ანდრე გლუქსმანი

მეორე მსოფლიო ომის დასრულების აღსანიშნავად, როტშილდებმა შატო ფერიეზე ჰოლოკოსტს გადარჩენილი ობოლი ებრაელი ბავშვებისთვის წვეულება გამართეს. განწყობა საზეიმო იყო. უეცრად პატარა ანდრემ ფეხსაცმელი გაიძრო და მდიდარ მასპინძელს სტყორცნა...

ანდრე გლუკსმანმა ადამიანების თვალთმაქცობა ვერ აიტანა - თითქოს საზეიმო განწყობას ყველაფრის წაშლა შეეძლო.

ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსის მამა წარმოშობით რუმინეთიდან (ბუკოვინა) იყო, დედა - პრაღიდან. მათ პალესტინაში გაიცნეს ერთმანეთი, სადაც მანამ გადასახლდნენ, ვიდრე ჰიტლერის რეჟიმი ძალას მოიკრეფდა. პალესტინაშივე იქორწინეს და შეეძინათ ორი ქალიშვილი. 1930 წელს, ახალგაზრდა წყვილმა უარი თქვა კომფორტულ ცხოვრებაზე და ანტიფაშისტური ოპოზიციის დასახმარებლად გერმანიაში გაემგზავრა. 1937 წელს, გლუკსმანებმა ბეწვზე გაასწრეს ფაშისტებს საფრანგეთში. იმავე წელს დაიბადა ჯოჯო გლუქსმანი - გერმანულენოვანი ებრაელი ბავშვი. გარე სამყაროსათვის ის ფრანკოფონი ქრისტიანი ანდრე რივიე იყო. ოჯახი ყალბ საბუთებს იყენებდა და ლიონის შემოგარენში გამუდმებით იცვლიდა საცხოვრებელს.

1940 წელს გარდაიცვალა მამა. 1941 წელს კი საფრანგეთის პოლიციამ დაადგინა გლუკსმანების ვინაობა და ოჯახი ვიშისთან ახლოს, ბურგ-ლასტიკის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანა. მათ გერმანიაში დეპორტაცია ელოდათ. ანდრეს გამჭრიახმა დედამ საკონცენტრაციო ბანაკშიც გაიჩინა მიმდევრები, რომლებიც ხმამაღლა გამოხატავდნენ აღშფოთებას უსამართლო დაკავებასთან დაკავშირებით. აურზაურის შიშით, ბადრაგმა ოჯახი სხვა პატიმრებს ჩამოაცილა. საფრანგეთში დაბადებულ ანდრეს მოქალაქეობის უფლება ჰქონდა, რაც ოჯახის საფრანგეთში დატოვებისთვის საკმარის ბიუროკრატიულ საბაბად გამოდგა.

გერმანიაში მიმავალი ვაგონები ებრაელებით რომ „იტვირთებოდა”, ანდრეს დამ, მაიკმა შემადგენლობასთან მიირბინა და ყვირილი დაიწყო - „მე ებრაელი ვარ! შეცდომა მოხდა, მეც ებრაელი ვარ!”. დედამ იგი დაიჭირა, სახეში სილა გააწნა და უკან გამოსწია. პოლიციამ გლუკსმანებს თვალი აარიდა.

ის იმპულსი, რომლითაც ანდრე გლუკსმანმა ბანკირი როტშილდი „დააჯილდოვა” თან სდევს მთელს მის სამეცნიერო და პოლიტიკურ მოღვაწეობას. „მას შემდეგ, რაც 1989 წელს კედელი დაეცა, ბევრს შეექმნა ილუზია, რომ ყველაფერი კარგად არის და რომ კოშმარი დასრულდა. „სიზმრები ძილს იცავენ” - სთქვა ფროიდმა. ჩვენ ყველაფერს, რაც ძილს გვიფრთხობს, სიზმრებში ვაერთიანებთ, რათა არ გავიღვიძოთ... ძილს ბევრი მცველი ჰყავს. მოაზროვნის ამოცანაა მათ ებრძოლოს” - ამბობს ფილოსოფოსი.

გლუქსმანი ახალგაზრდობაში საფრანგეთის კომუნისტური პარტიაში გაწევრიანდა. მოგეხსენებათ, კომუნიზმი მაშინ მოდაში იყო. 1956 წელს, როდესაც საბჭოთა ტანკები ბუდაპეშტში შევიდნენ, მან დატოვა პარტია. მოგვიანებით კი, მემარცხენეების მხურვალე კრიტიკოსად იქცა, გახდა ანტიმარქსისტული მოძრაობის „ახალი ფილოსოფოსების” წევრი და ერთ-ერთი ლიდერი.

მოძრაობა “ახალი ფილოსოფოსები” მემარცხენე წარსულის მქონე მოაზროვნეებს აერთიანებს, აკრიტიკებს პოსტ-სტრუქტურალისტებს, ეგზისტენციალისტებს, მათ შორის სარტრს, ნიცშეს და ჰაიდეგერს. ანდრე გლუქსმანი ამტკიცებს, რომ მარქსიზმს ტოტალიტარიზმამდე მივყავართ. მისმა ნაშრომებმა, ფილოსოფოსი მემარცხენეებისთვის პერსონა ნონ-გრატად აქცია.

გლუქსმანი გამოირჩევა თავისი რადიკალური შეხედულებებით და ემხრობა ენერგიულ საგარეო პოლიტიკას. ის მხარს უჭერდა რონალდ რეიგანის გადაწყვეტილებებს ნიკარაგუასთან დაკავშირებით, საუბრობდა საფრანგეთის პასუხისმგებლობაზე რუანდის გენოციდში, გმობდა რუსეთის ქმედებებს ჩეჩნეთში. 2008 წელს, პეკინის ზაფხულის ოლიმპიადის დროს, ჩინეთის მთავრობას ვაცლავ ჰაველთან და სხვა საზოგადო მოღვაწეებთან ერთად მისწერა ღია წერილი. წერილი ჩინეთის ხელისუფლებას მოუწოდებდა ადამიანთა უფლებების პატივისცემისკენ.

14-15 მაისს ფრანგი ფილოსოფოსი თბილისს ეწვია. ტაბულამ მასთან გასაუბრება შეძლო.

ცოტა ხნის წინანდელ ინტერვიუში, გერმანულ გაზეთ ველტთან, საფრანგეთისა და გერმანიის ურთიერთობაში გაჩენილ ბზარზე საუბრობდით. ამბობთ, რომ გერმანია რუსეთისკენ მიტრიალდა. რა გავლენა ექნება ამას ევროკავშირის მომავალზე?

ეს ახალი ამბავი არ არის. გერმანიამ რუსეთისკენ შეტრიალება ჯერ კიდევ კანცლერ შროდერის დროს დაიწყო, რომელიც ახლა გაზპრომზე მუშაობს. გერმანიამ მე-19 საუკუნე გაიხსენა და გადაწყვიტა მისი მომავალი რუსეთის მოდერნიზაციასა და რუსული დემოკრატიის განვითარებას დაუკავშიროს. მგონია, რომ ეს შეცდომაა, რაც გერმანელების გულუბრყვილობით აიხსნება. გერმანია რუსეთს ვერ გარდაქმნის - რუსეთი ცბიერია. ეს მხოლოდ ილუზიაა, რომლის ტყვეობაშიც მოქცეულია გერმანიის მთელი პოლიტიკური სპექტრი: მემარცხენეები, მემარჯვენეები, მწვანეები. მათ რუსეთში ეკონომიკური სასწაულის მოხდენა სურთ, ივიწყებენ რა რუსეთის კორუმპირებულობის ხარისხს. ევროპისთვის, რომელსაც გარკვეულწილად საფრანგეთ-გერმანიის წყვილი მართავდა, ეს ძალიან ცუდია.

დღეს გერმანიის უპირველესი პარტნიორი რუსეთია, საფრანგეთი მე-3 თუ მე-4 ადგილზეა. მაგალითისთვის, გერმანია-საფრანგეთის თანამშრომლობაც კმარა, ატომური ენერგეტიკის დარგში: გერმანულმა სიმენსმა მიატოვა ფრანგული არევა და უმალვე რუსებთან გააფორმა კონტრაქტი. შედეგად, ერთმანეთის კონკურენტები გავხდით: ერთ მხარეს საფრანგეთი, მეორე მხარეს - გერმანია და რუსეთი.

გერმანიამ უარყოფითი გავლენა მოახდინა ევროს კრიზისზეც. იანვარში უკვე ცხადი იყო, რომ საბერძნეთი მძიმე მგომარეობაშია, რომ მოიტყუა, ითაღლითა, მაშინ საბერძნეთს არც თუ ბევრი - 40 მილიარდი ევრო ესაჭიროებოდა კრიზისიდან თავის დასაძვრენად. გერმანია უარზე დადგა. რატომ? ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზე საუბარსაც ერიდებიან - იმიტომ, რომ გერმანიაში თვითმმართველობის არჩევნები მოდიოდა და მერკელმა ფულის ამ მიზნით დახარჯვა წამგებიან წინასაარჩევნო თემად ჩათვალა. მან არჩევნები მაინც წააგო. დღეს კი, ევროპას ბერძნულ კრიზისში ბევრად მეტის გადახდა მოუწია. ხშირად წუწუნებენ, რომ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები ევროპას ძვირი უჯდება. საბერძნეთი ყველამ ერთხმად გაკიცხა. როგორც დავინახეთ, ევროპას გერმანიის თვითმმართველობის არჩევნები გაცილებით ძვირი დაუჯდა. მაგრამ გერმანია არავის გაუკიცხავს, ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს, იმიტომ, რომ გერმანია ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, მაგრამ არარაციონალური და არც თუ ძალიან ჭკვიანი.
საფრანგეთი, ჩემი აზრით, ჯერ ვერც ხვდება ბოლომდე რა მოხდა. ის გერმანიას ბაძავს და ცდილობს, რუსეთთან ურთიერთობაში დაეწიოს.
მისტრალის გარიგება ამის მაგალითია.

შემდეგი კითხვაც სწორედ ესაა - რა არის მისტრალის გარიგების მიზეზი? მხოლოდ ფინანსური ინტერესი თუ...

...რასაკვირველია ფინანსური ინტერესიც, მაგრამ მისტრალის გარიგება საფრანგეთს არც ამდიდრებს და არც აღარიბებს. რეალური მოტივაცია ისაა, რომ საფრანგეთი გერმანიას ბაძავს. გერმანია-რუსეთის ეკონომიკური ინტეგრაციის დაბალანსებას, ჩემი ქვეყანა რუსებისთვის გემების და რენოების მიყიდვით ცდილობს.

ვფიქრობ, მისტრალის გარიგება საფრანგეთის სირცხვილია. რუსებმა ღიად განაცხადეს, რომ ამ გემით საქართველოს 40 წუთში დაიპყრობენ. მართალია სტრატეგიულად არაფერი იცვლება - საუბედუროდ “უფროსი ძმა” მისტრალის გარეშეც დაიპყრობს საქართველოს 40 წუთში ან 26 საათში, თუკი მოინდომებს. მაგრამ ის, რომ გარიგება ძალიან ცუდი პოლიტიკური გზავნილია, ფაქტია. ამაზე საუბრობენ ბალტიისპირელები, რუმინელები, მთელი აღმოსავლეთ ევროპა. ამას გარდა, საფრანგეთმა დაარღვია ნატოსა და ევროკავშირის ეთიკის კოდექსი.

საფრანგეთი შეწუხებულია. ის ცდილობს დაამტკიცოს, რომ მისტრალი მხოლოდ კომერციული გარიგებაა და რომ საქართველო საფრანგეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ფაქტია, ეს ნაბიჯი უჭკუოდაა გათვლილი. მე და ჩემი თანამოაზრეები ყოველთვის ვსაუბრობთ ამ თემაზე ფრანგულ მედიასთან. არასოდეს უნდა დავივიწყოთ, რომ რუსული ფული კორუმპირებულია. ცოტა ხნის წინათ რუსებმა ფრანგულ მედიაშიც დაიწყეს ფულის დაბანდება. იყიდეს პატარა ჟურნალიც - ფრანსუა, რომელიც 30 წლის წინ მნიშვნელოვანი გამოცემა იყო. ჟურნალი რუსმა ოლიგარქმა, გვარად პუგაჩოვმა, შეიძინა თავისი შვილისთვის. რა იციან, რაში გამოადგებათ? საყურადღებოა, რომ სწორედ პუგაჩოვი გეგმავს მისტრალის აწყობას სანკტ პეტერბურგში, თუ გარიგება საბოლოოდ შედგა.

ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ევროპისა და ამერიკის თაფლობის თვე დამთავრდა, ობამა არ ჩავიდა ბერლინის კედლის დანგრევის 20 წლისთავზე, ვერც ევროპა-ამერიკის სამიტზე დასწრება მოახერხა. რა ხდება?


ვფიქრობ, დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა. აქამდე ობამა 40 მილიონი ამერიკელის დაზღვევაზე ფიქრობდა. ის, რაც კლინტონმა ვერ მოახერხა, ობამამ შეძლო და ჯანდაცვის კანონი გაიტანა. ჯერ-ჯერობით, მთელი მისი ძალისხმევა ქვეყნის შიდა საკითხებს ხმარდება და ქვეყნის გარეთ პრობლემებს ერიდება. ვფიქრობ, ჩვენ ჯერ არ ვიცით რა ხდება ამერიკის მთავრობაში, სადაც ობამას გარდა სხვა ადამიანებიც არიან, მაგალითად, ბაიდენი, რომელიც არც ობამასნაირი გულუბრყვილოა და არც მისნაირი მეოცნებე. დღეს ვერ განვსჯით, რას უნდა ველოდოთ ობამასგან.

მაგალითად ჩინეთი ავიღოთ. თაფლობის თვე ამერიკას ჩინეთთანაც ჰქონდა. მაგრამ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობის მიერ გუგლის აკრძალვას, ჰილარი კლინტონმა „მსოფლიოში საინფორმაციო რკინის ფარდის დაშვება” უწოდა. ეს განცხადება ალუზიაა და ჩერჩილის ცნობილი ფულტონის მიმართვის მთავარ ფრაზას იმეორებს. ამ გამოსვლაში ჩერჩილმა ევროპის გაყოფის შესახებ ამცნო საზოგადოებას. ეს გზავნილი ჩინელებმაც მშვენივრად გაიგეს.

ჰილარი კლინტონი მართალია. დღეს ყველა “რბილ” ძალაზე საუბრობს, ობამას რიტორიკით, “რბილი” ძალა ერთმანეთის ფერება და სიყვარული გვეგონა. ჰილარი კლინტონის განცხადებამ კი ცხადყო, რომ “რბილი” ძალა ინფორმაციაა. ინფორმირებულ საზოგადოებაში ფანატიზმი და ნაციონალიზმი ფეხს ვერ მოიკიდებს.

სწორედ ამიტომაა ძალიან კარგი იდეა საქართველოს პირველი კავკასიური არხი. თქვენი ქვეყანა სამხედრო ძალით ვერავის გააკვირვებს, მაგრამ მის მეზობლებს, საქართველოს მაგალითით, საშუალება მიეცემათ ნახონ, რომ შესაძლებელია განვითარება, თავისუფალი დისკუსია, დემოკრატიული ცხოვრება, კორუფციასთან და სიღარიბესთან ბრძოლა. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. გაზეთ კომერსანტში საინტერესო რამ წავიკითხე: მოგეხსენებათ, რუსეთის პოლიცია ისეთ საშინელ დღეშია, მედვედევიც კი შეწუხდა. კომერსანტი ამბობს, რომ რუსეთის პოლიციაშიც იგივე რეფორმა უნდა გატარდეს, რაც ქართულმა პოლიციამ გაიარა - ანუ საქართველო მაგალითის მიმცემია. ინფორმაცია მნიშვნელოვანი იარაღია - გუგლი უფრო ძლიერია, ვიდრე ნაპოლეონი.

რაც შეეხება იმას, რომ ბერლინის კედლის დანგრევის იუბილეზე ობამა არ ჩავიდა, რასაკვირველია, ეს შეცდომა იყო.

აღმოსავლეთ ევროპა აღელვებულია. ევროპელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა და მოაზროვნეებმა - ვაცლავ ჰაველმა, ადამ მიხნიკმა, მარტ ლაარმა და სხვებმა - ობამას მისწერეს წერილი, რომელშიც საუბრობენ იმაზე, რომ ამერიკამ აღმოსავლეთ ევროპის მიმართ ხელი დაიბანა. რამდენად საფუძვლიანია მათი შიში?

წერილის ხელმომწერებს სამართლიანად ეშინიათ, რომ ობამა ატლანტის ოკეანის აუზის ქვეყნებიდან წყნარი ოკეანისკენ შეტრიალდება. მათ აქვთ საფუძველი, ამერიკის პრეზიდენტს უთხრან: „ფრთხილად!”, რადგან ისინი უკეთ იცნობენ თავიანთ ყოფილ მეტრს - რუსეთს, ვიდრე ობამა.

თქვენ თავის დროზე მხარს უჭერდით ჩეჩნეთის დამოუკიდებლობას, მაშინ, დღეს კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აპროტესტებთ. რა ლოგიკით?

რუსებმა 200 000 ჩეჩენი გაწყვიტეს. ეს ძალიან ბევრია იმ ერისთვის, რომელიც მილიონზე ნაკლებს ითვლის. მე არ ვუჭერდი მხარს წითელი არმიის ყოფილ ჩინოსნებს: დუდაევს, მასხადოვს, ბასაევს და სხვა ტერორისტებს, მე მხარს ვუჭერდი ხალხს, რომელიც 300 წელია იბრძვის დამოუკიდებლობისათვის და რომელიც ამოწყვიტეს. რატომ ამოწყვიტეს? ამას ჩემზე კარგად ტოლსტოი ხსნის: იმიტომ, რომ რუსეთში შემავალი დანარჩენი ერებისთვის გაკვეთილი ჩაეტარებინათ - შეხედეთ, რა მოსდით მათ, ვინც არ გვემორჩილება. თითქოს პუტინმა, ჩეჩნეთის მეორე ომამდე ტოლსტოი წაიკითხა.

აფხაზეთი განსხვავებული შემთხვევაა. ჩეჩნეთში თუ რუსებმა ჩეჩნები ამოწყვიტეს, აფხაზებმა, რუსების დახმარებით, ქართველებს მოუწყვეს ეთნიკური წმენდა. აფხაზები დამოუკიდებლობის აღიარებას კი არა, ეთნიკური წმენდის შედეგების დაკანონებას ითხოვენ. აფხაზეთის დამოუკიდებლობის იდეას ორი ნაკლი აქვს: ერთი, ეს არ არის დამოუკიდებლობა, ეს რუსეთის ცუდად შენიღბული ანექსიაა - რატომაც არა, აფხაზეთი აქაური ლაჟვარდოვანი სანაპიროა. რუსებმა ფრანგულ ლაჟვარდოვან სანაპიროზე უკვე იყიდეს ყველაფერი, გაზპრომის ფულით. მაგრამ ჩვენთან თუ ფულით იყიდეს, აქ ძალით წაიღეს. მეორე, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება ეთნიკური წმენდის შედეგების აღიარებას ნიშნავს. იგივე ითქმის ოსეთზეც. თუმცა, ამ უკანასკნელის დამოუკიდებლობაზე საუბარიც არ მინდა. ოსების მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, მაფიოზების მართული 30 ათასი ადამიანი რომ ქვეყანას ვერ შექმნის, გასაგებია. მათი ავტონომია საქართველოს ფარგლებში მისაღებია, მაგრამ ავტონომია რუსეთის მიერ ანექსიას სულაც არ ნიშნავს.

მე კოსოვოს დამოუკიდებლობასაც ვუჭერდი მხარს. იმიტომ, რომ სერბებმა ეთნიკური წმენდა მოუწყვეს ალბანელებს, რომლებიც კოსოვოს მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ. ეთნიკური წმენდა მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩემი ლოგიკაც ამ ფაქტორს ეყრდნობა.

თვალშისაცემია, რომ რუსებმა ტაქტიკა შეცვალეს და საქართველოს გადაყლაპვას ახლა ტკბილი სიტყვებით ცდილობენ. საუბრობენ ქართველი და რუსი ხალხის საუკუნოვან მეგობრობაზე, ხვდებიან ოპოზიციის ლიდერებს, დღესასწაულებზე ამღერებენ ქართველ მომღერლებს, ეპატიჟებიან „ინტელიგენციას” და ამით ცდილობენ დაამტკიცონ, რომ პრობლემა სააკაშვილია და არა საქართველო. ამაზე რას იტყვით?

კარგი ნიშანია, რომ პუტინი და კრემლი ციხის შიგნიდან გატეხვას ცდილობენ. ცალკეული ადამიანების ყიდვა ნაკლებად მავნებელია, ვიდრე ქალაქს მომდგარი ტანკები. პუტინმა ძალით „სააკაშვილის რეჟიმი” - როგორც თვითონ უწოდებს - ვერ დაამხო, ახლა სხვა გზებს ეძებს. ვფიქრობ, პუტინის მიერ ტაქტიკის შეცვლა პირველ რიგში საქართველოს წარმატებაა. რასაკვირველია, რუსებს დღესაც შეუძლიათ თბილისის აღება, მაგრამ ამის შემდეგ მათ მოუწევთ იმ საზოგადოებასთან გამკლავება, რომელსაც კრემლი სძულს. ამიტომ, პუტინი ხალხის მოსყიდვას ცდილობს, ანუ იგივეს აკეთებს, რაც უკრაინაში ჩაიდინა. თუმცა, მან ჯერ უკრაინაშიც ვერ გაიმარჯვა. უკრაინა გაყოფილია. ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთზე დამოკიდებულების კატეგორიული წინააღმდეგია.

ის, რომ საქართველო რუსეთის ავადმყოფური ჟინის ობიექტია, 300 წელია ვხედავთ. ცოტა ხნის წინათ, პრიმაკოვის დაბადების დღეზე პუტინმა საქართველოს გაერთიანების სადღეგრძელო დალია. ვიღაცებს ეგონათ, რომ ის აფხაზეთის და ოსეთის საქართველოსთვის დაბრუნებას გულისხმობდა. რასაკვირველია, არა. მან საქართველოს და რუსეთის გაერთიანების სადღეგრძელო დალია. უკვე ვთქვი, რომ ეს აღარაა პოლიტიკა, ეს ავადმყოფობაა, რომელსაც მე-19 საუკუნის რუს მწერლებამდე მივყავართ. მხოლოდ ის, რომ საქართველო რეგიონის რივიერაა, არ ხსნის რუსეთის ინტერესს. აქ უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნის ფსიქოლოგია. საქართველო სხვა ტიპის ქვეყანაა, უფრო ლაღი და თავისუფალი. საქართველო რუსული ცხოვრების წესის ანტიპოდია. სწორედ ეს აგიჟებს რუსეთს.

კომენტარები