ფირებში გაცოცხლებულ ისტორიას მტვერი ჭამს

0 კომენტარი

აკაკი წერეთელი, კნუტ ჰამსუნი, ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი, გალაკტიონ ტაბიძე, ივანე ჯავახიშვილი, ვანო სარაჯიშვილი და კიდევ მრავალი - სახეები, რომლებმაც მე-20 საუკუნეს კვალი დაატყვეს: ეს არ არის პრეზენტაცია წიგნისა სერიიდან „დიდი ადამიანები”. ეს არის პიროვნებათა ნუსხა, რომელთა ხმები და ფირზე გადატანილი ჩანაწერები საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივშია დაცული; შეუცვლელი მასალა, რომელსაც დრო ფასს მატებს. თუმცა, არასათანადო ყურადღების გამო, იგივე დრო მის პირველ მტრად იქცა.
ამიერკავკასიის ქვეყნებიდან პირველად საქართველოში დაიწყო მაუწყებლობა: რადიო 1925 წელს, სატელევიზიო კი - 1956 წელს. მასალების დაარქივებას 1947 წლიდან შეუდგნენ. დღეს რადიოს ფონდში დაცული მასალების ქრონომეტრაჟი 30 000 საათია, ფილმოთეკაში - 1600 საათი და ვიდეოთეკაში - 4000 საათი. ზედმეტია თქმა, რომ ფონდებში დაცული უნიკალური ჩანაწერები არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ ისტორიული, საგანმანათლებლო და ზოგადად კულტურული მნიშვნელობითაც ფასდაუდებელია.
90-იანი წლების განუკითხაობამ არქივს მძიმე კვალი დააჩნია. განიავდა და უკანონოდ გასხვისდა უნიკალური მემკვიდრეობის დიდი ნაწილი. საცავები განადგურების პირას მივიდა. ამორტიზებულ შენობებში ხშირად ისევე წვიმდა, როგორც გარეთ - ზედმეტია საუბარი ტემპერატურული და ტენიანობის რეჟიმების დაცვაზე.
2005 წლიდან, როგორც იქნა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მასალების ხელახლა შესწავლისთვის მოიცალა. აღმოჩნდა, რომ უბრალოდ აღარავინ იცოდა, რას წარმოადგენდა ესა თუ ის ჩანაწერი. მათ უდიდეს ნაწილს აღარ ჰქონდა მითითებული დასახელება, ქრონომეტრაჟი და სხვა მონაცემები. აუცილებელი გახდა მათი ხელახლა მოწესრიგება. თავი იჩინა საავტორო უფლებების დარღვევის პრობლემამაც. არქივიდან უკანონოდ გასულ მასალას წლების მანძილზე სხვადასხვა კერძო ტელევიზიები უნებართვოდ იყენებდნენ.
იმის გამო, რომ მასალები მოძველებულ მატარებლებზე იყო ჩაწერილი, წარმოიშვა მათი ციფრულ მატარებლებზე გადატანის აუცილებლობა. უცხოური დაფინანსებით შეიქმნა პროექტი, რომელიც სპეციალური ტექნიკის შესყიდვას ითვალისწინებდა. რადიოფონდში გადაწერა დღესაც მიმდინარეობს. რაც შეეხება ფილმოთეკას, აქ საქმე გაცილებით რთულადაა: საჭიროა სპეცტექნიკა, რომელიც დღეს აღარ იწარმოება, ხოლო თუ სადმე შემორჩა - ძვირად ფასობს. არქივის შენობა კვლავაც ავარიულია. წვიმების დროს შენობაში წყალმა შეაღწია და დროული ჩარევა რომ არა, ფირები განადგურდებოდა.
პრობლემად რჩება დაფინანსების საკითხიც. უცხოური დახმარება ტექნიკის შესყიდვაზე იყო გათვლილი, გადაწერის პროცესი კი თავად მაუწყებელმა უნდა დააფინანსოს. თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებელი რესურსების ნაკლებობას უჩივის და მუშაობის რიტმიც, შესაბამისად, ნელია. 25-მილიონიანი ბიუჯეტის გააზრებული ხარჯვის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არქივის გადასარჩენად მეტის გაკეთება შეიძლება. მაგრამ, როგორც ჩანს, არქივი სულაც არაა მაუწყებლის პრიორიტეტთა სიაში. გადარჩენის პროცესი იწელება და იმედია, ერთ დღეს მოულოდნელად არ აღმოვაჩენთ, რომ დამტვერილი არქივი თავადაც მტვრად ქცეულა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები