გზაგასაყარზე

0 კომენტარი
ფოტო: ახლადარჩეული პრემიერი დევიდ კამერონი
1945 წლის შემდეგ პირველად ბრიტანეთს კოალიციური მთავრობა უხელმძღვანელებს და ლიბერალ-დემოკრატები დიდ პოლიტიკაში დაბრუნდებიან. კოალიციურ პარტნიორებს შორის იდეოლოგიურ განსხვავებათა მიუხედავად, ტორები და ლიბდემები უკვე შეთანხმდნენ 5-წლიან კოალიციაზე, რომელიც შემდეგ პრინციპებს დაეფუძნება:
• წელსვე შემცირდება სამთავრობო ხარჯები 6 მილიარდი გირვანქით, ახალი ბიუჯეტის პროექტი კი 50 დღეში გახდება ცნობილი;
• ლეიბორისტების მიერ დაგეგმილი ეროვნული დაზღვევის გადასახადის გაზრდა გაუქმდება;
• ყველა კანონპროექტზე, რომელიც შეეხება ძალაუფლების გარკვეული ნაწილის გადაცემას ევროკავშირის ინსტიტუტებისათვის, გაიმართება რეფერენდუმი; 
• ლიბდემები აღარ მოითხოვენ ევროზონასთან შეერთებას პარლამენტის მომავალ არჩევნებამდე;
• ლიბდემები აღარ შეეწინააღმდეგებიან ტრაიდენტის ბირთვული შეიარაღების განახლების პროგრამას, მაგრამ ხარჯები მკაცრად გაკონტროლდება.
კონსერვატორების მიერ ლიბდემების კოალიციაში მოწვევამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს ბრიტანეთის პოლიტიკური ლანდშაფტი. მაშინ, როცა ტორების მხარდაჭერა 40%-საც კი ვერ აღწევს, გაერთიანებული მემარცხენე პროგრესისტული ბლოკის ჩამოყალიბება კონსერვატორთა შემდგომი მარგინალიზაციის საფრთხეს შეიცავს. 
 
2 წამყვანი პარტიისადმი წარმოშობილ ნდობის ვაკუუმში, ერთი საუკუნიანი ტაიმ-აუტის შემდეგ, ლიბდემებს დიდ პოლიტიკაში დაბრუნების შანსი მიეცათ, მაგრამ საბოლოო ჯამში ლიბდემების ცაში ატყორცნილი რეიტინგი ეფემერული აღმოჩნდა.
 
თუკი გერმანელი თავისუფალი დემოკრატები ლიბერალიზმის ორივე - სოციალურ და ეკონომიკურ - ვერსიას აღიარებენ და ადამიანის უფლებების დაცვას თავისუფალი ბაზრის რწმენას უხამებენ, ბრიტანელ ლიბდემებს რადიკალურ ცენტრამდე ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვთ გასავლელი. ოდესღაც დიდი ლიბერალური პარტიისა და სოციალ-დემოკრატების გაერთიანების საფუძველზე ჩამოყალიბებულ მესამე მთავარ პარტიას ჯერაც ვერ გაურკვევია პოლიტიკურ სპექტრში მათი ადგილი ლეიბორისტების მარჯვნივაა თუ მარცხნივ.
 
თავად ქლეგი ლიბერალური (და არა სოციალ-დემოკრატიული) ფრთის წარმომადგენელია, მაგრამ მთლიანობაში მის პარტიაზე ძნელია იმის თქმა, რომ მან მემარცხენეობის ახალგაზრდული სენისაგან ბოლომდე განკურნება შეძლო. 
 
სხვა საკითხებში მხარდაჭერის სანაცვლოდ ლიბდემები საარჩევნო რეფორმას და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვდნენ. არსებული მაჟორიტარული სისტემის მთავარ უპირატესობად მისი მომხრეები მიიჩნევდნენ მკაფიო მანდატის მქონე სტაბილური საპარლამენტო უმრავლესობის წარმოშობის უნარს. თუმცა, ამ არჩევნებზე ასე არ მოხდა და მაჟორიტარული სისტემის მთავარ დამცველებს - კონსერვატორებს - ნაკლები საფუძველი აქვთ არსებული სისტემით კმაყოფილნი იყვნენ. 
 
არჩევნების შედეგად - სადაც მათი მხარდაჭერა, გაზრდის ნაცვლად, უფრო შემცირდა - ლიბდემებს ნაკლებად შესწევთ ძალა თანამშრომლობის პირობები უკარნახონ შესაძლო კოალიციურ პარტნიორებს. ამრიგად, მიიღეს კომპრომისული გადაწყვეტილება  - კონსერვატორები თმობენ მათ ფავორიტ მაჟორიტარულ სისტემას, ხოლო ლიბდემები - პროპორციულ სისტემას, ალტერნატიული სისტემის სასარგებლოდ, რომლის შემოღებაზეც  რეფერენდუმი გაიმართება.
კოალიციის შედეგად ტორები და ლიბდემები იძულებულნი ხდებიან მარჯვნიდან და მარცხნიდან უფრო ცენტრისკენ გადაიხარონ. ეს კი, თავის მხრივ, ლეიბორისტებს უფრო მარცხნივ უბიძგებს და ზომიერი ამომრჩევლის მხარდაჭერას ბევრად გაურთულებს. 
30 წლის წინ ატლანტიკის ორივე ნაპირზე, კონსერვატიული რევოლუციონერების - მარგარეტ თეტჩერისა და რონალდ რეიგანის - არჩევის შემდეგ, საერთო ენით გაყოფილ ორ ქვეყნაში ბევრი რამ შეიცვალა. ერთ დროს უახლოეს მოკავშირეებში თუკი ვინმე განასახიერებდა ანგლო-საქსონური დემოკრატიების პოლიტიკურ ერთობას, ეს პირველ რიგში, მემარჯვენე პარტიები იყვნენ. 
 
ახლა მათი გზებიც გაიყარა. მაშინ, როცა ბოლო წლების განმავლობაში ამერიკელი რესპუბლიკელები სულ უფრო მარჯვნივ იხრებიან, მათმა ბრიტანელმა იდეოლოგიურმა ნათესავებმა ცენტრისკენ შემობრუნებით სცადეს საარჩევნო შანსების გაუმჯობესება.
 
რეიგანი-თეტჩერის შემდეგ ორივეგან ნაკლებად იდეოლოგიური, უსახური ლიდერები, რომლებმაც მხოლოდ ერთხელ შეძლეს არჩევნების მოგება. ამერიკის უახლეს ისტორიაში ცენტრისტი რესპუბლიკელი - ბუში 41, დოული, მაკეინი - არჩევნებს აგებენ. გამარჯვება მხოლოდ მტკიცე კონსერვატორებს შეუძლიათ - რეიგანი, ბუში 43. ბრიტანეთში ჩათვალეს რომ პირიქით იქნება.  სცადეს და მხოლოდ სანახევროდ გამოუვიდათ.
მიუხედავად იმისა, რომ იდეოლოგიურად ბრაუნი უფრო ახლოა, ქამერონი და ქლეგი საკუთარ თავს ბრიტანელ ობამად წარმოაჩენენ. ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებენ ბრიტანეთის ახალი ლიდერები ამერიკის პრეზიდენტთან ისეთივე თანამშრომლობას, როგორიც რეიგანისა და თეტჩერის შემთხვევაში იყო. ერთი რამ ცხადია, მათ მძიმე მემკვიდრეობა ერგოთ წილად - ობამასა და ბრაუნის მმართველობისას ამერიკა-ბრიტანეთის ურთიერთობები 1956 წელს, სუეცის კრიზისის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონეზე დაეშვა. 
 
ურთიერთობათა გაუარესებას ბევრი მიზეზი ჰქონდა, დაწყებული პიროვნული ფაქტორებიდან  - ამერიკისა და ბრიტანეთის ლიდერები, უბრალოდ, ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს - დასრულებული შეერთებული შტატების ადმინისტრაციის იზოლაციონისტური პოლიტიკით, რომელიც შიგნით სოციალიზმს აშენებს და საგარეო საქმეებისათვის დიდად ვერ იცლის. 
 
ბრიტანეთის მიმართ ობამას, ძირითადად, ინდიფერენტულმა, ზოგჯერ კი აშკარად არამეგობრულმა დამოკიდებულებამ თავისი შედეგები უკვე გამოიღო ატლანტიკის მეორე მხარეს - გაიზარდა იმ პოლიტიკური ძალების წონა, რომლებიც ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკის ამერიკიდან ევროპაზე გადაორიენტირებას უჭერენ მხარს. ევროფილი ლიბდემები სწორედ ამ ბანაკს წარმოადგენენ. საპარლამენტო უმრავლესობის უქონლობის პირობებში შესაძლო კოალიციური პარტნიორების ასეთი განწყობილებები კონსერვატორებისთვის დამატებითი თავსატეხი იქნება ამერიკასთან ურთიერთობათა გაუმჯობესების გზაზე. 
 
პესიმისტები ამერიკა-ბრიტანეთის განსაკუთრებული ურთიერთობების დასასრულზე ალაპარაკდნენ. თუკი ბოლო დრომდე ევროპა შეერთებულ შტატებში ლამის სალანძღავი მნიშვნელობით გამოიყენებოდა, დღეს ობამა ამერიკის გამალებული ევროპეიზაციით არის დაკავებული. წარსულს ჩაბარდა დრო, როცა ამერიკას ძველ კონტინეტთან ურთიერთობაში ერთგვარი შუამავალი სჭირდებოდა და ბრიტანელი პრემიერი ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ევროპაში ამერიკის ელჩის როლს ასრულებდა. 
 
მეორე მხრივ, ვაშინგტონის ყურადღებამ სხვა მიმართულებით - ისლამური სამყაროსა და წყნარი ოკეანის რეგიონისკენ გადაინაცვლა. საგარეო პრიორიტეტები იქაა, სადაც პრობლემებია. ევროპა ამ პრობლემების მოგვარებაში ამერიკას ვერაფრით ეხმარება.
ამერიკასთან ურთიერთობებში ამდენი გაურკვევლობის ფონზე, ნებისმიერი სხვა ქვეყნისა და პარტიის შემთხვევაში, ალტერნატივების ძიება ბუნებრივი და ლოგიკური გამოსავალი იქნებოდა, მაგრამ არა ბრიტანეთისა და არა ტორების შემთხვევაში და არა ახლა. თავის დროზე ბრიტანეთი ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობაში საკმაოდ გვიან შევიდა. არც ევროკონსტიტუციის რატიფიკაციას ჩაუვლია იოლად. 
 
ევროსკეპტიციზმი გაერთიანებული სამეფოს ლამის მეორე სახელმწიფო რელიგიაა და კონსერვატორები ამ რელიგიის ყველაზე თავგამოდებული მიმდევრები არიან. იმდენად დიდია ძველი კონტინენტის მიმართ ტორების იდიოსინკრაზია, რომ ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მემარჯვენეების საერთო ფრაქციაში ყოფნა მათთვის გაუსაძლისი აღმოჩნდა და შარშან ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმატორთა ფრაქცია ჩამოაყალიბეს - აღმოსავლეთ ევროპელ თანამოაზრეებთან ერთად. 
 
ევროკავშირის ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა, რომლის თვალსაჩინო ილუსტრაცია საბერძნეთის კრიზისია, ბრიტანელ ევროსკეპტიკოსებს საკუთარი პოზიციების მართებულობაში მხოლოდ რწმენას ჰმატებს. როგორც, ერთ დროს ამბობდნენ, სრუტე ნისლმა მოიცვა, კონტინენტი იზოლირებულია. ამ ვითარებაში ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროპულ პოლიტიკაში რამე მკვეთრად შეიცვალოს. 
 
სამაგიეროდ, ცვლილებები არაა გამორიცხული რუსეთის მიმართ. საგარეო და თავდაცვის მინისტრები უილიამ ჰეიგი და ლიამ ფოქსი ალტერნატიული მილსადენების პროექტების ენერგიული მხარდამჭერები არიან და - როგორც თავად უწოდებენ - განგსტერული სახელმწიფოს მკაცრი კრიტიკით გამოსვლის შანსს ხელიდან არ უშვებენ ხოლმე. 
 
საერთაშორისო განვითარების მინისტრი ენდრიუ მიტჩელი შარშან ყოველწლიურ პარტიულ კონფერენციაზე რუსეთისათვის დახმარების შეწყვეტის დაპირებით გამოვიდა. იმავე კონფერენციაზე გამოსულმა იმჟამად ჩრდილოვანი ენერგეტიკის მინისტრმა, ახლა კი დეცენტრალიზაციის მინისტრმა, გრეგ ქლარქმა, რუსულ გაზზე დამოკიდებულების პრობლემას გაუსვა ხაზი და ვითარების შესაცვლელად სასწრაფო ზომების მიღება მოითხოვა, რათა ბრიტანეთი კრემლის ენერგოშანტაჟის მსხვერპლი არ გამხდარიყო, მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებულ სამეფოში მოხმარებული გაზის მხოლოდ 2%-ია რუსული წარმოშობის. 
აგვისტოს ომის დროს დევიდ ქამერონი პირველი ბრიტანელი პოლიტიკოსი იყო, რომელიც საქართველოს სოლიდარობის ნიშნად ეწვია. და მის დაუყოვნებლივ ნატოში მიღებას მოითხოვდა. 2007 წელს ვაშინგტონში, ბრუქინგსის ინსტიტუტში გამოსვლისას, კონსერვატორთა ლიდერმა რუსული საფრთხის გასანეიტრალებლად ბრიტანული არმიის გაძლიერების აუცილებლობაზე ილაპარაკა და მოსკოვის პროვოკაციების აღსაკვეთად ბალკანეთში დამატებითი ჯარის გაგზავნა მოითხოვა. 
 
თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხშირად წინასაარჩევნო რიტორიკა და გამარჯვების შემთხვევაში გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები ერთი და იგივე არაა. ამის კარგ ილუსტრაციას წარმოადგენენ თუნდაც სხვა ევროპელი კონსერვატორი ლიდერები - ანგელა მერკელი და ნიკოლა სარკოზი, რომელთა მიერ გატარებული პოლიტიკის ფონზე რუსული დათვის მიმართ ევროპის პოლიტიკის გამკაცრების თავდაპირველი მოლოდინი ახლა კომიკურად გულუბრყვილოდ გამოიყურება. 
 
ამ მიმართულებით როგორ განვითარდება მოვლენები, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ ერთი რამ დღესავით ცხადია - ახალი მთავრობის მთავარი საზრუნავი იქნება არა საგარეო პოლიტიკა, არამედ ბრიტანული ეკონომიკა. სახელმწიფო ხარჯების გაზრდით ნებისმიერ პრობლემასთან ბრძოლის მემარცხენე ჩვეულება ბრიტანეთს ძალიან ძვირი დაუჯდა. 
 
გაერთიანებული სამეფოს 2010 წლის ბიუჯეტის დეფიციტმა 170 მილიარდ ფუნტს გადააჭარბა, გაუტოლდა მთლიანი შიდა პროდუქტის 11,6 პროცენტს და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფ საბერძნეთის დეფიციტს მხოლოდ 2 პროცენტით ჩამოუვარდება. სახელმწიფო ვალი 2014-2015 წლებისთვის, სავარაუდოდ, 1,4 ტრილიონამდე  გაიზრდება და მთლიანი შიდა პროდუქტის 75 პროცენტს მიაღწევს. უპრეცედენტოდ - 48 პროცენტამდე - გაზრდილია  ეკონომიკაში სახელმწიფოს მონაწილეობის წილიც.
 
ლეიბორისტული მთავრობა 13 წლის განმავლობაში გაცილებით მეტს ხარჯავდა, ვიდრე ამის საშუალებას ეკონომიკის განვითარება აძლევდა. განსაკუთრებით კი ბოლო წლებში, როდესაც ბევრი ფული კრიზისით დაზარალებული ბანკების გადარჩენასა და ეკონომიკის სტიმულირებაში გადაიხადა. 
 
დღეს მასზეა დამოკიდებული პირველი კლასის მეორეხარისხოვანი სახელმწიფოს სტატუსამდე ჩამოქვეითებული ოდესღაც მსოფლიოს უძლიერესი ზესახელმწიფო - რომლის იმპერიაში ერთ დროს მზე არასდროს ჩადიოდა - განაგრძობს დაკნინებას, თუ,  ისევე როგორც სამი ათეული წლის წინ, თეტჩერის არჩევის შემთხვევაში მოხდა, გამონახავს შინაგან ძალებს ამ დაღმავალი ტენდენციის შესაჩერებლად და აღორძინების ახალ ერას დაუდებს სათავეს.  
 
 
 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები