რა სურს ევროპას? ევრომალთუზიანელთა და თურქ ნაციონალისტთა მოჯადოებული წრე სომეხთა გენოციდის ირგვლივ

0 კომენტარი
ფოტო: თურქი ულტრანაციონალისტი საპროტესტო აქციაზე. სტამბოლი

სომეხთა მიერ გენოციდის აღიარებისთვის ბრძოლის პოლიტიკას რესპუბლიკურმა თურქეთმა დაწყებისთანავე მყისიერად დაუპირისპირა „ანტიგენოციდური დიპლომატია”. ერთი შეხედვით, ლოგიკა ამაში ცოტაა: პირველ მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ თავად ოსმალურმა სასამართლომ მიუსაჯა სიკვდილი 1919 წელს იტტიჰადისტთა ლიდერებს და ისინი მასობრივ დანაშაულებში ამხილა; რესპუბლიკის ლიდერი, მუსტაფა ქემალი, მიუხედავად „ახალგაზრდა თურქების” მოძრაობის წევრობისა, მკვეთრად იყო დაპირისპირებული ენვერ ფაშასთან და ა.შ. მაგრამ რესპუბლიკას, რომლის ფუნდამენტიც მაინც თურქული ნაციონალიზმი იყო, პათოლოგიურად ეშინოდა ეთნიკური სეპარატიზმისა და, საბოლოოდ, ქვეყნის გახლეჩისა. ამიტომ, სომეხთა მოთხოვნები, რომლებიც ადვილად შეიძლებოდა სხვა ძლიერ ქვეყნებს თურქეთის წინააღმდეგ გამოეყენებინათ, ჩაითვალა საშიშროებად და მთელი ენერგია გენოციდის ნეგაციას მოხმარდა. თუმცა, ამ პოლიტიკას ძალიან წარმატებულს ვერ დავარქმევთ, რამეთუ გენოციდი 20-ზე მეტმა სახელმწიფომ ცნო, მათ შორის არცთუ უმნიშვნელო ქვეყნებმა (გერმანიამ, იტალიამ, კანადამ, ავსტრალიამ, აშშ-ს 40-მდე შტატმა, რუსეთმა, და, ტრადიციულად, თურქეთის მოკავშირედ მიჩნეულმა შვედეთმა და პოლონეთმაც კი). ზოგიერთი ქვეყანა უფრო შორს წავიდა: საფრანგეთმა, შვეიცარიამ და ბელგიამ არათუ აღიარეს, არამედ კანონით დასჯადი გახადეს გენოციდის საჯარო ნეგაცია. ამ მიდგომამ არა მხოლოდ თურქეთის, ამ ქვეყნებში მომუშავე ისტორიკოსთა აღშფოთებაც გამოიწვია, რადგან მეცნიერებმა, მათ შორის მათაც, ვინც გენოციდის ვერსიას ემხრობა, სახიფათოდ ცნეს პოლიტიკის და სამართლის ე.ი ნორმატიული ცნებების შემოჭრა მეცნიერთა სფეროში.

საინტერესოა, რომ აღიარებათა ახალი ტალღა დაემთხვა თურქეთში სომეხთა გენოციდის საკითხის მიმართ დაწყებულ ცვლილებებს. 2002 წლიდან ხელისუფლებაში სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (ა.ქ.ფ) მოსვლის შემდეგ თითქოს ყინულმა ლღობა დაიწყო. მართალია, ერდოღანის მთავრობა გენოციდს არ ცნობს, მაგრამ აღიარებს ასეულათასობით სომხის დაღუპვას და მას „ტრაგედიას”, „ხოცვა-ჟლეტას” ან „სისხლიან მოვლენებს” უწოდებს, რაც, წინამორბედი პერიოდების ჯიუტ ნეგაციონიზმთან შედარებით, უდავოდ პროგრესია. ერდოღანმა რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ იგი თანახმა იყო უცხოელ, მათ შორის, სომეხ ისტორიკოსებთან ერთად, შექმნილიყო კომისია, რომელსაც შეუშვებდნენ ოსმალურ არქივებში. თუმცა, ბევრი სომეხი ექსპერტი ამ განცხადებას ფარისევლობად მიიჩნევს. აქაც გარკვეული პროგრესია. მეტიც, ამ ბოლო წლებში გახშირდა თურქი ინტელექტუალების, აკადემიური წრეების წარმომადგენლებისა და საჯარო პირების ძალიან თამამი განცხადებები სომეხთა გენოციდის შესახებ. განცხადებებში ანკარისაგან მოითხოვენ 1915 წლის დანაშაულის აღიარებასა და ნეგაციონიზმის შეწყვეტას, და მათ მიმართ ძალიან იშვიათად აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე 301-ე ან 305-ე მუხლის საფუძველზე (ორჰან ფამუკის შემთხვევა უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი). თურქეთის მთავრობა დათანხმდა კიდეც 2005 წლის სექტემბერში სტამბულის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჩატარებულიყო სამდღიანი სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ოსმალეთის სომხები იმპერიის დაკნინების პერიოდში”. ყველასათვის ნათელი იყო, რომ მთელი კონფერენცია სწორედ გენოციდის ირგვლივ დებატებს დაეთმობოდა. სიურპრიზი თურქეთის უმაღლესი სასამართლოდან მოვიდა, რომელმაც კონფერეციის წინა დღეს იგი უკანონოდ გამოაცხადა, თუმცაღა კონფერენცია ოპერატიულად გადაიტანეს ბილგის უნივერსიტეტში, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებაში მოხსენიებულ უნივერსიტეტთა სიაში არ იყო. საინტერესოა ის, რომ უმაღლესი სასამართლო თურქეთში ითვლება ლაიციზმის და ევროპელობის ერთ-ერთ ყველაზე მყარ პლაცდარმად, ხოლო ა.ქ.ფ. მისი კრიტიკოსების მიერ წარმოჩნდება ისლამისტურ და ხალიფატის ნოსტალგიით შეპყრობილ პარტიად.

დასავლეთის ბოლოდროინდელმა აქტიურობამ და წარსულით გატაცებამ საგრძნობლად შეაჩერა ის პოზიტიური დინამიკა, რაც თურქეთში დაისახა სომეხთა გენოციდის ირგვლივ. გარედან ჭკუის სწავლება არავის მოსწონს, მით უმეტეს, როცა ევროპაში, სომეხთა გენოციდისაგან განსხვავებით, არცთუ ძალიან განიცდიან მილიონობით მუსლიმის დაღუპვას და ბალკანეთიდან და კავკასიიდან ოსმალეთში გაძევებას მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში. თურქეთში კვლავ იმძლავრა ნაციონალიზმმა, რაც გამოიხატა კიდეც ჰრანტ დინკის მკვლელობით, დანაშაულთა მატებით რასისტულ ნიადაგზე და ექსტრემისტული პარტიების რეიტინგის ზრდით. ა.ქ.ფ-ს რიტორიკაც ბევრად უფრო ხისტი გახდა დასავლეთის მიმართ, სომეხთა გენოციდის საკითხი კვლავ უკიდურესად აღიზიანებს მთავრობას და საზოგადოების უდიდეს ნაწილს. შემთხვევითი არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ როცა თურქმა ინტელექტუალებმა 2008 წელს დაიწყეს ოზურ დილიიორუმის (ბოდიშის მოხდის) ხელმოწერათა კამპანია, რომელსაც 1000-მდე მეტ-ნაკლებად ცნობილმა ადამიანმა მოაწერა ხელი, ამ იდეის მოწინააღმდეგეებმა რამდენჯერმე უფრო ბევრი ხელმოწერა დადეს ინტერნეტზე. ევროპა კი - დარწმუნებული თავის პედაგოგიურ-დიდაქტიკურ უპირატესობაში - გერმანიის მაგალითით აპელირებს: „ნამდვილი ევროპელი თუ გსურთ იყოთ, მოიქეცით როგორც გერმანია, აღიარეთ გენოციდი და წარსულის დანაშაული”,-მოუწოდებენ ისინი. სიტუაციას ძირეულად ცვლის ის ფაქტი, რომ გერმანიის ევროპელობის იდეა არც ნაცისტებამდე და არც ნაცისტების შემდეგ არავის დაუყენებია კითხვის ქვეშ, რაც არავის ანაღვლებს.

არავინ დავობს იმაზე, რომ თურქეთს ბევრი პრობლემა აქვს ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და კორუფციის აღმოფხვრის დარგში. მაგრამ საკითხავია, რა როლს თამაშობს ამ ყველაფრის გადაწყვეტა-არგადაწყვეტაში თურქეთის მიმართ ევროპის პოლიტიკა, რომელიც ხშირად კარის ცხვირთან მიჯახუნებით გამოიხატება. ჩემი აზრით, ეს პრობლემებს აღრმავებს და ამით, ნებსით თუ უნებლიედ, მავანისა და მავანის მალთუსიანური ინსტიქტები კმაყოფილდება. ევრომალთუსიანელები თავს კარგად გრძნობენ მდიდარ და ზრდილობიან მოხუცთა კლუბში და დროდადრო ბუზღუნებენ იმაზე, რომ შეცდომა დაუშვეს, როდესაც კლუბში ზოგიერთი ახალი წევრი ძალიან ნაჩქარევად მიიღეს.

ყველაფერი ისე მიდის, რომ ვიდრე თურქეთი ევროგაერთიანების წევრი გახდება, კიდევ მრავალი წელი გაივლის. ანკარას ბეჯითად უმეორებენ, რომ იგი არ არის მზად ევროპისთვის, თუმცა, არავინ ეკითხება ევროპას, ის თუ არის მზად თურქეთისათვის. რამდენიმე კვირის წინ ევროპის დიპლომატიის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხავიერ სოლანამ საკმაოდ ნათელი პასუხი გასცა ამ შეკითხვას. ბარსელონაში გამართულ კონფერენციაზე პენსიაში გამავალმა ევროფუნქციონერმა განაცხადა: პრობლემაა თურქეთის დემოგრაფია, წარმოიდგინეთ, თუ თურქეთი ევროპაში გაერთიანდა, რამდენიმე წელიწადში მისი მოსახლეობა გერმანიისას გაუსწრებს და ევროგაერთიანების ყველაზე მრავალრიცხოვანი ერი თურქები იქნებიან. დარბაზს, სადაც ხანშიშესული ევროპელი მამაკაცი მაღალჩინოსნები ჭარბობდნენ, ცივმა ოფლმა დაასხა...

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მუსია ქებურია

კომენტარები