ხვალ არასდროს კვდება

0 კომენტარი

სალომე ზურაბიშვილზე, ირაკლი ოქრუაშვილსა და ლევან გაჩეჩილაძეზე გულაცრუებული ხელისუფლების მოწინააღმდეგენი ირაკლი ალასანიას სახით ახალ, კონსტრუქციულ პოლიტიკურ ძალას ელოდნენ. მაგრამ მან პოლიტიკური კარიერის დასაწყისშივე, ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით, გაცვეთილ პოლიტიკურ სახეებთან ერთად ქუჩაში დადგომა არჩია. კრიტიკოსების აზრით, ალასანიამ შეცდომა დაუშვა. საზოგადოებრივი აზრის კვლევები მოწმობს, რომ ხალხს ძირითადად მოსწონს ხელისუფლების მიერ არჩეული გზა, მაგრამ ის უკმაყოფილოა ამ გზაზე დაშვებული შეცდომებით. შესაბამისად მათ “ანტი-მიშა” კი არა, უფრო “მაღალი ხარისხის მიშა” სურთ. მისი გარემოცვა კი ამბობს, რომ ალასანიამ ამ ნაბიჯით ქრისტიან-დემოკრატების ბედი არ გაიზიარა და ხელისუფლების სატელიტად აღქმის საფრთხე აიცილა თავიდან. ალასანიას მომხრეთა არგუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს დამკვიდრებულ ტენდენციას: ოპოზიციაში გადასული თანამდებობის პირები საზოგადოებას კი არ უმტკიცებენ, რომ სახელმწიფო ინტერესების უკეთესი დამცველები იქნებიან, ოპოზიციას უმტკიცებენ, რომ ჭეშმარიტი ოპოზიციონერები არიან და მათ რიგებში ჩაწერის მორალური უფლების მოსაპოვებლად რადიკალურ ნაბიჯებს დგამენ.
ალასანიას დამსახურებად უნდა ჩაითვალოს, რომ მის რიტორიკაში, 2009 წლის აპრილის აქციების დროსაც კი, ვერ შეამჩნევდით ხელისუფლების დამხობის ღია მოწოდებებს. თანაგუნდელებისგან განსხვავებით, ალასანიას არც ქსენოფობიური გამოხდომებით უცდია პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება. ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის უცხო კონსტრუქციული ტონი ალიანსის ლიდერს დაუფასდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ: უკანასკნელი კვლევების თანახმად, მართალია, ალასანია ბევრად ჩამორჩება ხელისუფლების კანდიდატს, მაგრამ მეორე ადგილს ინარჩუნებს. ის მოსწონს დასავლეთსაც.
ამ დროისთვის ალასანიას ყველაზე აშკარა და მძიმე შეცდომა პოლიტიკურ ბანკროტთან - ნოღაიდელთან ხანმოკლე ფლირტი აღმოჩნდა. ამ მანევრმა გადამდგარი დიპლომატის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა შეარყია, მომხრეები დააბნია და კიდევ უფრო გაამყარა მისი, როგორც უმწიფარი პოლიტიკოსისა და სუსტი ლიდერის იმიჯი.
საინტერესოა ალასანიას გეგმა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებასთან დაკავშირებით. ძნელია წარმოიდგინო საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ჩრდილოელ მეზობელთან მტრული ურთიერთობა ახარებს. მაგრამ გაუგებარია, რის ფასად ან როგორ აპირებს მერობის კანდიდატი რუსეთთან ურთიერთობის აწყობას, მაშინ როდესაც ის, ბევრი ქართველი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, ღია მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ინტეგრაციას ნატოში. დღეს რუსეთის ხელმძღვანელობას არათუ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა, მისი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში მონაწილეობაც კი აღიზიანებს. საქართველო რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის, განხეთქილების ნაცვლად, სინერგიას უნდა მოემსახუროს, სასიამოვნოდ იკითხება გაზეთ „რეზონანსის” ფურცლებიდან; მაგრამ საეჭვოა, როგორ შეძლებს ამას ალიანსის ლიდერი თავად რუსეთისა და ჩვენი დასავლური კურსის შეცვლის გარეშე?
მერობის კანდიდატი რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას პრეზიდენტ სააკაშვილის რიტორიკას აბრალებს. ეს მაშინ, როდესაც რუსეთმა მთელი მსოფლიოს თვალწინ მოშალა ფერადი რევოლუციებით მოსული მთავრობები უკრაინასა და ყირგიზეთში: ვიქტორ იუშჩენკოს ხისტი რიტორიკა ზოგადად არ ახასიათებს; დევნილი პრეზიდენტი ბაკიევი კი რუსეთის მეგობრად მოიაზრებოდა და მხოლოდ იმის გამო დაისაჯა, რომ ის ჩინეთთანაც მეგობრობდა და არც აშშ-ს სამხედრო ბაზაზე თქვა უარი.
არანაკლებ საინტერესოა მითი იმის შესახებ, რომ ალასანიას შუამდგომლობით, სოხუმის მარიონეტულ რეჟიმთან ურთიერთობის მოგვარების შანსი ხელისუფლებამ ხელიდან გაუშვა. რადიო თავისუფლებასთან 2009 წლის იანვრის ინტერვიუში ალასანიამ განაცხადა, რომ 2005 წელს მოამზადა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც აფხაზური მხარე აღიარებდა 1992-93 წლებში დევნილი მოსახლეობის დაბრუნების უფლებას. სანაცვლოდ ქართული მხარე ძალის გამოუყენებლობის პირობას დადებდა. საგულისხმოა, რომ ალასანიასვე აღიარებით, ამ დოკუმენტზე ხელმოსაწერად სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებას მზადყოფნა არ გამოუთქვამს. უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ დევნილების დაბრუნების უფლებაც და ძალის გამოუყენებლობაც უკვე იყო მანამდე ხელმოწერილ შეთანხმებებში, რომლებსაც მოსკოვის მიერ მართული სოხუმი არად დაგიდევდათ.
რაც შეეხება ალასანიას წინასაარჩევნო პროგრამას, ის პოპულიზმის ხარისხით შალვა ნათელაშვილისას არ ჩამოუვარდება. მისი წინასაარჩევნო დაპირებები სოციალურ პროგრამებს, დასაქმებას და ჯანდაცვას შეეხება და გადასახადების გადამხდელთა მიმართ ალიანსის ლიდერის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ავლენს.
ალიანსის ლიდერი განურჩევლად ყველა პენსიონერს ჰპირდება დახმარებას. ალასანიას მერად არჩევის შემთხვევაში, მდიდარი ბიზნესმენის მატერიალურად უზრუნველყოფილი ბებია და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოხუცებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთნაირ დახმარებას მიიღებენ.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ალასანია თვეში ათლარიან დანამატს სთავაზობს. ის, რომ არსებობენ შეზღუდული შესაძლებლობების მდიდარი პირებიც, რომლებსაც რიგითი მოქალაქის ჯიბიდან ამოღებული 10 ლარი არ სჭირდებათ, ალასანიამ განსაკუთრებით კარგად უნდა იცოდეს. აქაც ბიუჯეტის უყაირათო, არამიზნობრივ ხარჯვასთან გვაქვს საქმე.
იგივე შეიძლება ითქვას მრავალშვილიანი ოჯახების ფულადი დახმარების პროგრამაზეც. მრავალშვილიანობა არ ნიშნავს გაჭირვებას, ბევრი შვილი მდიდარ ადამიანებსაც ჰყავთ. ალასანია კი საბიუჯეტო სახსრების დახარჯვას აპირებს ყველა მრავალშვილიან თბილისელზე.
არარეალისტური დაპირების კიდევ ერთი მაგალითია ალასანიას ინიციატივა ყველა მშობიარისთვის 600-ლარიანი ვაუჩერის დარიგების შესახებ, მიუხედავად მშობიარის ფინანსური მდგომარეობისა.
იმისათვის, რომ სოციალური პროგრამების ფოკუსში ის ადამიანები მოექცნენ, ვისაც გადასახადის გადამხდელთა დახმარება სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ, საჭიროა დაიხვეწოს სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები მოქალაქეების მონაცემთა ბაზა, რომელიც ჯერ კიდევ 2006 წელს შეიქმნა. მართალია, ბაზაში მოხვედრის კრიტერიუმები უთანხმოების საგანი გახდა, მაგრამ გადასახადის გადამხდელთა ფულის განიავებას სჯობს ძალისხმევა გაჭირვებულ ადამიანთა იდენტიფიკაციას მოხმარდეს.
არანაკლებ სახიფათოა ალასანიას მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამა. კანდიდატი თავისუფალი ბაზრის შეზღუდვას, წამლებზე ფიქსირებული ფასების შემოღებას, 3 წლამდე და 65 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის უფასო წამლებს გვპირდება. საბჭოთა გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ფიქსირებული ფასები დეფიციტის, შავი ბაზრის გაჩენის საშიშროებას ქმნის, კონკურენციას კლავს და ხარისხს აგდებს. პრაქტიკამ ისიც აჩვენა, რომ ფასების დაწევის საუკეთესო მეთოდი ბაზრის მაქსიმალური თავისუფლებაა.
წინასაარჩევნო პოპულიზმი ქართული პოლიტიკისთვის უცხო არ არის და, ამ მხრივ, ულტრალიბერალური ეკონომიკური რეფორმების გამტარებელი ხელისუფლებაც სცოდავს ცვალებადი სიხშირით, რომ არაფერი ვთქვათ სხვა პოლიტიკურ ძალებზე. სიახლე ისაა, რომ წელს პირველად, პოლიტიკური ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი წინასაარჩევნო პროგრამებს განიხილავს და პოლიტიკურ კაპიტალს მხოლოდ ხელისუფლების ლანძღვით არ აგროვებს. ბოლო კვლევებით თუ ვიმსჯელებთ, ნაკლებად სავარაუდოა, ალასანიამ თვითმმართველობაში მოსვლა და დაპირებული ცვლილებების განხორციელება შეძლოს, თუმცა მეტ-ნაკლებად კონსტრუქციული პოლიტიკური ლანდშაფტის ფორმირებას რომ ხელი შეუწყო, ფაქტია. ეს, დემოკრატიის შენების კუთხით, წინ გადადგმული ნაბიჯია.
ახალბედა პოლიტიკოსს წინ მრავალი გამოცდა ელის. მისი ერთ-ერთი მთავარი ტესტი არჩევნების შედეგების ღირსეულად მიღება და დაშვებული პოლიტიკური შეცდომების სწორი ანალიზი იქნება.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები