ეკონომიკური სირტაკი

0 კომენტარი
ფოტო: ევროკავშირის ფინანსური კომისარი ოლი რენი და ესპანეთის ეკონომიკის მინისტრი ელენა სალგადო

გლობალურ ფინანსურ ბაზრებს ახალი კრიზისი ემუქრებათ: საბერძნეთის საბიუჯეტო დეფიციტის დაფინანსების პრობლემები და საფრთხე, რომ ისინი შეიძლება ევროპაზე - და უფრო შორსაც - გავრცელდეს, ყველა წამყვანი გამოცემის მთავარი თემაა.
საბერძნეთის მთავრობა, როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, წლების განმავლობაში ვალით აბალანსებდა სახელმწიფო ხარჯს. გლობალური ფინანსური კრიზისის დროს, როცა საგადასახადო შემოსავლები შემცირდა, ხოლო ბიუჯეტის სოციალური ნაწილი გაიზარდა, მთავრობამ საბიუჯეტო დეფიციტი ვეღარ გააკონტროლა. სიტუაცია გაამძაფრა იმანაც, რომ საბერძნეთში გადასახადებისგან თავის არიდება ჩვეულებრივი პრაქტიკაა.
სამწუხაროდ, ინვესტორებიც დარწმუნდნენ იმაში, რომ მთავრობა ვალის დასაფარავად, სახელმწიფო ხარჯის შეკვეცას ვერ მოახერხებდა. ამ რისკის კომპენსირება ინვესტორებმა ვალზე საპროცენტო განაკვეთების ზრდით დაიწყეს. საბერძნეთი მოჯადოებულ წრეში აღმოჩნდა: რაც უფრო იზრდებოდა ვალის მომსახურების ხარჯი, მით უფრო უჭირდა ქვეყანას საბიუჯეტო დეფიციტის დაფინანსება.
საერთაშორისო სააგენტო Moody’s-მა აპრილში საბერძნეთის სუვერენული რეიტინგი ერთი საფეხურით, A3-მდე შეამცირა. Standard & Poor’s-მა კი ქვეყნის რეიტინგი სამი პუნქტით დასწია და ის „საინვესტიციო” კატეგორიიდან გაიყვანა. საერთაშორისო ბაზრები საბერძნეთისთვის დაიკეტა და ქვეყანა დეფოლტის რეალური საფრთხის წინაშე დადგა.
კრიზისს გავლენა ქართველ შრომით მიგრანტებზეც აქვს, რომლებიც ძირითადად, ფაბრიკებში მუშებად და ოჯახებში მომვლელებად და დამლაგებლებად მუშაობენ. სხვადასხვა გამოცემასთან საუბრისას, თავად მიგრანტები აღნიშნავენ, რომ კრიზისის გამო, საბერძნეთში საწარმოები იხურება. შემოსავალი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეუმცირდა და ამიტომ დამლაგებლის ან დამხმარის აყვანაზე უარს ამბობენ. შედეგად, საბერძნეთში სამუშაოდ წასული ქართველების ნაწილი უკან ბრუნდება, ნაწილი კი მუშაობას განახევრებული ხელფასით აგრძელებს.
ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის მიგრაციის გამოკვლევის თანახმად, ქართველი ემიგრანტების საერთო რიცხოვნობის 16,8% საბერძნეთში ემიგრირებულებზე მოდის. სამწუხაროდ, იმის გამოთვლა, თუ რამდენი მიგრანტი დაბრუნდა საბერძნეთიდან კრიზისის შემდეგ, შეუძლებელია, რადგან სახელმწიფო საზღვარზე, მონაცემთა ბაზაში, აღრიცხული არ არის ქვეყანაში შემოსული საქართველოს მოქალაქეები საიდან ბრუნდებიან და რა მიზეზით.
ჯერჯერობით, საბერძნეთის კრიზისი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ვერ ახდენს. კრიზისამდელ 2007 წელთან შედარებით, უკვე კრიზისულ 2009 წელს, საქართველოს ექსპორტმა საბერძნეთში ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა. იმავე წლებში ბრუნვა 14 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. ზრდის ტენდენციას აჩვენებს საბერძნეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობაც: 2007 წელს 25 მილინო აშშ დოლარიდან, 2009 წელს 59 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. 2010 წლის პირველ კვარტალში საბერძნეთიდან გადმორიცხულია 14 მილიონი აშშ დოლარი. თუმცა, ეკონომისტები არ გამორიცხავენ, რომ საბერძნეთში კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში, ქართულ ეკონომიკაზე მისი გავლენაც გაიზარდოს.
შარშან საბერძნეთის საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტის) 13.6% იყო. ვალი, ანუ ძველი დეფიციტების აკუმულირება, მშპ-ს 115%-ს შეადგენდა. ვალის გაღრმავების ტენდენცია 2010 წელსაც გაგრძელდა.
ევროპას საბერძნეთის დახმარების გადაწყვეტილება მარტივად არ მიუღია. მთავარი მოწინააღმდეგე გერმანია იყო. საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დაიმუქრა, რომ თუ საბერძნეთის დახმარების საკითხზე კომპრომისსვერ მიაღწევდნენ, საფრანგეთი ევროზონას დატოვებდა.
ფიქრის, კამათისა და დილამდე გაგრძელებული შეხვედრების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საერთაშორისო ბაზარზე ევროზონის ერთ წევრს გარანტად 16-ვე დაუდგება. ევროკავშირის გადაწყვეტილებით, პრობლემური ქვეყნების გადასარჩენად გამოყოფილი 950 მილიარდი აშშ დოლარის ნაწილი - სესხის სახით, ნაწილი კი ევროკავშირის, ევროზონის წევრებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის გარანტიით, 3 ძირითადი მექანიზმის საფუძველზე, საერთო ფონდებში გადანაწილდება.
ევროკავშირის გადაწყვეტილებამ ანალიტიკოსებში NATO-სთან ასოციაცია გამოიწვია: ხელშეკრულების მეხუთე მუხლის თანახმად, შეიარაღებული თავდასხმა ალიანსის ერთ წევრზე მიჩნეულია, როგორც შეტევა ყველაზე. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ერთიანი NATO-ს ჯარი არ არსებობს. ქვეყნები, რომლებიც მეხუთე მუხლს ხელს აწერენ, საკუთარ თავზე გარკვეულ ვალდებულებებს იღებენ.
ამ პრინციპის მსგავსად, საბერძნეთმა - თუ სურს, რომ ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი თანხა აითვისოს - არა მხოლოდ დეფიციტი უნდა შეამციროს, არამედ, ივნისამდე 17 სპეციფიკური საკანონმდებლო და საბიუჯეტო ცვლილება გაატაროს. მათ შორის, შეამციროს საჯარო მოხელეებისა და პენსიონრების სააღდგომო, საზაფხულო და საშობაო ბონუსები; გაზარდოს გადასახადები საწვავზე, თამბაქოსა და ალკოჰოლზე; შეკვეცოს ადგილობრივი მთავრობის ხარჯები და მიიღოს კანონი, რომელიც ბიზნესის დაწყებას გაამარტივებს. ამის შემდეგ, საბერძნეთს სექტემბრამდე 9 ვალდებულების შესრულება მოუწევს, მათ შორის, საპენსიო რეფორმის გატარება, რომელიც საპენსიო ასაკს 61-დან 65 წლამდე გაზრდის. დეკემბრამდე, საბერძნეთმა კიდევ 12 დამატებითი ზომა უნდა მიიღოს, მათ შორის, სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემაში უნდა შეიტანოს ცვლილება, რომ დაუპატენტებელი წამლის გამოყენება დაუშვას. 2011 წლის მარტი, ივნისი და სექტემბერი ისევ საკვანძო თვეებია.
ათენი დამშვიდდა. დაგეგმილ ცვლილებებს რეგულარულად მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი აპროტესტებს, რაც საგრძნობლად მცირეა იმ ასეულობით ათას ამბოხებულთან შედარებით, რომელთა თავდასხმას ბანკზე გასულ კვირას სამი ადამიანი ემსხვერპლა.
ანალიტიკოსების აზრით, ევროკავშირმა ამაში ძვირი გადაიხადა და არა მხოლოდ თანხით: ე.წ. ბეილაუთი ნორმად იქცა.
ყველა ანალიტიკოსი არ იზიარებს ამ აზრს: ექსპერტთა ნაწილი ამტკიცებს, რომ ევროზონის პრობლემური ქვეყნების შემთხვევაში, ეს არ იქნება კლასიკური ბეილაუთი, რადგან ისინი თანხას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ რეფორმებს გაატარებენ.
ევროკავშირის გადაწყვეტილებას ანალიტიკოსების მხრიდან უკვე მოჰყვა კრიტიკა: ევროპამ კრიზისის მიზეზის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა. ამ თანხის გამოყოფით, ევროპამ კრიზისს ლიკვიდურობის სტატუსი მიანიჭა ანუ თქვა, რომ ამ ქვეყნებს აქვთ ვალთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა ამის მიზეზი ბაზარია, რომელიც მოულოდნელად ზრდის საპროცენტო განაკვეთს და ქვეყნის ბიუჯეტი ამ დარტყმას ვერ უძლებს.
სინამდვილეში, ანალიტიკოსების უმეტესობა ამ კრიზისს სულ სხვა კვალიფიკაციას ანიჭებს: პრობლემური ქვეყნების მთავრობებმა საკუთარი უპასუხისმგებლობის გამო, ვერ გააკონტროლეს ვალის ოდენობა, ხოლო გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები მხოლოდ იმის გაცნობიერება იყო, რომ რამდენიმე ქვეყანას მსგავსი სინდრომი შეეყარა.
კრიზისის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკის მატარებელია ევროზონის კიდევ ორი ქვეყანა - ესპანეთი და პორტუგალია. ესპანეთის დეფიციტი მშპ-ს 11.2% იყო, ვალი - 56.2%, პროტუგალიისთვის იგივე მაჩვენებლები, შესაბამისად, 9.4% და 76.8% იყო.
საერთაშორისო სააგენტომ, Standard and Poor’s, ესპანეთის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი პროგნოზით - „ნეგატიური” - შეამცირა. ამავე რეიტინგში პორტუგალიამ ორი საფეხური დათმო.
ევროს კურსი წლიურ მინიმუმამდე დაეცა. ევროპის წამყვან ბირჟებზე ვარდნამ 2.5-დან 6%-მდე შეადგინა. საბერძნეთში ბაზარი 6.75%-ით დაეცა, პორტუგალიაში - 5.4%-ით. აზიის ვაჭრობებზე ევროს კურსი 16 ვალუტას შორის 12-ის მიმართ გაუფასურდა.
ანალიტიკოსების აზრით, პრობლემურ ქვეყნებს ეკონომიკური ზრდის პოლიტიკა მხოლოდ მომხმარებლის მოთხოვნაზე რომ არ დაეფუძნებინათ და ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორების იგნორირება არ მოეხდინათ, როგორებიცაა, ბაზარზე კონკურენტუნარიანობა, ინვესტიციებისთვის ღიაობა, შრომითი ხელშეკრულებების მოქნილობა, სოციალური დაცვის სისტემისა და გადასახადების საბაზრო სისტემასთან თანხვედრა და ცხოვრების დონის არსებულ რესურსებთან შესაბამისად განსაზღვრა, კრიზისი საერთოდ არ მოხდებოდა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები