არიას შემდეგ

0 კომენტარი

8 მაისს სან-ხოსეში გაიმართა თებერვალში არჩეული კოსტა-რიკის პრეზიდენტის, ლაურა ჩინჩილია მირანდას, ინაუგურაცია. პირველად ქვეყნის ისტორიაში პრეზიდენტი გახდა ქალი, რაც რეგიონისთვის დამახასიათებელი ტენდენციის გაგრძელებაა. კოსტა რიკამდე სუსტი სქესის ლიდერი აირჩია ნიკარაგუამ, პანამამ, არგენტინამ და ჩილემ.
ცერემონიალს დაესწრნენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები. მათ შორის იყო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. სააკაშვილი პირადად შეხვდა კოსტა-რიკელ კოლეგას, და, ასევე, გაესაუბრა ყოფილ პრეზიდენტს.
პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ ისაუბრა ლათინური ამერიკის ქვეყნების - ბრაზილია, არგენტინა, ეკვადორი, კუბა, ბოლივია - წარმომადგენლებთან. განსახილველ საკითხთაგან ძირითადი იყო ეკონომიკური თანამშრომლობა. სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მნიშვნელობას წარმოაჩენს ის ფაქტი, რომ რუსეთის გარდა ქართული სეპარატისტული რეჟიმების დამოუკიდებლობა სწორედ ამ რეგიონის ორმა ქვეყანამ - ვენესუელამ და ნიკარაგუამ - ცნო.
კოსტა-რიკას დიდი ხანია ცენტრალური ამერიკის შვეიცარიად მოიხსენიებენ, რაც განაპირობა სტაბილურმა განვითარებამ, სანდო დემოკრატიამ და ეკონომიკურმა კეთილდღეობამ. ეს ქვეყანა შედის მსოფლიოს 22 უძველესი, უწყვეტი დემოკრატიის სიაში და განვითარების დონით აშკარად აღემატება მეზობელ ქვეყნებს. კოსტა-რიკას არ ჰყავს რეგულარული ჯარი, რაც მის მშვიდობიან ხასიათზე მეტყველებს. თუმცა, არც „შვეიცარიაა” საზრუნავს მოკლებული: გაზრდილი დანაშაულებრიობის, უთანასწორობისა და ნარკოტრეფიკინგის აღმოფხვრა - აი, ახალი პრეზიდენტის ძირითადი მიზნები. კოსტა-რიკის მთავრობა გადასახადის სახით კრეფს ეროვნული შემოსავლის 14%-ს და მისი დეფიციტი მშპ-ს 4%-ია. ამ დეფიციტის მცირედით შევსებას ახალი ლიდერი კაზინოებისა და ონლაინ აზარტული თამაშებისგან მიღებული შემოსავლებით აპირებს.
ახალი პრეზიდენტისთვის პრიორიტეტულია განათლების სფერო და ფინანსური რეფორმების მეშვეობით ეკონომიკის განვითარება. ეკონომიკური კეთილდღეობისთვის ჩინჩილია აუცილებლად მიიჩნევს ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას - ცენტრალური ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (CAFTA) ფარგლებში. ხელშეკრულება მიუღებელი გამოდგა რიგი პოლიტიკური პარტიებისთვის, რადგან იგი მოითხოვს ტელეკომუნიკაციებისა და ელექტროენერგიის სექტორის ლიბერალიზაციას, რასაც ოპონენტები სახელმწიფო ინტერესების ღალატად აფასებენ. თუმცა, 2007 წელს მცირედი - მაგრამ მაინც - უპირატესობით, რეფერენდუმის შესახებ შეთანხმება მიიღეს.
ჩინჩილიამ არჩევნებში ხმათა 47% დააგროვა. მისი მთავარი ოპონენტი, მემარჯვენე ფრთის წარმომადგენელი ოტტო გევარა, 21%-იანი მხარდაჭერით სარგებლობდა. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს - ჩინჩილიას ეროვნულ-განმათავისუფლებელმა პარტიამ 57 ადგილიდან მხოლოდ 24 მიიღო. ექსპერტების თქმით, მოსალოდნელია მან კოალიცია შექმნას მთავარ ოპონენტთან, ოტტო გევარასთან, რომელიც ბოლო დროს მზარდი მხარდაჭერით სარგებლობს. გევარამ 2001 წელს ხმების 2% მიიღო და ამ წლის არჩევნებში ეს მაჩვენებელი 19%-ით გაზარდა. აღსანიშნავია, რომ იგი ემხრობა უფრო მკაცრი ზომების გატარებას კრიმინალების მიმართ. თანამშრომლობისთვის მზადყოფნა ორივე მხარემ გამოთქვა.
ჩინჩილია იყო ოსკარ არიასის მთავრობის წევრი: ეკავა იუსტიციის მინისტრისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობები. ასევე, მუშაობდა ყოფილი პრეზიდენტის სოციალ-დემოკრატიულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ პარტიაში. აღსანიშნავია, რომ არიასს 1987 წელს ნობელის პრემია გადასცეს, ცენტრალურ ამერიკაში სამოქალაქო ომებთან გამკლავებისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილის გამო.
ჩინჩილია აგრძელებს არიასის პოლიტიკურ ხაზს. კერძოდ, სურს შეინარჩუნოს კომერციული თანამშრომლობა ჩინეთთან, პარტნიორული ურთიერთობები ევროპასთან, ამასთანავე, აქტიურად ჩაერთოს ამერიკის კონტინენტის საკითხებში და გააუმჯობესოს ურთიერთობა მეზობლებთან.
კოსტა-რიკის ახალი ლიდერი მიზნად ისახავს ქვეყნისთვის მორალური ავტორიტეტის დაბრუნებას, რაც ნარკოვაჭრობისა და კორუფციისადმი გამოცხადებული ომით გამოიხატება. ამისთვის მას სჭირდება ძლიერი პოლიცია. „უსაფრთხოება, უსაფრთხოება და უფრო მეტი უსაფრთხოება” - ეს იყო მისი ძირითადი ლოზუნგი. გამარჯვების შემდეგ მთავარი დაპირება ასე ჟღერს: „კოსტა-რიკისთვის მსოფლიო მორალური ლიდერის როლის შენარჩუნება - მშვიდობის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის წყალობით”. ჩინჩილიასთვის აგრეთვე მნიშვნელოვანია ქვეყნის ჩართულობა მსოფლიო ვაჭრობაში.
ჩანს, კოსტა-რიკა გააგრძელებს სხვადასხვა ქვეყანასთან ეკონომიკურ თანამშრომლობას. მაიამის უნივერსიტეტის Center for Hemispheric Policy-ის დირექტორი, სიუზან კაუფმან პურისელი აცხადებს, რომ „კოსტა-რიკამ დაკარგა თავისი ფუნქცია, მაგრამ თუ ჩინჩილია აღასრულებს თავის დაპირებებს, იგი მის დაბრუნებას შეძლებს”.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები