მერკელის მარცხი

0 კომენტარი

9 მაისს რეგიონალური არჩევნები ჩატარდა გერმანიის ყველაზე ხალხმრავალ რეგიონში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში. არჩევნებში ვინ გაიმარჯვა, ძნელი სათქმელია, თუმცა უკვე გამოიკვეთნენ დამარცხებულები: ანგელა მერკელის პარტია, ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი (CDU) და მისი მოკავშირე თავისუფალი დემოკრატიული პარტია (FDP). როგორც ჩანს, ევროპელი ამომრჩეველი უკმაყოფილოა მთავრობის მუშაობით, მაგრამ უჭირს ალტერნატივის პოვნა. ამის ნათელი მაგალითია ბრიტანეთის არჩევნებიც.
ანგელა მერკელის პარტიამ ხმათა 34.6% დააგროვა, თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ 6.7%, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ - სოციალ-დემოკრატებმა - 34.5%, მწვანეთა პარტიამ - 12.1%, მემარცხენე პარტიამ კი - 5.6%. თუ მოვლენები იგივენაირად განვითარდება ყველა რეგიონში, მაშინ პარლამენტის უმაღლეს პალატაში, ბუნდესრატში, ქრისტიან-დემოკრატებს 67 ადგილი ერგებათ, თავისუფალ დემოკრატებს - 13, სოციალ-დემოკრატებს - 67, მწვანეთა პარტიას - 23, მემარცხენე პარტიას კი -11.
ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში 18 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და გერმანიის ამ ნაწილის შედეგები არჩევნების ბედს გადაწყვეტს. 2005 წელს, ამ რეგიონში დამარცხების შემდეგ, გერჰარდ შროდერმა კანცლერის პოსტი დაკარგა. ანგელა მერკელის შემთხვევაში საქმე ასე ცუდად არ არის, თუმცა, უმრავლესობის გარეშე დარჩენა მერკელს რეფორმების გატარებას გაურთულებს.
ორივე მთავარი პარტიის მხარდაჭერა კლებულობს. ქრისტიან-დემოკრატებმა 2005 წლის არჩევნებში 44.5% დააგროვეს, ამჯერად კი მხოლოდ 36.5%. თუკი არ ჩავთვლით 2005 წლის მონაცემებს, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ყოველთვის სოციალ-დემოკრატები ლიდერობდნენ. წელს მათ ამ რეგიონში, 1954 წლის შემდეგ, ყველაზე ცოტა ხმა ერგოთ. არჩევნები წარმატებული გამოდგა მწვანეთა პარტიისათვის. პარტიის მხარდამჭერთა რიცხვი გაორმაგდა. სოციალ-დემოკრატებს უმრავლესობის მოსაპოვებლად კოალიციის შექმნა მოუწევთ. თუმცა, მხოლოდ მწვანეთა პარტიასთან კავშირი მათ საპარლამენტო უმრავლესობას ვერ მოუტანს, მემარცხენეთა პარტიასთან კოალიციის შექმნა კი გაუძნელდებათ. მწვანეთა პარტიას კიდევ ერთი ვარიანტი აქვს - შეუერთდნენ ქრისტიან-დემოკრატების და ლიბერალებისკოალიციას. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც უნდა მოხდეს უმრავლესობის ფორმირება, მერკელისთვის სასურველი რეფორმები რთული გასატარებელი იქნება.
ამომრჩევლის იმედგაცრუება განაპირობა საბერძნეთისთვის 22 მილიარდი ევროს გამოყოფამ. ევროკავშირის ინიცირებული ფინანსური დახმარების უდიდესი ნაწილის გაღება გერმანიის მოქალაქეებს მოუწევთ.
ევროკავშირის ქვეყნებს შორის უძლიერესი ეკონომიკის მქონე გერმანიის საშინაო პრობლემებმა შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს მთლიანად ევროკავშირზე. მერკელის ლიდერობა ეჭვქვეშ დადგა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

კომენტარები