შეშფოთებაზე მეტი

დევიდ მილიბენდი
23 მარტს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ მილიბენდმა, ლონდონში ისრაელის საელჩოს თანამშრომელს, რომელიც სავარაუდოდ მოსადის აგენტია, ქვეყანა დაატოვებინა. მის ვინაობას არ ახმაურებენ. მილიბენდის განცხადებით, დიპლომატი კავშირშია ბრიტანეთის მოქალაქეთა პასპორტების გაყალბებასთან. ქვეყნის საგარეო დეპარტამენტმა საკუთარ მოქალაქეებს ურჩია, განსაკუთრებით გაუფრთხილდნენ საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს ახლო აღმოსავლეთში ან ჩრდილოეთ აფრიკაში მგზავრობისას. ბრიტანეთს შესაძლოა მიბაძონ ირლანდიამ და ავსტრალიამ, რომლებიც ჯერჯერობით, მხოლოდ მკაცრი განცხადებებით შემოიფარგლნენ.
მიმდინარე წლის იანვარში, დუბაიში მოკლეს ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი, მაჰმუდ ალ-მაბჰუჰი. გამოძიებით შედგა ეჭვმიტანილთა სია, რომელშიც ბრიტანეთის, ირლანდიის, საფრანგეთისა და ავსტრალიის 27 მოქალაქე მოხვდა. საბოლოოდ გაირკვა, რომ ალ-მაბჰუჰის მკვლელებმა სპეცოპერაციისას გამოიყენეს გაყალბებული პასპორტები, თუმცა დოკუმენტებში მოხსენიებული ადამიანები რეალურად არსებობენ. დუბაის პოლიცია ირწმუნება, რომ ალ-მაბჰუჰი ისრაელის სადაზვერვო სამსახურმა, მოსადმა მოკლა.
ისრაელის ხელისუფლება ბრალდებას უარყოფს. თუმცა, ისრაელის მედიის გამოხმაურება ბრალდებას არცთუ უსაფუძვლოდ წარმოაჩენს. ქვეყნის გავლენიან გამოცემაში დაიბეჭდა სტატია „იოლად გამოვძვერით”, რომელშიც ნათქვამია, რომ ის, ვინც პასპორტები გააყალბა, საზღაურისთვისაც მზად იყო.
ისრაელისა და ბრიტანეთის ურთიერთობაში მსგავსი სკანდალი პირველი არ არის: 1987 წელს, მარგარეტ თეტჩერმა კესინგტონში განთავსებული, ისრაელის საგარეო დაზვერვის, მოსადის ბიურო დაკეტა, მისი თანამშრომლები კი, ქვეყნიდან გააძევა. პრემიერ-მინისტრ თეტჩერის განრისხება, ლონდონში პალესტინელი ჟურნალისტის, ნაჯი ალის მკვლელობას მოჰყვა, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ მოსადმა დიდი ბრიტანეთის დაზვერვას მოსალოდნელი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია დაუმალა. მოსადი დიდ ბრიტანეთში მხოლოდ 11 წლის შემდეგ დაბრუნდა.
მიუხედავად დაპირისპირებისა, ბრიტანეთ-ისრაელის ურთიერთობათა სერიოზული გართულება მოსალოდნელი არ არის. სავარაუდოდ, გაძევებული დიპლომატის თანამდებობაც 6 კვირის განმავლობაში შეივსება. თავად მილიბენდმაც აღნიშნა, რომ ქვეყნები მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებენ. მნიშვნელოვან საკითხთა შორისაა დაზვერვის სფეროც: ისრაელი ბრიტანეთს ფასეულ ინფორმაციას აწვდის ირანზე.


 

კომენტარები