პარლამენტი, მეივეზერი და ნაცემი ბიზნესმენი

0 კომენტარი

ბოლო ათწლეულის ერთ-ერთმა უდიდესმა მოკრივემ, ფილიპინელმა მენი პაკიაომ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ფილიპინების კონგრესის წევრი გახდა. ის წარმოადგენს პარტიას „სახალხო მოძრაობა” და თავის უშუალო კონკურენტზე, მილიონერ როი ჩონგბიანზე ორჯერ მეტი ხმა მიიღო. 
პარალელურად განახლდა მოლაპარაკება ფლოიდ მეივეზერის პრომოუტერ ლეონარდ ელერბესთან. პაკიაოს მხარე მენის უკანასკნელი ორთაბრძოლისთვის მეივეზერს იდეალურ კანდიდატურად განიხილავს, თუმცა მთავარი პრობლემა საპრიზო ფონდის გადანაწილებას ეხება. სპონსორები მზად არიან, ფლოიდის და მენის ჩხუბში 45 მილიონი დოლარი გადაიხადონ, პაკიაოს მხარე კი, სულ ცოტა, ამ თანხის ნახევარს ითხოვს. მანამდე დალას მავერიქსის მფლობელმა მარკ კიუბანმა პაკიაოს და მეივეზერს შესთავაზა, ბრძოლა ანაჰაიმის დისნეილენდში ჩაეტარებინათ, მაგრამ წინადადება მხოლოდ მეივეზერის მხარემ მოიწონა.
გარდა ამისა, პაკიაოს პრომოუტერი ბობ არუმი მოლაპარაკებას აწარმოებს შეინ მოსლის მხარესთანაც. ცოტა ხნის წინ მოსლი მეივეზერთან დამარცხდა და კიდევ ერთი სარეიტინგო ბრძოლის ჩატარება სურს.
„უკვე მივაღწიეთ მოლაპარაკებას Dallas Cowboys-ის სტადიონის მფლობელებთან. თარიღი - 13 ნოემბერი, რომელიც ჩვენთვის ოპტიმალურია, მათთვისაც მისაღებია. მენი კიდევ ერთ, უკანასკნელ ბრძოლას ჩაატარებს და შემდეგ მთლიანად პოლიტიკურ კარიერაზე გადაერთვება” - ამბობს არუმი.
პაკიაოს ცხოვრებაში კიდევ ორი სიახლეა. ევანდერ ჰოლიფილდთან ერთად ის ვენეციაში მოყვარულ მოკრივეთა კლუბს გახსნის და პრეზენტაციაზე ჯორჯ ფორმენს, ლენოქს ლუისს და ვიტალი კლიჩკოს თითო რაუნდს აჩხუბებს ერთმანეთში. პაკიაო და ჰოლიფილდი იტალიაში ყოველწლიურად თითო საჩვენებელ ბრძოლას ჩაატარებენ ასევე ტიტულოვან სპარინგ-პარტნიორებთან.
და ბოლოს, არჩევნების მოგებიდან მეორე დღეს ფილიპინების ერთ-ერთ ღამის კლუბში მენიმ ამერიკელი ბიზნესმენი, 45 წლის ჯერემი დოუსონი გალახა. დოუსონის მხარე კომპენსაციის სახით 2 მილიონ დოლარს ითხოვს ან საქმეს სასამართლოში გაარჩევენ. მომხდართან დაკავშირებით მენიმ აღნიშნა, ისეთი გახარებული ვიყავი, ემოციებს ვერ ვაკონტროლებდი, თუმცა იმედი მაქვს, ყველაფერი მშვიდად მოგვარდებაო.
 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თამუნა აქსანდერი

კომენტარები