სახიფათო პარალელი

0 კომენტარი

ფრანგ პოლიტიკოსსა და ფილოსოფოსს, ჟოზეფ დე მესტრს (1753-1821), ჩვეულებრივ, ძალიან უცნაური ეპითეტით მოიხსენიებენ — ცეცხლოვანი რეაქციონერი. ეს სახელი მას 1924 წელს შეარქვა რუსმა მოაზროვნემ ნიკოლაი ბერდიაევმა. მაშინ, ბოლშევიკური გადატრიალებიდან შვიდი წლის შემდეგ, რუსეთშიც მიხვდნენ, რომ სოციალური რევოლუციის წინააღმდეგ ამხედრებულებსაც მოეკითხებათ ჭკუა...

ჟოზეფ დე მესტრს, რა თქმა უნდა, საფრანგეთის დიდი რევოლუცია სძულდა და სატანურ მოვლენად მიიჩნევდა მას. ამის გამო მშობლიური საფრანგეთიდან გააძევეს და 1803 წლიდან მას პეტერბურგში ვხედავთ, იმპერატორ ალექსანდრე I-ის კარზე, სარდინიის მეფის ელჩად. 1819 წელს დე მესტრმა გამოაქვეყნა წიგნი „პაპის შესახებ”, რომელიც რომის კათოლიკურ ეკლესიაში ძალაუფლების განაწილებას მიუძღვნა. წიგნში დიდი ადგილი დაეთმო ეკლესიის წვლილს ევროპის ისტორიაში და მის სამომავლო მნიშვნელობას.

ძალიან ნიშანდობლივია ერთი ციტატა: „როცა ვფიქრობ, მაგალითად, ანტიკური რომის რესპუბლიკაზე, რომელმაც ხუთასი წელი გაძლო, ვიცი, რას უნდა ნიშნავდეს გამოთქმები: „რომაული რესპუბლიკის პირველი წლები” ან „ახალგაზრდობა”; თუ ლაპარაკია ადამიანზე, რომელიც, ჩვეულებრივ, ოთხმოციოდე წელიწადს ცოცხლობს, მეც ამ ხანგრძლიობას ვითვალისწინებ; ისიც ვიცი, ადამიანი ათას წელიწადს რომ ცოცხლობდეს, ორასი წლის ასაკში ყმაწვილი იქნებოდა. დღეს ბევრს ლაპარაკობენ ქრისტიანობის პირველ საუკუნეებზე: მართალი გითხრათ, არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ საუკუნეებმა უკვე ჩაიარა”.

რაც არ უნდა მახვილგონივრული იყოს ეს შენიშვნა, ამჯერად ჩვენთვის დე მესტრის წიგნი სულ სხვა მიზეზით არის საინტერესო: ავტორმა ევროპის შემადგენლობიდან გამორიცხა რუსეთი. რატომ? — იქ ცხოვრების მრავალწლიანმა გამოცდილებამ უკარნახა, რომ არსებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ვითარების გამო რუსეთის ერთადერთი შესაძლებელი მომავალი იყო მონობასა და რევოლუციას შორის არჩევანი. ასეთ ქვეყნებს კი, დე მესტრის აზრით, ევროპულ ოჯახში არ შეესვლებოდათ.

დე მესტრის წინასწარმეტყველება ორმაგად ახდა: რუსეთმა რევოლუციაც იგემა და არც მონობა შეწყვეტილა. სხვა ტექსტში, რომელსაც „რუსეთის შესახებ ოთხი გამოუქვეყნებელი თავი” ჰქვია, ვკითხულობთ: „მონობა რუსეთში იმიტომ არსებობს, რომ აუცილებელია და იმიტომაც, რომ იმპერატორს არ შეუძლია მონობის გარეშე მართვა”. რა გვიხსნის მონობისგან? აქაც ცხადად გვეუბნება დე მესტრი: „თავისუფლების მიღება ადამიანს მხოლოდ იმ ზომით შეუძლია, რა ზომითაც მას ქრისტიანული რელიგია მართავს”. აზრი, რა თქმა უნდა, საკამათოა, ალბათ მცდარიც, მაგრამ ახლა სულ სხვა რამ არის მნიშვნელოვანი: რატომ არ მიიჩნევს ავტორი, რომ რუსული საზოგადოება ქრისტიანულია?

დე მესტრი წერს: „გლეხი სიცოცხლეს გაწირავს, ოღონდ მარხვაში სახსნილო არ შეჭამოს, მაგრამ როცა საქმე ეხება ვნებიანი იმპულსის შეკავებას, მას ვერ ვენდობით”. ოდნავ ქვემოთაც: „გათავისუფლებულნი... მაშინვე გადავლენ ცრურწმენიდან ათეიზმზე, უმოქმედო მორჩილებიდან შეუკავებელ მოქმედებაზე... მოხდება ისე, რომ ასეთი საყოველთაო განწყობისას გამოჩნდება საუნივერსიტეტო განათლების მქონე ახალი პუგაჩოვი (მათი წარმოება უკვე აწყობილია)... და მაშინ სახელმწიფო დაემხობა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით”.

ერთი საუკუნით ადრე გამოთქმული ეს წინასწარმეტყველებაც ზუსტად ახდა.

მაგრამ რა იყო დე მესტრის აზრით ასეთი პერსპექტივის ძირითადი საფუძველი? სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ რუსული ცარიზმი გულმოდგინედ ახშობდა თავისუფალ აზრს. ნაწილობრივ ეს მართალია: არ უყვარდა ხელისუფლებას ზოგიერთი მწერალი და პოეტი. თუმცა მწერლებსა და პოეტებს, თუ რეალობის გრძნობას საბოლოოდ არ დაკარგავდნენ, ეს არ უშლიდა ხელს პირადი კეთილდღეობის მოპოვებაში. დე მესტრი სხვა მხარეს მიუთითებს ჩვეული სიცხადით: „კანონი ყველაზე სუსტი ადგილია ამხელა იმპერიაში: სასამართლოს მეტი ვალდებულება აქვს, ვიდრე ძალა. სასამართლო საზოგადოებრივ აზრს უჩივის, საზოგადოებრივი აზრი, თავის მხრივ, სასამართლოს არ სწყალობს. სწორედ ეს მდგომარეობაა, რაც ეგზომ აკვირვებს უცხოელებს”.

ერთი მხრივ მდგომარეობა პარადოქსულია: ტირანულ რუსეთში სასამართლო საზოგადოებრივი აზრის მძევალი ყოფილა. მაგრამ ეს პარადოქსი დღესაც საკმაოდ ხშირია: არ მოგისმენიათ, როგორ კიცხავენ სასამართლოს ერაყელი დიქტატორის, სადამ ჰუსეინისთვის გამოტანილი სასტიკი განაჩენის გამო? დავსვათ შეკითხვა: რა ჯობია, თუნდაც მკაცრი, მაგრამ აღსრულებული მართლმსაჯულება, თუ სასამართლოს სრული არაეფექტურობა, რომლის გამო ისტორიული შეფასება მარტოოდენ აკადემიურ თვალსაზრისად რჩება? — გავიხსენოთ, როგორ სამარადისოდ „გაექცა” უსაშველოდ გაწელილ ევროპულ მართლმსაჯულებას ბელგრადელი დიქტატორი მილოშევიჩი...

სასამართლო შეიძლება იყოს ხელისუფლების მორჩილი. ამის გამოსწორება ძნელია, მაგრამ შესაძლებელი. მაგრამ როცა სასამართლო საზოგადოებრივი აზრის მძევალია, როცა საზოგადოებაში არ არსებობს მისი გადაწყვეტილებების მიმართ პატივისცემა, ამის გამოსწორება, ჩვეულებრივ, ვერ ხერხდება. სამართლის მიღწევა დიდი და ხანგრძლივი პროცესია — სკამებზე ახტომითა და გინებით მხოლოდ შორდები სანუკვარ მიზანს, უფრო სწორად, ამტკიცებ, რომ ეს მიზანი არ გაინტერესებს...

ერთი რამ სახიფათოდ გვამსგავსებს რუსეთს: აქაც პოეტების, მწერლების, მსახიობებისა და დამარცხებული პოლიტიკოსების ხმა კანონობს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები