გიგი უგულავა სიტყვა და საქმე

0 კომენტარი

წლევანდელი არჩევნები წინამორბედებს არ ჰგავს. თუ წინა არჩევნების დროს პარტიები ძირითადად ლანძღვა-გინებაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ამ წინასაარჩევნო კამპანიის ფოკუსში სოციალური პოპულიზმია. ამას გარდა, წელს თბილისი პირველად აირჩევს პირდაპირი წესით ქალაქის თავს. ხელისუფლების ეს ინიციატივა პირველად მისივე კანდიდატმა გიგი უგულავამ გააჟღერა.
2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ოპოზიციის კანდიდატმა თბილისში არჩევნები მოიგო; იმავე წელს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია დამარცხდა, მაგრამ მაღალი შედეგი აჩვენა; რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის უკანასკნელი კვლევის მიხედვით, მმართველი პარტიის კანდიდატი თავის უახლოეს კონკურენტს 40 პუნქტზე მეტით უსწრებს. ეკონომიკურ ლიბერალიზმთან ერთად, ალბათ, ესეცაა მიზეზი, რომ მოქმედი მერი, სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, მიწიერ სამოთხეს არავის ჰპირდება. გიგი უგულავას კანდიდატებს შორის ყველაზე ნაკლებად სოციალისტური რიტორიკა აქვს. ის ამბობს რომ, საუკეთესო სოციალური პროგრამა დასაქმებაა და არა პირდაპირ საჯარო სახსრების ხარჯვა. თუმცა, მერიის 2010 წლის ბიუჯეტი მოქმედი მერის რიტორიკასა და საქმიანობას შორის შეუსაბამობას უსვამს ხაზს.
სიღარიბის დასაძლევად სახელმწიფომ აპრობირებული მეთოდი უნდა გამოიყენოს: მოახდინოს ბაზრის მაქსიმალური ლიბერალიზაცია, მოუხსნას ბიზნესს დაბრკოლებები, კერძო სექტორი უზრუნველყოს იმგვარი სიკეთეებით, როგორიცაა უსაფრთხოება, მართლმსაჯულება, სტაბილური ფული, ინფრასტრუქტურა და დაეხმაროს მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც თავად არ შეუძლიათ საკუთარი თავის დახმარება.
იმ გუნდმა, რომელსაც უგულავა წარმოადგენს, მართლაც არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით: ბიზნესის დაწყება გამარტივებულია, ბიუროკრატიული ბარიერები - შემცირებული, ინფრასტრუქტურა ვითარდება, ქუჩები უსაფრთხოა... „გასაკეთებელი კიდევ ბევრია”, მაგრამ 2007 წლის ბოლოდან დღემდე, მმართველი გუნდი მუდმივად წინასაარჩევნო რეჟიმშია, ოპონენტების პოპულიზმს, პოპულიზმითვე პასუხობს, საამაყო ლიბერალურმა კურსმა კი არათანმიმდევრული ხასიათი შეიძინა.
ბოლო ორი წელია ხელისუფლება, ამომრჩევლის გულის მოსაგებად, ცდილობს, თავად იკისროს ის ფუნქცია, რაც კერძო სექტორს აკისრია - გასცეს კრედიტები და სუბსიდიები და პირდაპირ დაეხმაროს ამა თუ იმ სოციალურ ჯგუფს.
მისასალმებელია, რომ უგულავას მიერ წამოწყებული დასაქმების ინიციატივები ისეთი მოუხეშავი არ არის, როგორიც, მაგალითად, წინა საპარლამენტო არჩევნების დროს სახელდახელოდ მოგონილი დასაქმების პროგრამა იყო. მაშინ სახელმწიფო პირდაპირ აფინანსებდა 3 თვით დასაქმებულთა ხელფასებს. მოქმედი მერის ინიცირებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, მოსახლეობის დასაქმების გარდა, ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, უმუშევრობის დაძლევის ერთადერთი სწორი გზაა. ინგლისურის და კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსები, სხვა თუ არაფერი, მოსახლეობას იმას მაინც ახსენებს, რომ კომპიუტერის მოხმარებისა და ინგლისური ენის ცოდნა მათ დასაქმებას უფრო იოლს ხდის.
თუმცა, იგივეს ვერ ვიტყვით ინიციატივაზე - „დაიწყე ბიზნესი მერიასთან ერთად”, რომელიც ბიზნესმენებს საშუალებას აძლევს შეღავათიანი კრედიტი აიღონ იმ პირობით, თუ ერთ სოციალურად დაუცველს დაასაქმებენ. ბაზრის ერთი მოთამაშისთვის მეორესთან შედარებით შეღავათიანი პირობების შექმნა ეკონომიკისთვის საზიანოა. მსგავსი ღონისძიებები უმუშევრობას არ შველის, რადგან როდესაც ბაზარზე ერთი სუბიექტი ხელოვნურად შემოგვყავს, სხვას აუცილებლად ხელოვნურად ვაგდებთ. ამას გარდა, კადრების შერჩევა გაჭირვების ხარისხის (და არა კვალიფიკაციის) მიხედვით, მანკიერი პრაქტიკაა და ბიზნესს აზარალებს.
მოწონებას იმსახურებს გიგი უგულავას მიერ, წინასაარჩევნო დებატების დროს, ყურადღების გამახვილება სოციალურად დაუცველთა სისტემის სრულყოფის აუცილებლობაზე. თუმცა, მისი ეს განცხადება არ შეესაბამება მის მიერვე გატარებულ ზომებს. მაგალითად, თბილისის მერიამ 2010 წლის 1 მარტიდან ყველა თბილისელ პენსიონერს, განურჩევლად მათი ფინანსური მდგომარეობისა, პენსიაზე 10-ლარიანი დანამატი დაუნიშნა, მაშინ, როდესაც შეიძლებოდა ეს თანხა იმ ადამიანებზე დაგვეხარჯა, ვისთვისაც თითოეულ ლარს მნიშვნელობა აქვს.
ასევე წინააღმდეგობრივია შეღავათები საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობაზე. მერიის ინიციატივით, შეღავათებით სარგებლობენ პენსიონერები, მასწავლებლები, სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობების პირები, მიუხედავად მათი ფინანსური მდგომარეობისა. გაურკვეველია, რატომ ენიჭებათ მასწავლებლებს უპირატესობა, მაგალითად, მუსიკოსებთან ან ექთნებთან შედარებით. ამ შემთხვევაშიც ობიექტური კრიტერიუმი მხოლოდ გაჭირვების ხარისხი შეიძლება იყოს და არა მოქალაქის საქმიანობა.
თავისუფალი ბაზრის მომხრეები აკრიტიკებენ მერიის მიერ ჯანდაცვის სფეროში გატარებულ ღონისძიებებსაც. მოწინააღმდეგეების ერთ-ერთი არგუმენტი ისაა, რომ მერია კონკრეტული ინდივიდების ნაცვლად საავადმყოფოს აფინანსებს, ფარავს რა კონკრეტული ოპერაციების ხარჯებს, მიუხედავად პაციენტის ფინანსური მდგომარეობისა. მაშინ, როდესაც შესაძლებელია, რომ ღარიბ ადამიანებს მიეცეთ ვაუჩერები და მათ თავადვე გადაწყვიტონ, რომელ საავადმყოფოში ურჩევნიათ ოპერაციის გაკეთება. ამ გზით, ბიუჯეტის ფული დაიხარჯება იმაზე, ვისაც სასიცოცხლოდ სჭირდება, კლინიკებს შორის კონკურენცია გაიზრდება, რაც, თავის მხრივ, დადებითად იმოქმედებს სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და ფასზე.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფომ 2005-2006 წლებში 12 მილიონი ლარი დახარჯა ღარიბების იდენტიფიცირებაზე. მაშინ გაჭირვებულების მონაცემთა ბაზაში მოხვედრის კრიტერიუმებმა უკმაყოფილება და უთანხმოება გამოიწვია. წელს მერიამ დაახლოებით 742 მილიონი ლარის მოცულობის ბიუჯეტიდან, 112 მილიონი ლარი გამოყო სოციალურ პროგრამებზე. კარგი იქნებოდა, ამ თანხის ნაწილი ღარიბ თბილისელთა იდენტიფიკაციის უკეთესი სისტემის შექმნას მოხმარებოდა და თანხაც ყაირათიანად, ამ სისტემის მიხედვით დახარჯულიყო. სამწუხაროდ, პოლიტიკურ ოპონენტებს მოქმედ მერთან ამ თემაზე არ უკამათიათ.
მოწონებას იმსახურებს უგულავას მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ადგილობრივი პროდუქტის პროტექციონიზმის მიმართ, რაც, იმპორტის შეზღუდვის გზით, ადგილობრივი პროდუქციისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნას გულისხმობს. მსგავსი ზომების გატარება უარყოფითად იმოქმედებს ეკონომიკაზე: შეამცირებს კონკურენციას, შესაბამისად გაზრდის ფასებს და გააუარესებს ხარისხს, რაც საბოლოო ჯამში ისევ მომხმარებელს დააზარალებს.
საბედნიეროდ, უგულავა არც ტარიფების ირგვლივ ატეხილ სოციალისტურ შეჯიბრებაში მონაწილეობს. თუმცა, ახლო წარსულში მანაც შესცოდა და საახალწლოდ ურჩ გადამხდელებს დასუფთავების დავალიანება დაუფარა ბიუჯეტიდან. კითხვა - რატომ უნდა დაფაროს პატიოსანი გადამხდელის ფულით შევსებულმა ბიუჯეტმა ურჩი გადამხდელის ვალი, მოქმედი მერისთვის არავის დაუსვამს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევები მოწმობს, რომ ტარიფების საკითხი ამომრჩევლებს აწუხებთ. კომუნალურ სერვისებზე ფასების დაწევა, ადმინისტრაციულ-მბრძანებლური მეთოდების ნაცვლად, ბაზრის შემდგომი ლიბერალიზაციითა და კონკურენციის წახალისების გზით უნდა მოხდეს. დღეს საქართველოში დენის, გაზის, წყლის მომხმარებელს არჩევანი შეზღუდული აქვს - თითოეულ დასახლებულ პუნქტში სახელმწიფოს მიერ ლიცენზია გაცემულია მხოლოდ 1 კომპანიაზე. ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როცა ბევრ ევროპულ ქვეყანას უფრო ლიბერალური კანონმდებლობა აქვს, ვიდრე ჩვენ. სამწუხაროდ, უგულავა ამასთან დაკავშირებით არ საუბრობს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევებით ირკვევა, რომ მოსახლეობას მერად მეურნე სურს და არა პოლიტიკოსი. მოქმედი მერი ამ განწყობაზე აპელირებს და ცდილობს პოლიტიკისგან დისტანცირებას. საქმის მკეთებლის იმიჯი უგულავას გარკვეულწილად დაეხმარა კიდეც თბილისელთა მხარდაჭერის მოპოვებაში. ამ ტაქტიკის გამო ის არც ხშირი პოლიტიკური თავდასხმების ობიექტი გამხდარა. მაგრამ, თავისთავად, აპოლიტიკური მერის იდეა აბსურდია. საჯარო ფული ინფრასტრუქტურას მოხმარდეს თუ სოციალურ პროგრამებს - პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც პოლიტიკოსმა უნდა მიიღოს და არა მეურნემ.
30 მაისის შემდეგ მდგომარეობა შეიცვლება. მილიონიანი ქალაქის მიერ პირდაპირ არჩეული მერის მიმართ სხვა მოლოდინი გაჩნდება. ვნახოთ, მოახერხებს თუ არა წარმატებულ მეურნედ ქცეული, წარმატებული სამოქალაქო აქტივისტი, წარმატებულ პოლიტიკოსად გარდაქმნას.
უგულავა მართალია - „თბილისი ბევრად უკეთესი ქალაქია, ვიდრე 5 წლის წინ იყო, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია”. რის გაკეთებას აპირებს ქალაქის, დიდი ალბათობით, მომავალი თავი, ტელევიზორიდან თუ შეიტყობ, რადგან მერობის კანდიდატის ვებგვერდზე მისი წინასაარჩევნო პროგრამა არ დევს. ვიმედოვნებთ, რომ საზოგადოებასთან კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესება - თანამედროვე მეთოდების გამოყენებით - „გასაკეთებელთა” ნუსხაშია.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები