წარმატების ფორმულა

0 კომენტარი

სცენა პირველი
მოქმედების ადგილი სამხრეთული ქალაქი-სახელმწიფო. მთავარ მოედანზე მდგარ ტრიბუნაზე ქალაქის თავი ემზადება სიტყვისთვის. უამრავი ხალხია შეკრებილი რაღაც მნიშვნელოვანის მოლოდინში.

ქალაქის თავი - მოქალაქენო! უზენაესი კომისიის მიერ შედეგების შესწავლის შემდეგ ცხადი გახდა, რომ „წარმატების ფორმულის” საუკუნოვანი დაუღალავი ძებნა თავის გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. საჯარო, გამჭვირვალე და უაღრესად კომპეტენტურმა შესწავლამ გამოავლინა წესები, რომელთა ზედმიწევნით შესრულება იქნება ჩვენი უმშვენიერესი და ამავე დროს მრავალტანჯული სამშობლოს საბოლოო გაბრწყინების საწინდარი!!!

მქუხარე აპლოდისმენტები და აღტაცებული სკანდირება:
- წე-სე-ბი, წე-სე-ბი!!!

ქალაქის თავი მარჯვენა ხელის აწევით ამშვიდებს ხალხს - აღარ ვისარგებლებ თქვენი მოთმინებით. ვბრძანებ: დაევალოს ყველა მოქალაქეს, სავალდებულოდ შეისწავლოს ეს წესები და კანონად მიიღოს. მეტი თვალსაჩინოებისთვის გეძლევათ უბის წიგნაკი-ინსტრუქცია.

წარმატების ფორმულა. ინსტრუქცია.

პარაგრაფი 1
ქვემოთ მოყვანილი ყველა წესი სავალდებულოა ნებისმიერი სრულწლოვანი მოქალაქისთვის, განურჩევლად სქესისა და თანამდებობისა. პრივილეგია არ არსებობს, თვით მისი ბრწყინვალება ქალაქის თავისთვისაც კი. ერთადერთი უკიდურესი შესაძლებლობა ამ წესების დროებით შეჩერებისა არის ქვეყანაში საომარი მოქმედებებისა და ბუნებრივი კატასტროფების (მიწისძვრა, ღვარცოფი, ცუნამი, ქარბუქი, წყალდიდობა, ვულკანი, ნებისმიერი კოსმოსური ობიექტის დაცემა, კალიების შემოსევა, კანაფის მთელი მოსავლის გახმობა) შემთხვევაში.

ჩვენი სრულიად სამშობლოს სულიერი მამის მართებული ჩასწორებით ყველა წესი ეწყობა რიტუალური სიმღერით, რეგით.

წესი 1
რეგი „მოვდივარ!”
მზის ამოსვლისას სახედაბანილი ეგებები დღეს. აღმოსავლეთით, მზის პირველი სხივებისთანავე იმეორებ 5-ჯერ: „მოვდივარ საქმით, გპირდებით საქმეს”, „მოვდივარ საქმით, გპირდებით საქმეს”, „მოვდივარ საქმით, გპირდებით საქმეს”, „მოვდივარ საქმით, გპირდებით საქმეს”, „მოვდივარ საქმით, გპირდებით საქმეს”. ამას ყველაფერს იმეორებ კიდევ 3-ჯერ. სულ 15-ჯერ. მხნედ, შემართებით, თითქოს მატარებელზე ზიხარ. ¾ რიტმულ თვლაში.

წესი 2
რეგი „ეკონომიკა”
რადაც არ უნდა მუშაობდე, სადაც არ უნდა იღვწოდე შენი სამშობლოსთვის, ყველგან უნდა ფიქრობდე ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. მუდმივი ფიქრით ასტიმულირებ შენს მეობას, იდენტობას.
ყოველთვის გახსოვდეს, რომ შენს სამშბლოში: წყალი 10 ტუგრი, დენი 5 ტუგრი, ჰაერი უფასოა. წყალი 10 ტუგრი, დენი 5 ტუგრი, ჰაერი უფასო...

წესი 3

რეგი „თავდაცვა”
მტერი მუხანათია. არ იცი, როდის დაგესხმება თავს, მაგრამ შენ ხომ შეგიძლია მუდმივ მზადყოფნაში იყო? მეტიც, თუ არც მტერს დაუცდი და ახლავე დაიწყებ ბრძოლას, ხომ საერთოდ დაცული იქნები? რიტმი 2/4. მოჭრით, მარჯვედ: „ბრძოლა დღესვე!” „ბრძოლა დღესვე!” „ბრძოლა დღესვე!”

წესი 4
რეგი „პროგრესი”
შენი ქვეყნის პროგრესი ცვლილებაშია, მუდმივ ცვლილებაში. წამითაც არ გაჩერდე, სულ წინ და წინ გასწი. არ დაფიქრდე. მოგეწონა რამე, იმავდროულად შეცვალე. რაც უფრო ხშირად იტყვი „ჩვენ შევცვლით”, მით უკეთესი. ღიმილით, შემართულად, მარჯვენა ხელის ცერი თითის მაღლა აწევით შესძახე: „ჩვენ შევცვლით!” „ჩვენ შევცვლით!” „ჩვენ შევცვლით!”

წესი 5
ღამის რეგი
დღის ბოლოს დაღლილ-დაქანცული ნუ იფიქრებ, რომ დიდი საქმე გააკეთე. გაკეთებული არ ჩანს, მხოლოდ გასაკეთებელია თვალწინ. ქვეყნის აღმშენებლობისთვის მუხლჩაუხრელი შრომის შემდეგ, სასთუმალთან, ჩურჩულით, როგორც ლოცვას, იმეორებ: „მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია”, „მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია”

პარაგრაფი 2
ეს არის სავალდებულო წესები ყველა სრულწლოვანი მოქალაქისთვის. წელიწადში ორჯერ (გაზაფხული - შემოდგომა) ერთთვიანი ხანგრძლივობით უნდა შესრულდეს. ამის შემდეგ ჩვენი მრავალტანჯული ქვეყანა გაბრწყინდება!

სცენა მეორე
ქალაქის თავმა სიტყვა დაასრულა. დამანგრეველი აპლოდისმენტები და შეძახილები. გახარებული ხალხის მასა ერთხმად სკანდირებს: „მოვდივართ საქმით, გპირდებით საქმეს!” მოედანი იცლება. ყველა თავის სამუშაო ადგილს უბრუნდება. ყოველ მოქალაქეს, როგორც გზამკვლევი, „წარმატების ფორმულა” უდევს ჯიბეში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები