ამერიკული ბაზა ოკინავაზე რჩება

0 კომენტარი
ფოტო: საპროტესტო აქცია ამერიკული ბაზის წინააღმდეგ. ოკინავა

ამერიკული სამხედრო ბაზა კუნძულ ოკინავაზე დარჩება. ეს არასასიამოვნო ამბავი კუნძულის მოსახლეობას თავად პრემიერ-მინისტრმა იუკიო ჰატოიამამ შეატყობინა. ჰატოიამა პირველად იმყოფებოდა ოკინავაზე როგორც პრემიერი. ვიზიტს ფონად საპროტესტო აქციები გასდევდა. ასი ათასი ადამიანი აპროტესტებდა კუნძულზე ამერიკული ბაზის არსებობას.
ჰატოიამას განცხადებით, შეუძლებელია ბაზის მთლიანად გადატანა, რადგან იგი ქვეყნის თავდაცვას ემსახურება. იაპონიას საკუთარი პაციფისტური კონსტიტუცია უკრძალავს სამხედრო ძალების ყოლას, შესაბამისად, მისი უსაფრთხოება დამოკიდებულია ქვეყანაში დისლოცირებულ 50 ათას ამერიკელ სამხედროზე.
ოკინავაზე რამდენიმე ბაზა მდებარეობს, სადაც ჯამში 20 ათასი ამერიკელი სამხედრო მსახურობს. მოსახლეობას განსაკუთრებული პრეტენზიები აქვს ფუტენმას სამხედრო-საჰაერო ბაზის მიმართ - ჰაერის დაბინძურებისა და ხმაურის გამო.
2006 წელს ამერიკასა და იაპონიას შორის დაიდო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ფუტენმას ბაზა ოკინავას ხალვათად დასახლებულ ტერიტორიაზე უნდა გადაეტანათ. გარდა ამისა, ამერიკა დათანხმდა 2014 წლისათვის 8.000 სამხედროს გადაყვანას გუამზე, მაგრამ ხარჯები იაპონიის მთავრობას უნდა აენაზღაურებინა. ამჯერად ამერიკელებს აღარ სურთ შეთანხმების გადახედვა და ბაზის სტატუსის შესახებ ახალი მოლაპარაკების წამოწყება. იაპონიის მთავრობა კი ვერ პოულობს ადგილს მათ გადასატანად. იყო საუბარი ბაზის გადატანის შესახებ ახლომდებარე კუნძულ ტოკუნოშიმაზე, რასაც ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის მძაფრი პროტესტი მოჰყვა.
2009 წლის სექტემბერში ჰატოიამა ამომრჩევლებს სწორედ ბაზის საკითხის მოგვარებას დაჰპირდა. აღმოჩნდა, რომ იგი მთავარ საარჩევნო დაპირებას ვერ ასრულებს. დემოკრატიული პარტიის რეიტინგი 20%-ის ნიშნულთან მერყეობს. გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობის 60% მიიჩნევს, რომ თუ მაისის ბოლომდე ბაზის საკითხი არ მოგვარდა, ჰატოიამა უნდა გადადგეს. მეორე მხრივ, საეჭვოა სხვა პრემიერ-მინისტრმა მოაგვაროს ეს პრობლემა.
ივლისში იაპონიის საკანონმდებლო ორგანოს ზემო პალატის არჩევნებია. ოკინავას სამხედრო ბაზა დემოკრატიულ პარტიას გამარჯვების ბოლო შანსს ართმევს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები