რელიგია

თავისუფლება და წესრიგი

0 კომენტარი

დღეს ყველა სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს იმას, რომ ქართული პოლიცია შესაშური ნდობით სარგებლობს. 80%-იანი მხარდაჭერის მოპოვება იოლი არ იყო და მას წინ უძღვოდა უაღრესად მასშტაბური საპოლიციო რეფორმა, რომლის განხორციელებაც ხელისუფლების მხრიდან დიდ გამბედაობასა და ვაჟკაცობას მოითხოვდა. რეფორმის მომავალს ეჭვქვეშ აყენებდა ის გარემოება, რომ დემოკრატიული წესრიგის არანაირი გამოცდილება არ გვქონდა და ბევრს ვერ წარმოედგინა თავისუფლებისა და წესრიგის ურთიერთშერწყმა.

ჩვენში წესრიგი, ტრადიციულად, თავისუფლების შეზღუდვას უკავშირდებოდა. ბევრი რამ გვსმენია იმ ეპოქებზე, როცა ბერიას, ინაურსა და შევარდნაძეს ებარათ საპოლიციო და უშიშროების საკითხები. ქართველთა დაშოშმინება ულმობელი რეპრესიული ზომების გატარებითა და უდანაშაულო ადამიანთა მსხვერპლშეწირვის ხარჯზე ხდებოდა, თანაც ისე, რომ საბოლოო ჯამში არც ნამდვილი წესრიგი იყო და არც, მით უმეტეს, ადამიანის თავისუფლება.

ბერია, ინაური და შევარდნაძე იქით იყოს და ბოლო 200 წლის განმავლობაში საქართველოში წესრიგს რუსეთის იმპერია ამყარებდა. გარდა იმისა, რომ იგი არღვევდა ქართველთა ცხოვრების ტრადიციულ წესს და სისასტიკით ახშობდა ჩვენს ბუნებრივ ლტოლვას თავისუფლებისაკენ, ნებსით თუ უნებლიეთ, ქართველ კაცს სახელმწიფოს - როგორც ერის ორგანიზაციის ფორმის - წინააღმდეგაც განაწყობდა.

ამავდროულად, ქართველ ადამიანს გამუდმებით უნერგავდნენ იმის რწმენას, რომ რუსული ჩექმის გარეშე საქართველოში წესრიგი ვერ დამყარდება, რადგანაც ჩვენ დამოუკიდებლად ვერ შევიმუშავებთ ისეთ საზოგადოებრივ კონტრაქტს და ორგანიზების ფორმებს, რომლებიც სამოქალაქო მშვიდობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ასე შეიქმნა ლეგენდა ქართველთა ანარქიულ ბუნებაზე.

შავი სამყარო
შავი სამყარო ბუნებრივად იშვა ამგვარი პროპაგანდის წიაღში. სოციალურ მეამბოხეთა მიმართ სიმპათია უხვად გვხვდება მე-19 საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებებშიც და მე-20 საუკუნის ქართულ საბჭოთა ლიტერატურაშიც. ალექსანდრე ყაზბეგის ლიტერატურული გმირის სახელი - კობა - იოსებ ჯუღაშვილმა თავის პარტიულ ფსევდონიმადაც კი აქცია, ხოლო ქართულმა ქურდულმა სამყარომ კი „შავი” შესაძლოა სულაც თავად ყაზბეგისაგან ისესხა.

დროთა განმავლობაში ქართველ კანონიერ ქურდებსა და პარტიულ ბოსებს მხოლოდ სახელიღა აკავშირებდათ მისაბაძ ლიტერატურულ პერსონაჟებთან. ისინი ერთნაირი გაშმაგებით ებრძოდნენ ადამიანის თავისუფლებასაც და ქართული ნაციონალური სახელმწიფოს იდეასაც. გასაკვირი არ არის, რომ ქურდული სამყაროს ორგანიზების ფორმა საბჭოთა კავშირში თითქმის ზუსტად იმეორებდა საკავშირო კომუნისტური პარტიის იერარქიულ სტრუქტურას, რაც, სხვათა შორის, იმპერიის ძლიერებასაც უწყობდა ხელს. დღეს კი სახეზე გვაქვს სინდიკატი, რომელიც აერთიანებს „ინტელიგენციას”, შავ სამყაროს და კორუფციულ რუსულ „ბაზართან” დაკავშირებულ სხვა პროიმპერიულ და ატავისტურ ელემენტებს.

6 მაისს, გიორგობას, პოლიციის დღისადმი მიძღვნილ აღლუმს სწორედ ამ ძალებმა გამოუცხადეს პროტესტი. ეტყობა, მათ სჯერათ, რომ საქართველოში წესრიგს მხოლოდ რუსეთის იმპერია უნდა ამყარებდეს პირდაპირი (საოკუპაციო რეჟიმის) და არაპირდაპირი (შავი სამყაროსა და ერთგული ფეოდალების) საშუალებით.

ახალი ელემენტი
შავი სამყაროს, „ინტელიგენციისა” და ნაკომუნისტარი ელიტის „ტრფიალი” ქართული ეკლესიისადმი ძველი ამბავია, მაგრამ ეკლესიის ბოროტად გამოყენება ნაციონალური სახელმწიფოსა და თავისუფლების წინააღმდეგ შედარებით ახალი მოვლენაა.

ბოლო დროს მოწმენი გავხდით რამდენიმე გამოხტომისა - ქართული სახელმწიფოსა და ადამიანის თავისუფლების წინააღმდეგ. 6 მაისს „ქართველობის სიწმინდეზე” მზრუნველმა არამკითხეებმა პოლიციის დღის შემოღების წინააღმდეგ ძალადობა გამოიყენეს, მერე კი „რელიგიური მილიცია” მიუსიეს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ტელეკომპანია „კავკასიაში”.

ინტერნეტში ბევრი ვიდეომასალაა იმის დასადასტურებლად, რომ ეკლესიის ცალკეული მღვდელმსახურები აგრესიულად გამოდიან განსხვავებული აზრისა და საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ: კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა” მწვალებლური ნაწარმოებიაო, დასავლეთი უზნეო და ქართველობის მტერიაო, რუსეთის გარეშე საქართველო გადაგვარდებაო და ა.შ. კაცს ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩება, თითქოს ამ ადამიანებს არაფერი სმენიათ რუსული იმპერიის მიერ ჩვენ წინააღმდეგ განხორციელებულ 200-წლოვან რეპრესიებზე; არ გაუგონიათ იმ ქართველ მღვდელ-მონაზონთა შესახებ, მუსლიმან აფხაზებს ქრისტიანულად რომ ნათლავდნენ, რათა ისინი ცარიზმის მსახვრალი ხელისაგან დაეცვათ; და არ წაუკითხავთ ყაზბეგი, რომელმაც რუს კოლონიზატორთა ბარბაროსობის მხილებას თითქმის მთელი თავისი შემოქმედება მიუძღვნა.
ამ მღვდელმსახურებს, ალბათ, არც იმის შესახებ სმენიათ, თუ როგორ ემუქრება რუსეთის დღევანდელი პატრიარქი საქართველოს თავისუფლებას, როცა „სამხრეთ ოსეთის ელჩს” საგანგებო აუდიენციას უმართავს მოსკოვში და არც უფრო ადრინდელი წარსული ახსენდებათ, როცა რუსულმა იმპერიალიზმმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია ისევე იმსხვერპლა, როგორც ქართული სახელმწიფოებრიობა.

როგორ დავიცვათ თავი
ძალის გამოყენებაზე მონოპოლია სუვერენული სახელმწიფოს ერთ-ერთი პრეროგატივაა, რაც მას სხვა საზოგადოებრივი ინსტიტუტებისაგან გამოარჩევს. ამასთან, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ ძალა მხოლოდ კანონის შესაბამისად და საშიშროებისადმი პროპორციულად გამოიყენოს. ამ პრინციპს მხოლოდ ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნები ერთგულებენ, რადგანაც ისინი ახერხებენ ადამიანის თავისუფლებისა და საზოგადოებრივი წესრიგის შეთავსებას.

საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა და თავისუფლებასა და წესრიგს შორის ოპტიმალური თანაფარდობის მიღწევას გარკვეული დრო კიდევ დასჭირდება, მით უმეტეს, რომ ფეოდალიზმის საფუძვლები ჩვენში ჯერ კიდევ ძლიერია, კუთხურობა და ეთნოცენტრიზმი სამწუხარო რეალობაა და ქართული სახელმწიფო ჯერაც არ არის მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის ლოიალობის ზედა ზღვარი.

საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს, გადარჩენის გზა ჩვენი ლიბერალური განვითარებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება წესრიგისა და კანონიერების განმტკიცებას. ადამიანის თავისუფლება დაცული უნდა იყოს არა მარტო სახელმწიფოს მხრივ ძალადობისაგან, არამედ სხვა ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის თვითნებობისა და ძალმომრეობისგანაც.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები