დებატები პირველ არხზე

ცოტა დრო რჩება 30 მაისამდე - იმ დღემდე, როცა თბილისის მოსახლეობა, ადგილობრივი არჩევნების ფარგლებში, პირდაპირი წესით პირველად აირჩევს ქალაქის თავს. არჩევნებამდე სამი კვირით ადრე მერობის 5 კვალიფიციური კანდიდატი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გამართულ დებატებში შეხვდა ერთმანეთს. გიგი უგულავას, ირაკლი ალასანიას, გია ჭანტურიას, გოგი თოფაძესა და ზვიად ძიძიგურს თანაბარი სარბიელი მისცეს ამომრჩეველთან სასაუბროდ. დებატები გაიმართა მერობის არაკვალიფიციურ კანდიდატებს შორისაც.
მსგავსი ტიპის წინასაარჩევნო სატელევიზიო დებატები განვითარებული დემოკრატიების დამახასიათებელი ნიშანია. გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან არჩევნების წინ მათი გამართვა ნორმად იქცა დასავლეთის ბევრ ქვეყანაში. ამ სატელევიზიო დებატებს შორის პარალელის გავლება ძნელია. მათგან ზოგი საინტერესო იყო, ზოგმა გააღიზიანა მაყურებელი, ზოგი მოსაწყენი აღმოჩნდა, ზოგმა შედეგებზეც იმოქმედა. შედეგებზე გავლენის მხრივ, ყველაზე ცნობილია პირველი საპრეზიდენტო დებატები აშშ-ში, კენედისა და ნიქსონს შორის. თუმცა, ეს დებატები მაინც არ ყოფილა ერთადერთი მიზეზი, რამაც არჩევნების შედეგები განსაზღვრა.
ქართული დებატები უდავოდ მოსაწყენთა რიგში ჩაიწერა და ძნელად სავარაუდოა, მას არჩევნების შედეგებზე რამე გავლენა მოეხდინა. დებატებს გავლენა მაშინ აქვს, როცა კანდიდატების რეიტინგებს შორის სხვაობა უმნიშვნელოა, სამიზნე აუდიტორია კი ძირითადად ის ამომრჩეველია, ვისაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. 8 მაისის დებატების შემთხვევაში კი, როცა ბოლო გამოკითხვით, გიგი უგულავასა და რეიტინგით მეორე კანდიდატს შორის სხვაობა 50%-ია, ეს ნაკლებად მოსალოდნელი იყო. და მაინც, ეს სატელევიზიო დებატები ხელს, პირველ რიგში, მერობის ოპოზიციონერ კანდიდატებს აძლევდა. მათ, მიუხედავად რეიტინგისა, არა მხოლოდ საკუთარი თავისა და პროგრამის კიდევ ერთხელ შეხსენების შესაძლებლობა მიეცემოდათ, არამედ მოქმედი მერისა და მისი გაკეთებული თუ გაუკეთებელი საქმეების კრიტიკისაც.
ზოგადად კი პირველი არხის ეთერით გადმოცემულმა დებატებმა საზოგადოების განვითარების დონე აირეკლა და კიდევ ერთხელ დაგვანახა ქართულ პოლიტიკაში არსებული პრობლემები. მერობის კანდიდატები სიღრმისეული დებატებისთვის მზად არ იყვნენ. დასავლეთში მსგავს დებატებზე დასმული საკითხები მანამდეც მრავალჯერაა განხილულული კანდიდატების მხრიდან. მათი პარტიული პროგრამებიც კონკრეტულ პოლიტიკურ ხედვას ემყარება. საქართველოში ამაზე საუბარიც ზედმეტია. კანდიდატები, ჩვეულებრივ, პოპულისტურ-სოციალისტური განცხადებებით - იქნება ეს „უფასო” სერვისები, თუ პროდუქცია - ამომრჩეველთა გულის მოგებაში ეჯიბრებიან ერთმანეთს.
8 მაისის დებატების მონაწილეები შეკითხვებს ერთი საათით ადრე გაეცნენ და შემდეგ, როგორც ჩანს, წინასწარ მომზადებული პასუხებიდან გადახვევა აღარც უფიქრიათ. მართალია, პირველი არხის დებატების ფორმატი დისკუსიის საშუალებას არ იძლეოდა, მაგრამ კომენტარებისთვის გამოყოფილი მცირე დროის განმავლობაშიც, ფაქტობრივად, არ მოგვისმენია ერთმანეთის პროგრამებისა თუ იდეების კრიტიკა. ეს გასაკვირი არცაა. იმისათვის, რომ სხვისი პროგრამა და იდეები გააკრიტიკო, თავად უნდა იყო ჩამოყალიბებული იდეოლოგიურად.
დებატებს ერთი ღირსებაც ჰქონდა - საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ზოგიერთი საკითხი კონსტრუქციულად, მაგრამ მაინც ზედაპირულად განიხილეს. თუმცა, კონსტრუქციულობის მიზეზი ფორმატი იყო და არა კანდიდატების მზაობა საქმიანი საუბრისთვის.
ამ ყველაფერმა დებატები წინასაარჩევნო რეკლამის ერთ დიდ ბლოკს დაამსგავსა და მაყურებლისთვის მოსაწყენ სანახაობად აქცია. დებატების მოსაწყენობაზე სოციალურ ქსელებშიც აქტიურად საუბრობდნენ. ეს რეიტინგზეც აისახა.
საქართველოს ამომრჩეველმა დებატებს რუსთავი 2-ზე „პოსტსკრიპტუმისა” და „ქლაბ შოუს”, ხოლო იმედზე სერიალების ყურება არჩია. „თი-ვი-ემ-არ საქართველოს” (კომპანია, რომელიც ტელეარხების რეიტინგებს ზომავს), მონაცემებით, პირველ არხს დებატების დასაწყისში ტელეაუდიტორიის 4,56% უყურებდა, დასასრულს კი- 3.6%.
ამის მიზეზი მხოლოდ არხის დაბალი რეიტინგი არ უნდა ყოფილიყო და, შესაბამისად, არც საზოგადოების დიდი ნაწილის არაინფორმირებულობა ამ დებატების შესახებ. მერობის კანდიდატების თუნდაც უღიმღამო პაექრობას ბევრმა რომ არ უყურა, გარდამავალი დემოკრატიის პოლიტიკურ კულტურაზე მეტყველებს.
დასავლეთში მკვლევარები დებატების მიზანშეწონილობის საკითხსაც განიხილავენ. ერთნი სატელევიზიო დებატების დადებით ასპექტებს გამოყოფენ: დებატები საუკეთესო გზაა, მოიცვა დიდი აუდიტორია; მას საგანმანათლებლო მნიშვნელობა აქვს, ანუ ამომრჩეველს შესაძლოა გაუჩინოს სურვილი, მეტი გაიგოს კანდიდატისა და მისი პროგრამის შესახებ; ის მაყურებელს საშუალებას აძლევს, შეაფასოს კანდიდატის პირადი თვისებები, მისი უნარი - დაარწმუნოს ამომრჩეველი და გაიგოს ოპონენტის პოზიცია; დებატები კანდიდატებისთვის „თანაბარი სათამაშო მოედანია” საკუთარი ხედვისა და პროგრამების წარმოსადგენად და ერთმანეთთან ღიად შეჯიბრისათვის.
მეორენი იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რაც დებატებს ახლავს. იგი პოლიტიკის არაჯანსაღ პერსონალიზაციას იწვევს - წინა პლანზე პიარსპეციალისტების მიერ კარგად შეფუთული ლიდერები გამოდიან. სატელევიზიო დებატები სანახაობრივია და ნაკლები ყურადღება ექცევა შინაარსს. მით უმეტეს, რომ მნიშვნელოვან საკითხებს მსგავსი ფორმატის სატელევიზიო დებატების გარეშეც განიხილავენ პოლიტიკოსები და ამომრჩეველიც მეტ-ნაკლებად ინფორმირებულია.
ასეთი შოუს მიზანშეწონილობა განიხილეს დიდ ბრიტანეთშიც, სადაც წელს პირველად ჩატარდა სატელევიზიო დებატები პრემიერმინისტრობის კანდიდატებს შორის. აღინიშნა, რომ ბრიტანელი პოლიტიკოსები ისედაც აქტიურად პაექრობენ. მაგალითად, ბრიტანეთის პრემიერს პარლამენტში გაცილებით უფრო მწვავე შეკითხვებზე უწევს პასუხის გაცემა, ვიდრე სატელევიზიო დებატებისას.
საქართველოშიც ამომრჩევლები კარგად იცნობენ კანდიდატებსა და მათ დაპირებებს. პოლიტიკოსებს წინასაარჩევნოდ აქამდეც ეთმობოდათ და კვლავ დაეთმობათ სხვადასხვა არხის ეთერი. თუ მსგავსი ფორმატის დებატები მაინც დამკვიდრდება, მისი დახვეწა, დროის გარდა, საზოგადოების ევოლუციაზე იქნება დამოკიდებული. პოლიტიკური ლიდერებისგან ცოდნასა და მართვის დახვეწილ უნარებს განვითარებული საზოგადოებები მოითხოვენ.


 

კომენტარები