ამერიკული ჯაზის კავკასიური სული

0 კომენტარი

“ყურმა შეიძლება მოგატყუოს. ხელმაც, თვალმაც, პოლიტიკოსებმაც... მაგრამ არის ერთი რამ, რაც ვერ იტყუება - გული, და ამ გულიდან წამოსული მუსიკა!” ასე მიმართა 9 მაისს თბილისის ივენთ ჰოლში შეკრებილ საზოგადოებას ჯასტინ დიჩიოჩიომ - კარნეგი ჰოლის ჯაზის საგანმანათლებლო პროგრამის დირექტორმა.
ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ჯაზმენების გულებიც არ ტყუოდნენ. მათ ერთად, ერთ სცენაზე, სამაგალითოდ გვიჩვენეს, თუ როგორ უნდა დაივიწყო პოლიტიკა და ეძებო დიალოგის სხვა გზები, მაგალითად, მუსიკა. რა ხდებოდა თბილისის ივენთ ჰოლში? 9 მაისს საზეიმოდ დაიხურა პირველი კავკასიური ჯაზფესტივალი Kavkaz Jazz, რომელიც ელენე მეჩითოვას იდეით და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა. თუმცა მანამდე ქართველმა, სომეხმა და აზერბაიჯანელმა ჯაზმენებმა ერთკვირიანი მუსიკალური დიალოგი გამართეს.
ფესტივალი 1 მაისს თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიხსნა. სომხურმა ჯგუფმა Art Voices შთამბეჭდავად დაიწყო საღამო და ეთნოჯაზის შესანიშნავი ნაზავი წარმოგვიდგინა. ჯგუფის გამოსვლამდე ცოტა ვინმეს თუ ეგონებოდა, რომ ტრადიციული სომხური საკრავები ბლული და ზურნა ასე ჰარმონიულად შეერწყმებოდა აფროამერიკული წარმოშობის ჯაზს. ინტერნაციონალური პუბლიკა კონცერტის პირველივე წუთებიდან მიხვდა, რომ ეს იქნებოდა არა უბრალოდ ჯაზფესტივალი, არამედ განსხვავებულ კულტურათა გაცვლის სასიამოვნო საღამო.
Art Voice-ის შემდეგ ორმა ქართულმა ჯგუფმა წარმოადგინა თავისი კომპოზიციები. გიორგი მიქაძის ჯაზკვარტეტის შესახებ უნდა ითქვას, რომ ჯაზს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე თავისუფალ და მშვიდობიან ჟანრს, არ უხდება ისეთი მოძველბიჭო შოუების დადგმა, როგორიც კვარტეტის საქსოფონისტმა შემოგვთავაზა. ამ დროს უფრო ლაღი და გახსნილი უნდა იყო. აზერბაიჯანიდან კი ორი ჯგუფი გვეწვია. კონცერტი ისფარ სარაბსკის კვარტეტმა დახურა. ეს ის პიანისტი ისფარ სარაბსკია, 2009 წელს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ Montreux Jazz Festival-ზე ფურორი რომ მოახდინა. მან არც კონსერვატორიის დარბაზში შეკრებილ მაყურებელს გაუცრუა იმედი - 20 წლის მუსიკოსის შესრულების ტექნიკით მოხიბლულმა პუბლიკამ ის ორჯერ იხმო ბისზე.
პირველი კონცერტის შემდეგ დაიწყო ერთკვირიანი მასტერკლასების სერია ბაზალეთის ტბაზე. კავკასიელ ჯაზმენებს მასტერკლასები მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო პედაგოგმა ჯასტინ დიჩიოჩიომ ჩაუტარა. 9 მაისს მონაწილეები დიდი სიყვარულით იხსენებდნენ ამ ერთ კვირას, როდესაც პოლიტიკური მიზეზებით ერთმანეთს დაშორებული მუსიკოსები დამეგობრდნენ, ერთად უკრავდნენ და ერთად ეუფლებოდნენ ჯაზის ხელოვნებას. მუსიკის სიყვარულისა და მეგობრობის “გამოცდა” კი, როგორც უკვე ვთქვით, 9 მაისს თბილისის ივენთ ჰოლში “ჩააბარეს”. დიჩიოჩიოს გადაწყვეტილებით, ჯგუფების შემადგენლობები აირია. აზერბაიჯანელი საქსოფონისტი და ბასისტი, სომეხი მეზურნე და კლავიში, ქართველი დრამერი და კლავიში - ყველანი ერთად იდგნენ სცენაზე და პუბლიკას ეთნოჯაზის ულამაზეს კომპოზიციებს სთავაზობდნენ. კონცერტის ბოლოს ემოციებმა პიკს მიაღწია. ოფიციალურ მონაწილეებს დარბაზიდან რამდენიმე ჯაზმენი შეუერთდა და სამსაათიანი ჯაზმარათონი ერთი დიდი კავკასიური ჯემსეიშენით დასრულდა. ფესტივალის ორგანიზატორმა ელენე მეჩითოვამ იმედი გამოთქვა, რომ Kavkaz Jazz ყოველწიურად გაიმართება. აღფრთოვანებულმა მონაწილეებმა კი თქვეს, რაც უფრო ხშირად გაიმართება ასეთი ღონისძიებები, უფრო ბედნიერები ვიქნებით, ეს ჩვენი ქვეყნების კულტურულ დაახლოებას ხელს შეუწყობსო.
აი, ასე უმასპინძლა თბილისმა ფესტივალს, რომელზეც ისმოდა ამერიკული მუსიკა, ოღონდ მხურვალე კავკასიური სულით.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები