მოდა თბილისშიც მოდაში შემოვიდა

0 კომენტარი

11 მაისს დასრულდა თბილისის მოდის კვირეული, რომელიც კომპანია ჯეოფეშენმა პარტნიორებთან ერთად სასტუმრო რადისონში მოაწყო. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შინაარსის ღონისძიება სულ რაღაც ერთი თვის წინ ჩატარდა, ამ სფეროში კიდევ აღმოჩნდა პოტენციალი და თბილისის მოდის კვირეულმა მოლოდინს გადააჭარბა.
ორგანიზატორებმა მოჩვენებით პომპეზურობას და ზედაპირული დღესასწაულის განცდას დიზაინერთა რეალური მხარდაჭერა და მათი ნამუშევრების კრიტიკული ანალიზი ამჯობინეს, რაზეც შერჩეული კოლექციების მაღალი დონე და საზოგადოების დიდი მხარდაჭერა მეტყველებდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოეწყო გამოფენა-დათვალიერება, რაც რეგიონული ბაზრის შექმნას და მზა ტანსაცმლის არარსებული ინდუსტრიის ჩამოყალიბებას დაეხმარება.
დახურული მასტერკლასი მოაწყო ფრანგულმა კომპანია პრომოსტილმა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა გლობალური დიზაინის ბიზნესში. ის იკვლევს და აყალიბებს მომავალ ტენდენციებს მოდის და ზოგადად დიზაინის სფეროში და შესაბამის სერვისს სთავაზობს დაინტერესებულ კლიენტებს. მასტერკლასი ქართველი ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი იყო როგორც ინფორმაციის მისაღებად, ისე მუშაობის თანამედროვე სტილის გასაგებად. 12 ახალგაზრდა დიზაინერს შესაძლებლობა მიეცა წარმოედგინა მინიკოლექციები. გამარჯვებული შაკო ნიკვა კი სრულყოფილი კოლექციით წარდგება მომავალ კვირეულზე.
თბილისის მოდის კვირეული სიმონ მაჩაბელმა გახსნა სხვადასხვა შავი ფაქტურით შექმნილი ნეოკლასიკური კოლექციით.
ატელიემ 10ა (იკა ბობოხიძე, თეონა თავართქილაძე) მინიმალისტური ტანისამოსი აჩვენა - მარტივი კვადრატული ფორმები პასტელური ტონების ნატურალური ქსოვილებისგან იყო შექმნილი. საინტერესო იყო ლითონისა და ტყავის ფუტურისტული ქამრები და ხელჩანთები. სტილისტურად შეკრული კოლექცია ზუსტად მოძებნილი მაკიაჟითა და თმის ვარცხნილობით იყო წარმოდგენილი.
თამუნა ინგოროყვამ რომანტიკული ტანისამოსი აჩვენა და თავისი ჩვენება მაღალი ხარისხის ჭრელი შიფონისგან შეკერილი უსახელო გრძელი კაბებით გახსნა. თხელი გამჭვირვალე მაქმანები კი კონტრასტულ პრიალა სარჩულზე გაათამაშა. აგრეთვე გამოიყენა ბეწვი და ბრჭყვიალა ფაქტურები.
კოლექციები სულ ცამეტმა დიზაინერმა წარმოადგინა, საფრანგეთში მცხოვრებმა დემნა გვასალიამ კი საინტერესო ვიდეოინსტალაცია მოაწყო - სხვადასხვა ფორმატის ეკრანებზე სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრების რეტროსპექტივა და სლაიდშოუ შემოგვთავაზა.
თბილისის მოდის კვირეულის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ნინო ჩუბინიშვილის დასკვნითი ჩვენება, რომელიც არა მხოლოდ მოდის სფეროში, არამედ მთლიანად ქართულ კულტურულ სივრცეში უდავოდ დიდ ადგილს დაიკავებს. მან მძაფრი ინდივიდუალიზმი და აგრესიული გრაფიკული ხაზები საოცრად ღრმა, პოეტურ სამყაროდ აქცია. მისი ნამუშევარი სცილდება მოდის უტილიტარულ ჩარჩოებს და თანამედროვე ხელოვნების ახალი ქართული ესთეტიკის ფაქიზი მაგალითია.
თბილისის მოდის კვირეული 2010 მწყობრად ორგანიზებული პროექტი აღმოჩნდა - კარგი დიზაინი, ბევრი ინფორმაცია და სტუმრები. თუ ორგანიზატორები მომავალი სეზონისთვისაც შეინარჩუნებენ მსგავს ენთუზიაზმს, იმედია, თბილისის მოდის კვირეული კავკასიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცევა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები