ინტერვიუ პასკალ სალინთან

0 კომენტარი

 პასკალ სალინი ლიბერტარიანელი ფრანგი ეკონომისტია. 1994-96 წლებში ფრიდრიხ ჰაიეკის მიერ დაფუძნებული საზოგადოების - Mont Pelerin Society - პრეზიდენტი იყო. სალინი მიიჩნევს, რომ ერთადერთი სოციალური სისტემა, რომელიც ეთიკაზეა დაფუძნებული, კაპიტალიზმია. ამ სისტემაში ინდივიდის საკუთრების უფლებას განსაზღვრავს არა სახელმწიფო, არამედ ინდივიდის დამოუკიდებელი ძალისხმევა: მუშაობა, დაზოგვა, ინვესტიცია, ინოვაცია... სალინი 11 წიგნის, ათეულობით სამეცნიერო ნაშრომისა და ასეულობით სტატიის ავტორია. მისი ნაშრომები მიჰყვება ფრედერიკ ბასტიას, ლუდვიგ ფონ მაისეს და ფრიდრიხ ჰაიეკის კვალს და გაჯერებულია ინდივიდუალური თავისუფლების იდეის ერთგულებით. 

როგორია ევროკავშირისა და ევროს ეკონომიკური პერსპექტივა?

ევროპაში, თითქმის ყველგან, მთავრობებმა გაზარდეს სახელმწიფო ხარჯები და რეგულირების ხარისხიც. ეს არღვევს და აფერხებს ბაზრის მუშაობას. ამდენად, ეკონომიკური ზრდის შესუსტების რისკი მაღალია. დღეს არსებული მონეტარული პოლიტიკა შეიძლება კიდევ ერთი ფინანსური კრიზისის მიზეზი გახდეს. ევროს მომავალი, ძირითადად, დამოკიდებული იქნება დოლარსა და ევროზე არსებულ მოთხოვნაზე.

რა იყო ფინანსური კრიზისის ნამდვილი მიზეზი?

ამ (და სხვა) ფინანსური კრიზისის მთავარი მიზეზი ცენტრალური ბანკების მონეტარული პოლიტიკაა - შეერთებულ შტატებში, ევროპაში და ყველგან... საქმე ის არის, რომ ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში, კრედიტებზე დაბალი საპროცენტო განაკვეთები დაწესდა. ამან ინვესტორებს, საკუთარი ინვესტიციების დასაფინანსებლად, დაბალი მოგებისა და მაღალი რისკის მქონე ვალის აღებისკენ უბიძგა.

კრიზისის წინააღმდეგ ე.წ. ბეილაუთი და სამუშაო ადგილების ხელოვნური შექმნა ეფექტურია?

რა თქმა უნდა, არა, რადგან ბეილაუთი არ ნიშნავს პრობლემის მოგვარებას. ეს, უბრალოდ, პრობლემის გადავადებაა. არც სახელმწიფო ხარჯის ზრდაა გამოსავალი, რადგან ამით ეკონომიკური გაჯანსაღება ფერხდება. გაზრდილი ხარჯის დასაფინანსებლად სახელმწიფომ ან უნდა გაზარდოს გადასახადები, ან მეტი ისესხოს. ორივე შემთხვევაში სახელმწიფო ამ გზით ინდივიდებს მეტი დოვლათის შექმნის მოტივაციას უკლავს; ორივე შემთხვევაში მათ სახელმწიფოსთვის მეტის გადახდა მოუწევთ.

რას ნიშნავს, ზოგადად, გადასახადი და სახელმწიფო?

გადასახადი არის ის ფასი, რასაც მოსახლეობა იხდის სახელმწიფოს მიერ მოწოდებული ყველა ტიპის პროდუქტისა თუ მომსახურების სანაცვლოდ. სახელმწიფო ამ ფასის დადგენისას გადასახადის გადამხდელს არ უთანხმდება. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია გაიღოს ის ფასი, რომელსაც სახელმწიფო უწესებს. ამასთან, სახელმწიფო მოცემულ ტერიტორიაზე საკუთარ მომსახურებასა და პროდუქტებზე მონოპოლიას ფლობს ანუ იგივე პროდუქტებს ან სერვისებს მომხმარებელს სხვა ვერავინ სთავაზობს. ამით ჩნდება რისკი, რომ სახელმწიფომ შეზღუდოს როგორც ინდივიდუალური თავისუფლება, ისე ეკონომიკური ეფექტურობაც.

არის თუ არა დემოკრატიული მმართველობა საკუთრების უფლებისა და ეკონომიკური ზრდის გარანტი?

რა თქმა უნდა, არა, რადგან ყოველთვის იარსებებს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც, გადასახადებისა და სახელმწიფო ხარჯის გაზრდით, სხვა ადამიანების საკუთრებას დაბეგრავს. როგორც ფრანგმა ეკონომისტმა ფრედერიკ ბასტიამ თქვა: „სახელმწიფო უდიდესი ფიქციაა, სადაც ყოველი ადამიანი ცდილობს სხვის ხარჯზე იცხოვროს”.

რატომ ხართ ეკონომიკის ავსტრიული სკოლის წარმომადგენელი?

მე „ავსტრიელი ეკონომისტი” ვარ, რადგან ეს არის აზროვნების ერთადერთი სკოლა, რომელიც ასახავს ადამიანთა რეალურ ბუნებას და მათ ქცევას, კერძოდ, რაციონალურ ქცევას.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები