივე იყო, რამდენიც ამ არჩევნებისას - 7 %, მაგრამ იმ დროს ორი მთავარი პარტიის მიერ მიღებულ ხმათა საერთო რაოდენობა 90%-ზე მეტი იყო, როცა ახლა მხოლოდ 62 %-ია.
დღევანდელ ბრიტანულ მმართველ კლასში რკინის ლედის კალიბრის პოლიტიკოსები დეფიციტია. ამჟამინდელ ლიდერებს სულ სხვა როლ მოდელი ჰყავთ - ბარაქ ობამა ან მისი ბრიტანული ეკვივალენტი - ტონი ბლერი. თეტჩერთან ერთად სწორედ ბლერი იყო ის, ვინც შეუქცევადად შეცვალა გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური ლანდშაფტი.



 

კომენტარები