ოშკი

ოშკი სიკვდილ - სიცოცხლის ზღვარზე

ოშკმა ქართულ საზოგადოებას აგებიდან 1047 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ შეახსენა თავი. გარე კედელზე შესრულებული ვედრების კომპოზიციიდან მაცხოვრის ბარელიეფის ჩამოვარდნის ხმა ორი წლის წინ ჩაშლილი მოლაპარაკებების ავბედით ექოდ გაისმა. თურქეთის იურისდიქციაში შემავალ ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ათი საუკუნის წინ აგებული ტაძარი სავალალო მდგომარეობაშია. აგების დღიდან მისთვის არც ერთხელ არ ჩაუტარებიათ რესტავრაცია. მორღვეულია გუმბათის შემაკავებელი კონსტრუქცია, რის გამოც კედლებზე წყალი ჩაედინება. განადგურებულია ტაძრის უნიკალური რელიეფი. ვედრების კომპოზიცია, რომელშიც ღვთისმშობელსა და იოანე ნათლისმცემელს შორის მაცხოვარი ბრძანდებოდა, ხელოვნებათმცოდნეთა შეფასებით, ქართული პლასტიკის შედევრია, მაგრამ მისგან შესაძლოა მალე მხოლოდ მოგონებებიღა დაგვრჩეს. მაცხოვრის ფიგურის ჩამოვარდნამდე, ვედრების სცენას ათიოდე წლის წინ ღვთისმშობელიც მოაკლდა. 2006 წლამდე ის იქვე, კედელზე იყო მიყუდებული, შემდეგ კი უკვალოდ გაქრა. დაიკარგა წმინდა ნინოს ერთ-ერთი უძველესი გამოსახულება. მოიპარეს გრიგოლ ოშკელის ქანდაკებაც, რომელიც ტაძრის აგების მეთვალყურე იყო.
კომპლექსი მეათე საუკუნის მეორე ნახევარში ტაოელმა ბაგრატიონებმა, ბაგრატ ერისთავთერისთავმა და დავით მაგისტროსმა, იგივე დავით მესამე კურაპალატმა ააგებინეს. უცნობი ხუროთმოძღვრის ბარელიეფის ორივე მხარეს, რომელმაც საკუთარი თავი აღმოსავლეთ ფასადზე გამოსახა, წარწერა გვამცნობს - „ათსა წელსა აშენებდა”. 1036 წელს ტაძარი ჯოჯიკ პატრიკიოზის შემწეობით მოუხატავთ. თუმცა ფრესკების უდიდესმა ნაწილმა ჩვენამდე ვერ მოაღწია, შემორჩენილი ფრაგმენტები კი შებღალულია.
მონასტერს აქ მეთექვსმეტე საუკუნემდე უმოქმედია. ისტორიული სამცხის საქართველოს ტერიტორიისგან მოწყვეტის გამო, ოშკი მეცხრამეტე საუკუნემდე ყურადღების მიღმა რჩებოდა. 1843-1853 წლებში, სომხური ისტორიული მემკვიდრეობის აღსანუსხავად, ტაოში ჩასულმა მკვლევარმა სარგისიანმა ოშკის, იშხნისა და სხვა ქართული ძეგლების წარწერებიც გადმოიღო. მეოცე საუკუნეში კი ექვთიმე თაყაიშვილის სამმა ექსპედიციამ ინფორმაცია უფრო შეავსო.
ჩრდილოეთ მხარეს ტაძარს სემინარია და საოსტიგნე ანუ სატრაპეზო ამშვენებს. ცნობილია მრავალი ხელნაწერი, რომელიც ოშკის დარბაზებში შეიქმნა. ოშკის ბიბლია ძველი და ახალი აღთქმების დღემდე შემორჩენილი ყველაზე ძველი ქართულენოვანი ხელნაწერია.
2007 წლამდე მნახველებს დასავლეთის ფასადზე მიშენებული საპირფარეშო აღაშფოთებდათ. აღმოსავლეთის ფასადზე მიშენებულ ბარაკებში საქონელს აბინავებდნენ. მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ თურქულმა მხარემ ფასადებს ვანდალური მინაერთები მოაშორა, მაგრამ, ბუნებრივია, ამით პრობლემა ვერ მოგვარდებოდა.
ხელოვნებათმცოდნე ირინე გივიაშვილის განცხადებით, თუ აღდგენითი სამუშაოები უახლოეს დროში არ დაიწყება, შესაძლოა, ოშკმა ზამთარი ვერ გადაიტანოს. ბუნებრივ ნგრევას ემატება სისტემატური ძარცვაც, რომელიც ტაოში მდგარ თითქმის ყველა უნიკალურ ნაგებობას შეეხო.
პრობლემის მოგვარება ორი წლის წინ დაიწყებოდა, რომ არა თურქულ-ქართულ შეთანხმებაზე საქართველოს უარი. დოკუმენტში, რომელიც სამწლიანი მოლაპარაკებების შედეგად შეიქმნა, მხარეები თანხმდებოდნენ, რომ ქართველებს ტაო-კლარჯეთში სამი ქართული ტაძრის რესტავრაციის საშუალება მიეცემოდათ. სანაცვლოდ თურქებს საქართველოს ტერიტორიაზე სამი მეჩეთი უნდა აღედგინათ.
საპატრიარქო იურიდიულად მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ იღებდა, მაგრამ მისი აზრი გადამწყვეტი აღმოჩნდა. აღსადგენი მეჩეთებიდან ერთ-ერთი, „აზიზიეს მეჩეთი”, კომუნისტებმა მეოცე საუკუნეში დაანგრიეს, ახლა კი მის ადგილას საცხოვრებელი სახლი დგას. ქართულ მხარეს ბათუმის სხვა უბანში მეჩეთის ასაშენებლად მიწის გამოყოფის ვალდებულება უნდა აეღო. თუმცა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის წერილის საფუძველზე, რომელიც კატეგორიულად ითხოვდა პირობების შეცვლას, ქართულმა მხარემ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი თქვა.
„მიგვაჩნია, რომ მაშინ, როდესაც საქართველოში ფუნქციონირებს 240-ზე მეტი ჯამე და მეჩეთი (მათგან 140 აჭარის ტერიტორიაზე), 8 მედრესე, აღარაფერს ვამბობთ საერო სასწავლებლებზე, ხოლო თურქეთში ერთი ქართული ტაძარიც არ მოქმედებს, აღნიშნული სახით ხელშეკრულების დადება გაუმართლებელია,” - წერდა პატრიარქი მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძეს. თუმცა, რესტავრირებულ მეჩეთებში ღვთისმსახურების აღდგენა არ იგეგმებოდა - შეთანხმება მათი მხოლოდ კულტურული დანიშნულებით რეაბილიტაციას გულისხმობდა. ამასთან, ოშკის ტაძარი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში, ხოლო საქართველოში მდგარი მეჩეთებიდან არც ერთს მსგავსი სტატუსი არ გააჩნია.
წელს მოლაპარაკებები განახლდა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, თურქული მხარის პირობები არსებითად არ შეცვლილა. საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ დავით შარაშენიძის განცხადებით, საპატრიარქოს ამ საკითხზე პოზიცია ამჟამად არ აქვს.

 

კომენტარები