პროტესტი და რობინ ჰუდი კანში

0 კომენტარი

პროტესტი, პროტესტი! აქაც პროტესტი! კანის 63-ე კინოფესტივალის გახსნას ბევრი საპროტესტო აქცია მოჰყვა. ჯერ იყო და, გამკაცრებული ექსკლუზიურობის გამო, ფესტივალის დირექციას ჟურნალისტები აუჯანყდნენ; მერე იტალიის კულტურის მინისტრმა განაცხადა უარი კანში ჩამოსვლაზე და ღრმა მწუხარება გამოთქვა საბინა გუძანტის “დრაკუილა – იტალია ცახცახებს” ჩვენების გამო, რომელიც ბერლუსკონის მთავრობის პაროდიაა; და ბოლოს, კანის საერთაშორისო კინოფესტივალმა თავად გამოთქვა პროტესტი ვენეციისა და კანის კინოფესტივალების გამარჯვებული, ირანელი რეჟისორის ჯაფარ პანაჰის დაპატიმრების გამო. მთავრობამ იგი რეჟიმის საწინააღმდეგო ფილმების გადაღებაში დაადანაშაულა და უკვე ორი თვეა თეირანის ციხეში ჰყავს გამომწყვდეული. ფესტივალის საზეიმო გახსნის პატივი ქრისტინ სკოტ ტომას ხვდა წილად. ჟიურის გვერდით კი, პანაჰის პატივსაცემად, ფრანგებმა ცარიელი სკამი დადგეს.
რომ შემეძლოს, მეც მოვაწყობდი პატარა აქციას: კანის კინოფესტივალი რობინ ჰუდის გარეშე! ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ ფესტივალი ისეთი ფილმით გაიხსნა, მეეჭვება, ამის მერე საინტერესოდ განვითარდეს ამბები. რა, ჯერ არ გინახავთ რიდლი სკოტის რობინ ჰუდი?!
როგორც კი ჟურნალისტმა მიკროფონი მომიშვირა და მანიშნა – მიდი, დაიწყეო, აღელვებულმა და წარბებაქაჩულმა ენერგიულად დავიწყე მშვილდისრიანი ბლოქბასტერის ლანძღვა. რიდლი სკოტიდან “რბილად” გადავედი რასელ ქროუზე და მათი აგერ უკვე მეხუთე ტანდემი „პატივისცემით” მოვიხსენიე. რაც შეიძლება ხმამაღლა ვლაპარაკობდი, რადგან საშინლად მაცოფებდა აქეთ-იქიდან აღტკინებული ფრანგების შეძახილები ფილმზე: “ოო, სე სუპეღ, სუპეღ”! ეს არის ფილმი, რომელიც სკოტის საიქიოს დაბრუნება უნდა ყოფილიყო. მაგრამ ფაქტია, რეჟისორმა, რომელმაც არაერთხელ განიცადა დაცემა და რეაბილიტაცია, ამჯერად დიდი ხნით ჩაყვინთა.
მერწმუნეთ, რობინის ეს ვერსია ვერც თვალში ისარგარჭობილი გმირების მოყვარულთ დააინტერესებს და ვერც საბრძოლო სცენებით დაიკვეხნის. და, საერთოდ, “გლადიატორის” (რეჟ. რიდლი სკოტი) უგვანო გაგრძელებაა: გლადიატორი 2 - შერვუდის ტყეში. უფრო სწორად, რობინის ყოფა ტყეში საცხოვრებლად გადასვლამდე. რამ მიგიყვანათ რობინ ჰუდამდე? – ეს შეკითხვა ალბათ ბევრს დაებადა, თუმცა, არავის უკითხავს, რადგან პრესკონფერენციაზე გაირკვა, რომ მისტერ სკოტი მუხლზე იკეთებდა ოპერაციას და ფილმის პრემიერას ვერ დაესწრებოდა. სამწუხაროა.
სამაგიეროდ, სკოტის გარეშე რასელ ქროუმ გაიხარა... პრესკონფერენციაზე ვერა და ვერ გააჩუმეს, ხუმრობდა, ჟურნალისტებს აცინებდა. რამდენჯერმე თავისი ხუმრობით ბლანშეტიც კი დააბნია. არადა, ფილმში ისეთი მოსაწყენი და უინტერესო რობინი იყო... დამწუხრებული, მძიმე, გლადიატორული ნაბიჯებით დადიოდა და წარბშეჭმუხნილი, დარდით სავსე თვალებით შეჰყურებდა ონავარ მერიანს. რამდენჯერაც რასელ ქროუს წყლიდან შენელებული ამოსვლა მახსენდება ემოციური მუსიკით, სანამ ბლანშეტს გადაარჩენს და მერე დაჭრილები იკოცნავებენ, იმდენჯერ მავიწყდება მზეც, სითბოც, ხმელთაშუა ზღვაც და წითელი ხალიჩაც. და ისიც, რომ ჩემთვის კი არ ვწერ, დღიურში!
2010 წლის კანის საკონკურსო პროგრამაში 18 ფილმია წარმოდგენილი. აქედან თითქმის ნახევარი აზიური კინოა. ასე რომ, დაივიწყეთ, თუ ოდესმე რომელიმე კინომანმა მას მივიწყება უწინასწარმეტყველა, აზიური კინო ისევ მოდაშია! ტაკეში კიტანოსთან ისევ იქნება ძვლების მტვრევა და ტყვია შუბლში; აბბას კიაროსტამის “ეგზოტიკური” აზია, ბრიტანელი მაიკლ ლის ადამიანებზე დაკვირვება, ალეხანდრო გონსალეს ინარიტუსთან ძალით “დაშლილი” ამბების ერთად აწყობა და... ეს რამ დამავიწყა! მართალია, რუსულ გაქირავებაში ფილმი უკვე ჩავარდა, მაგრამ ნიკიტა მიხალკოვის “მზით გათანგულნი 2”, როგორც გემრიელი დესერტი, ბოლო დღისთვისაა შემონახული. არა, როგორც გემრიელი ხიზილალა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ფილმის შემდეგ გამართულ საღამოზე (თითქმის ყველა ფილმის შემდეგ იმართება დახურული საღამოები და, ღრმად მწამს, ამას არც ბატონი მიხალკოვი მოიკლებს) ოხრად ეყრება მაგიდებზე.
სპეციალურ ჩვენებაში ჩართულია ოთარ იოსელიანის ახალი ნამუშევარი “შანტრაპაც”, რომელზეც, ისევე როგორც საკონკურსო ფილმებზე, მომდევნო წერილში მოგიყვებით.
- “და ანა ი რუსკი ზნაეტ”, - გადაულაპარაკა ერთმა მეორეს, როგორც კი წითელ ხალიჩაზე ჟიურის წევრები გამოჩნდნენ. ქეით ბეკინსეილზე ამბობდნენ. ისე ვახსენე ეს ბეკინსეილი, გეგონება, აუცილებლად უნდა იცოდეთ. სადღაც ამოვიკითხე: “ბეკინსეილმა გადასაღებ მოედანს სცენა არჩია და კომერციულ ფილმებს – ჩეხოვის “თოლიაში” თამაშიო.” ამ თოლიას მერე იყო, რომ მოაყოლა როლები: “პერლ ჰარბო” და “ვან ჰელსინგი”! არაა, რა კომერცია! ჟიურის წევრებს შორისაა 2008 წლის კანის გამარჯვებული და საუკეთესო მამაკაც მსახიობად აღიარებული პუერტორიკოელი ბენისიო დელ ტორო და, რაც მთავარია, ჟიურის თავმჯდომარე ტიმ ბარტონი!
საერთოდ, ფესტივალებზე პროგნოზების გაკეთება არც ისე ადვილია, რადგან საბოლოო სიტყვა მაინც მის თავმჯდომარეზეა დამოკიდებული. ამიტომ თუ გამოჩნდა რაიმე ექსპერიმენტული, ანიმაციის ეფექტებით და, რაც მთავარია, საშიში, მაშინვე გეტყვით! ვიწინასწარმეტყველებ!

p.s. ფესტივალის დროს გარეთ გამოსულს, შეიძლება სხვა ქალაქში გეგონოს თავი. უეცრად საიდანღაც ჩნდება ლამაზად ჩამწკრივებული უამრავი რენო, რომლითაც წითელ ხალიჩასთან მიჰყავთ ვარსკვლავები. ქუჩებში შეშლილი სახეებით დარბიან სხვადასხვა ზომისა და ზუმის მქონე ფოტოაპარატიანები - გეგონება, რაიმე სარეკლამო რგოლს იღებენო და, როგორც ერთი, ყველა ფესტივალის ჩანთით და კისერზე ჩამოკიდებული აკრედიტაციით დარბის. მეც ამ დიდი ქაოსის წევრი ვარ. აღარ მახსოვს, უკვე გითხარით თუ არა, მაგრამ კანის აკრედიტაციის შემთხვევაში ფრანგები ივიწყებენ მათი საამაყო დევიზის საამაყო ნაწილს EGALITE ანუ თანასწორობას და აკრედიტაციებს პრესის პერიოდიკის მიხედვით არიგებენ. ასე რომ, ყველას სხვადასხვა ფერის და “სიძლიერის” ნიშანი კიდია კისერზე. მე ყოველკვირეული “ცისფერი” ვარ, გარკვეული შეზღუდვებით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები