პოლიტიკური პასეანსი

0 კომენტარი

არჩევნებამდე თითქმის ორი კვირა დარჩა. შესაბამისად, თანდათან იზრდება პარტიების აქტივობა. რეგისტრირებულ სუბიექტებს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ამოცანები აქვთ, თუმცა, მათი უმეტესობა, ნებსით თუ უნებლიეთ, ერთ ოლიმპიურ პრინციპს იზიარებს - მთავარია მონაწილეობა.
მეტ-ნაკლებად სერიოზული ამოცანები დაისახეს შემდეგმა პარტიებმა და ბლოკებმა:
• ნაციონალური მოძრაობა;
• გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება;
• ალიანსი საქართველოსთვის (ალასანია, სუბარი, უსუფაშვილი, გამყრელიძე, ზურაბიშვილი);
• ბლოკი ეროვნული საბჭო;
• თოფაძე-მრეწველები;
• თორთლაძე-დემოკრატები;
• პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლება”;
• ეროვნულ-დემოკრატიული პარტია.
ამ პარტიათაგან უმრავლესობამ საკუთარი კანდიდატი წარადგინა თბილისის მერის პოსტზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ოპოზიცია ერთი კანდიდატის გარშემო ვერ გაერთიანდა, ძნელი დასაჯერებელია, ოპოზიციური კანდიდატები გამარჯვებას ვარაუდობდნენ. ამ მოსაზრებას კვლევების შედეგებიც ამყარებს, რომლის თანახმადაც გიგი უგულავას უპირატესობა ცალსახაა. მაშ, რა ინტერესი ამოძრავებთ სხვა კანდიდატებს?
პოლიტიკაში ახალ ან მივიწყებულ სახეებს, როგორებიც არიან - ირაკლი ალასანია, გიორგი ჭანტურია, ნიკოლოზ ივანიშვილი, დათო იაკობიძე და ა.შ. - შანსი გაუჩნდათ ამომრჩეველს თავი შეახსენონ და პოლიტიკურ არენაზე გაიბრწყინონ; ორ წელიწადში საპარლამენტო, ხოლო შემდეგ - საპრეზიდენტო არჩევნები გველის და დღეს დაგროვილი დივიდენდები მომავალში იქნება მათთვის გამოსადეგი. აღსანიშნავია, რომ მერობის საკუთარი კანდიდატის ყოლა პოლიტიკურ პარტიას უფრო აქტიური და ფოკუსირებული კამპანიის წარმოებაში ეხმარება.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მთელი საქართველოს მასშტაბით გამარჯვებისთვის იბრძვის. ამით ის არა მარტო ლოკალურად შეინარჩუნებს კონტროლს, არამედ ნაციონალურ დონეზე გაზრდის თავისი ლეგიტიმაციის ხარისხს და მყარ პლაცდარმს მოიმზადებს 2012-2013 წლების არჩევნებისთვის.
მერის არჩევნები რომ ქრისტიან-დემოკრატებისთვის პრიორიტეტული არ არის, თავად ბლოკის სახელწოდებიდან და სააგიტაციო მასალებიდანაც ჩანს. წინა პლანზე გიორგი თარგამაძე და ინგა გრიგოლია არიან, ხოლო გიორგი ჭანტურია მათ ჩრდილქვეშ მოქცეულა. ამ არჩევნებში ჭანტურიას ამოცანაა ბლოკი ფინანსური და ადამიანური რესურსებით უზრუნველყოს.
ქრისტიან-დემოკრატებმა ვერ გამოიყენეს ორი წელიწადი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და ისევ ჟურნალისტების ერთგვარ კლუბად დარჩნენ. მათ ვერ შეიძინეს ახალი ლიდერები და მომხრეები. ამგვარ ვითარებაში, ახალი სისხლი - განსხვავებული წარსულისა და საკუთარი ელექტორატის მფლობელი გიორგი ჭანტურია - ქრისტიან-დემოკრატებისთვის ნამდვილი მისწრება იყო. არც ჭანტურიას უზარალია. მას ქართულ პოლიტიკურ და საქმიან სცენაზე დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა. ქრისტიან-დემოკრატები თბილისში მეორე ადგილზე აცხადებენ პრეტენზიას და არც თუ უსაფუძვლოდ.
არ უნდა დაგვავიწყდეს ქრისტიან-დემოკრატების ბლოკში შემავალი პოლიტიკური ორგანიზაცია „ჩვენ თვითონ”. „ჩვენ თვითონს” შეუძლია ჰყავდეს წარმომადგენელი ცესკოსა და საარჩევნო ადმინისტრაციის ქვედა რგოლებში. საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებაში მონაწილეობის უფლებას სახელმწიფოსგან მიღებული დაფინანსების ოდენობა განსაზღვრავს, ეს კი, თავის მხრივ, ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარეობს. დღევანდელი ვითარებით, სწორედ „ჩვენ თვითონ” არის უკანასკნელი იმ პარტიათა შორის, რომლებსაც ცესკოს წევრის ყოლის ფუფუნება აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მასშტაბით ქრისტიან-დემოკრატების ბლოკი ხმათა 6%-ს ვერ დააგროვებს და ამას შეძლებს ალიანსი საქართველოსთვის ან ეროვნული საბჭო, მაშინ სწორედ ამ ბლოკში შემავალ პარტიათაგან რომელიმე ჩაანაცვლებს „ჩვენ თვითონს” შვიდეულის სიაში. იგივე მოხდება, თუკი რომელიმე პოლიტიკური პარტია საქართველოს მასშტაბით 3%-ის დაგროვებას შეძლებს, მაგალითად, ედპ ან „თორთლაძე-დემოკრატები”, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა.
დაახლოებით იგივე მიზანი ამოძრავებს ალასანიასა და მის ბლოკს. თუმცა, ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ბლოკის ლიდერის ამბიციები და თვითდამკვიდრების სურვილი. მისი მომხრეების წარმოდგენით, მერობისა და თვითმართველობის არჩევნებმა მომავალი წარმატების წინაპირობა უნდა შექმნას. ამისთვის კი, პირველ რიგში, საჭიროა თბილისში რამდენიმე მაჟორიტარული ოლქის მოგება და მეორე ადგილი. დღევანდელი გადასახედიდან მეტი პრეტენზია წარმოუდგენელია. ოპოზიციურ პარტიებს და კანდიდატებს თბილისის გარეთ უფრო ფრაგმენტული წარმატების იმედი შეიძლება ჰქონდეთ, რადგან რეგიონებზე გავლენით არასოდეს გამოირჩეოდნენ.
მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ალასანიას პარტიას სახელმწიფო დაფინანსება არ გააჩნია, ხოლო რესპუბლიკური პარტია დაფინანსებას დაკარგავს არჩევნებში წარუმატებლობის შემთხვევაში.
მრეწველები და თორთლაძე-დემოკრატები ორი ამოცანის წინაშე დგანან: მიიღონ (მრეწველების შემთხვევაში - შეინარჩუნონ) დაფინანსება, რასაც ხმების 3% სჭირდება და გარკვეულ წარმატებას მიაღწიონ თბილისში ან სხვა დიდ ქალაქში, რაც პარტიებს აქტუალურობას შეუნარჩუნებდა. განსაკუთრებით ეს მრეწველებზე ითქმის, რადგან ედპ და დემოკრატები დღესდღეობით საპარლამენტო პარტიებია და ამ ტრიბუნას 2012 წლამდე შეინარჩუნებენ. ორივე ამოცანის შესრულებასთან ყველაზე ახლოს მრეწველები არიან, თუმცა მათი პოზიციები, განსაკუთრებით თბილისს გარეთ, არამყარია.
რაც შეეხება ეროვნულ საბჭოს, მისი რეიტინგი, უკანასკნელი გამოკითხვების თანახმად, საკმაოდ დაბალია. ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი არის შეუთავსებლობა მოსახლეობის მოლოდინსა და ოპოზიციური ლიდერების განცხადებებს შორის. მოსახლეობას ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებთან კონკრეტული განწყობა და მოლოდინი აკავშირებს. ამ ფონზე, საბჭოს ლიდერების რიტორიკა და ადგილობრივი არჩევნებისთვის გლობალური მნიშვნელობის მინიჭების მცდელობა ბევრს აღიზიანებს, ისევე როგორც საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან მომავალი აგრესია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ საბჭოს და მის ლიდერებს არჩევნების მომდევნო დღე და ქუჩის აქციების აგორების პერსპექტივა უფრო ანაღვლებთ, ვიდრე თავად არჩევნები. მათდა სამწუხაროდ, არც ამის წინაპირობაა თვალსაჩინო.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები