ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი

0 კომენტარი

1995 წლიდან, პოლიტიკის კვლევის წამყვანი ცენტრები ვაშინგტონში - „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი” და „უოლ სთრით ჟურნალი”, წლის დასაწყისში აქვეყნებენ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს, წინა წლის მონაცემებზე დაყრდნობით. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი არის გავლენიანი ანგარიში, ქვეყნების წლიური ეკონომიკური საქმიანობის შეფასებისთვის.
პოსტ საბჭოთა სივრცეში, მსგავსი ანგარიშები იდეოლოგიურ დატვირთვას და რეგიონულ მნიშვნელობას იძენენ. მაგალითად, სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შედეგებიდან ჩანს, რომ ქვეყნები, რომლებიც ინსტიტუციონალურ რეფორმებს ახორციელებენ და ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს ქმნიან - თანამედროვე, მობილური ეკონომიკისკენ გარდამავალ პერიოდს უფრო ეფექტურად გადიან, განსხვავებით სახელმწიფოებისგან, რომლებსაც ამ რეფორმების გატარება უჭირთ. ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მთავრობებისთვის დიდი გამოწვევაა ეკონომიკური თავისუფლების კრიტერიუმებთან თავსებადი პოლიტიკის გატარება. ხშირად, ხელისუფლების ჩარევის დონე მაღალია და ეკონომიკური თავისუფლება იზღუდება.
ფონდის მონაცემებით, რუსეთმა, შარშანდელთან შედარებით 0,5 ქულით გაიუარესა ვითარება და მსოფლიოს 183 ქვეყანის რეიტინგში - 143-ე, ხოლო ევროპის 43 ქვეყნის რეიტინგში - 41-ე ადგილი დაიკავა. 2009 წლის იანვარში, რუსეთმა შეამცირა მოგების გადასახადი. შედეგად, რუსეთის ეკონომიკამ მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს გადააჭარბა, მაგრამ მხოლოდ ფისკალური თავისუფლების კრიტერიუმით.
რუსეთმა გაზარდა სახელმწიფო რეგულაციები და შეზღუდა უცხოური კომპანიების მონაწილეობა პრივატიზაციის პროცესში. ფონდი რუსეთის ფედერაციას, ინვესტიციის თავისუფლების ინდექსში, 100 შესაძლო ქულიდან - 25-ს აძლევს; კორუფციის მაჩვენებელით, რუსეთი მსოფლიოში 147-ე ადგილზეა (100-დან 21 ქულა). ქვეყანაში არსებული მრავალი არასატარიფო ბარიერი ვაჭრობის ფასს ზრდის. კორუფიის მაღალი მაჩვენებელი აჩენს უნდობლობას საინვესტიციო ოპერაციებში. საკანონმდებლო ბაზა, უცხოური ინვესტიციების კონტროლის საშუალებას აძლევს სახელმწიფოს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რუსეთის 6%-იანი ეკონომიკური ზრდა განპირობებულია გაზსა და ნავთობზე გადაჭარბებული დამოკიდებულებით. „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის” შეფასებით, ბუნებრივ რესურსებზე ამგვარი დამოკიდებულება ამცირებს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას.
რეგიონის სხვა ქვეყნებშიც საინტერესო ტენდენციები შეიმჩნევა: სომხეთი რეიტინგში 7 პოზიციით ჩამოქვეითდა და 38-ე ადგილზე გადაინაცვლა. აზერბაიჯანმა წინა წელთან შედარებით - 3 პუნქტით გაიუმჯობესა მდგომარეობა და რეტინგში 96-ე პოზიციაზე გადავიდა; თურქეთი დაწინაურდა 75-ედან - 67-ე პოზიციამდე.
სომხეთის შემთხვევაში, რეიტინგში ჩამოქვეითების ძირითადი მიზეზი კორუფციული გარემო და საკუთრების უფლების სუსტი დაცვაა. ასევე, არსებობს მრავალი ბიუროკრატიული ბარიერი, რაც ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიცირებასა და პროდუქტიულობას აფერხებს. კრიზისის მიუხედავად, სომხეთმა შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა ეკონომიკური რეფორმების შედეგად, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის გაზრდით. მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებაში, სახელმწიფო ხარჯების წილის 17.4%-მდე შემცირებითა და დაბალი გადასახადებით, სომხეთმა ფისკალური თავისუფლების ინდექსში 100-დან 89.3 ქულა მიიღო.
აზერბაიჯანის მაჩვენებლის გაუმჯობესება გამოიწვია სახელმწიფოს მიერ ვაჭრობის ხელშეწყობამ, ინვესტიციების წახალისებამ და ზომიერი საგადასახადო სისტემის ჩამოყალიბებამ. მიუხედავად ამისა, ფონდის შეფასებით, ქვეყანა ინსტიტუციონალურ და სისტემურ რეფორმებს საჭიროებს, როგორც საკუთრების უფლების დაცვის, ისე ანტიკორუფციული ღონისძიებების გატარების კუთხით .
რეიტინგში თურქეთის დაწინაურება განპირობებულია შედარებით დაბალი გადასახადებისა და ანტიკორუფციული ღონისძიებების გატარებით. რეფორმების შედეგად, თურქეთის ეკონომიკამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 5%-იანი ზრდის ტემპი აჩვენა. გაიზარდა კერძო სექტორის როლი. თანდათანობით უმჯობესდება ბიზნეს გარემოც, რაც დადებითად აისახება თურქეთის საინვესტიციო თავისუფლების კრიტერიუმზე. არასახარბიელო მდგომარეობაა კერძო საკუთრების დაცვის, შრომის კანონმდებლობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით. ანგარიში ნათელს ხდის, რომ უკანასკნელ წლებში განხორციელებული რეფორმების მიუხედავად, მთავრობა მაინც ერევა ქვეყნის ეკონომიკაში. დინამიკური სამეწარმეო საქმიანობა კი რეგულაციებისა და გადასახადების ლიბერალიზაციას მოითხოვს.
რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს: რეგიონის ლიდერი ესტონეთი, მსოფლიოში მე-16 ადგილზეა და „მეტწილად თავისუფალი” (mostly free) ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში შედის. ლატვია რეიტინგის 50-ე პოზიციაზეა, ლიტვა - 29-ეზე, პოლონეთი 71-ე ადგილს იკავებს, ხოლო უკრაინა 162-ეს.
ლიბერალური კანონმდებლობისა და საიმედო საინვესტიციო გარემოს გამო, ესტონეთმა თავისუფლების ინდექსის ათივე კრიტერიუმით მაღალი შეფასება დაიმსახურა: ბიზნესის თავისუფლება - 83.1, საინვესტიციო თავისუფლება - 90, და ვაჭრობის თავისუფლება - 87.5 ქულა.
ბიზნესისა და ვაჭრობის თავისუფლებები ლატვიაში 100 დან 72.9 და 87 ქულებით შეფასდა. პროგრესის მიუხედავად, ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება მზარდი ფისკალური დეფიციტი (მშპ-ის 10%-ზე მეტი) და 15.4%-იანი ინფლაცია.
ლიტვას ეკნომიკა უფრო თანამედროვე და მოქნილი გახდა, ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების გატარების შემდეგ. კერძო სექტორი მშპ-ს 80%-ა, ეკონომიკური ზრდა - 7%. ლიტვა გამოირჩევა ბიზნესის, ფისკალური და ფინანსური თავისუფლების მაღალი ხარისხითაც. თუმცა, ქვეყანამ კერძო საკუთრების და კორუფციის თავისუფლების მაჩვენებლებში შედარებით დაბალი, 100-დან 55 და 46 ქულა აჩვენა.
სამეწარმეო, ფინანსური და მონეტარული გარემოს სტაბილურობით გამოირჩევა პოლონეთი. ვაჭრობის თავისუფლების მაჩვენებელში, ქვეყანამ 87.5 ქულა მიიღო, თუმცა, შედარებით მაღალია სახელმწიფო ხარჯების მაჩვენებელი მშპ-სთან მიმართებაში. პრობლემად რჩება კორუფცია, სასამართლო სისტემა და საკუთრების უფლება.
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, უკრაინამ 162-ე ადგილი დაიკავა 183 ქვეყანას შორის და პოსტ-საბჭოთა სივრცეში, მხოლოდ 171-ე ადგილზე მყოფ თურქმენეთს გაუსწრო. ქვეყანამ, ეკონომიკური ბაზის გასაძლიერებლად განახორციელა სტრუქტურული რეფორმა, გახდა მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის წევრი და ბოლო ხუთი წლის მანძილზე, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა აჩვენა. თუმცა უკრაინაშიც, პოლონეთის მსგავსად, არასახარბიელო მდგომარეობაა სასამართლოს თავისუფლებისა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. საჯარო სექტორში არსებული დაბალი ანაზღაურება ხელს უწყობს კორუმპირებულ გარემოს სამართალდამცავ და განათლების სისტემებში. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინაში ნელია პრივატიზაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ტემპი; განუვითარებელია ფინანსური სისტემა; სამეწარმეო გარემო არასტაბილური და ბიზნესთვის მოუქნელია.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

კომენტარები