მსოფლიოს 70 უმდიდრესი დედა

0 კომენტარი

Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი დედების რეიტინგი გამოაქვეყნა. 70 დედიდან მხოლოდ რვამ შეძლო საკუთარი ქონების დამოუკიდებლად დაგროვება. დანარჩენ 62 დედას ქონება მემკვიდრეობით ერგო.
რეიტინგის სამეულს სწორედ მემკვიდრეობით გამდიდრებული დედები ხსნიან. პირველ ადგილზეა 55 წლის ქრისტი ვოლტონი, ერთი შვილის დედა, რომელიც მილიარდერი 2005 წელს გახდა, მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე - Wal Mart-ის დამფუძნებლის, სემ ვოლტონის შვილი - გარდაიცვალა. მეორე ადგილზეა 87 წლის ლილიან ბეტანკური, ერთი შვილის დედა, რომელსაც მემკვიდრეობით ერგო მამის, კოსმეტიკური გიგანტის L’Oreal-ის დამფუძნებლის ქონება. მესამე ადგილზეა 86 წლის ბირგით როსინგი, სამი შვილის დედა, რომელიც მილიარდერი 2000 წელს გახდა, მეუღლის - შვედური კომპანია Tetra Laval-ის დამფუძნებლის - გარდაცვალების შემდეგ.
რეიტინგის ხუთეულში შედის აზიის უმდიდრესი ქალბატონი - სავიტრი ჯინდალიც, რომელიც ფოლადისა და ელექტროენერგიის კონგლომერატის - OP Jindal Group-ის - დამფუძნებლის ქვრივია და, ამასთან, ყველაზე მრავალშვილიანი - 9 შვილის მილიარდერი დედაა. ჯინდალმა ინვესტიცია საქართველოშიც განახორციელა: იგი რუსთავში არმატურის საამქროს მფლობელია.
რვა ქალბატონს შორის, რომლებმაც ქონება დამოუკიდებლად დააგროვეს, ყველაზე მეტი კაპიტალის მფლობელია 53 წლის მარგარეტ ვიტმანი, იგივე მეგი, რომელმაც მილიარდ დოლარზე მეტის დაგროვება ონლაინ აუქციონის - eBay.Inc-ის - მთავარ აღმასრულებლად მუშაობისას შეძლო.
ამავე სიაში მოხვდნენ ესპანური ტანსაცმლის ფირმა Zara-ს მფლობელი როსალია მერა; ტანსაცმლის გიგანტის, The Gap-ის, მფლობელი დორის ფიშერი; იტალიური ფირმა Benetton-ის მფლობელი, გილიანა ბენეტონი; მოსკოვის მერის მეუღლე ელენე ბატურინა და ჩინელი ჯანგ სინგი, რომელმაც მსხვილი სამშენებლო კომპანია ჩამოაყალიბა. საკუთარი ნიჭის წყალობით გამდიდრდა ინგლისელი მწერალი ჯოან როულინგიც, რომელმაც დაწერა წიგნების სერია ჰარი პოტერის შესახებ.
Forbes.com დაასკვნის, რომ მილიარდობით დოლარის დასაგროვებლად ქალისთვის შვილის ყოლა ბარიერი არ არის.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები