სკოლის ასაკობრივი დაყოფა

0 კომენტარი

იანვარში, პედაგოგებთან შეხვედრისას, საქართველოს პრეზიდენტმა განათლების სამინისტროს ახალი გამოწვევის - „უსაფრთხო სკოლის” შექმნის შესახებ ისაუბრა. უსაფრთხოების მიღწევის გზაზე უმნიშვნელოვანეს საკითხად სააკაშვილმა სკოლების ასაკობრივი ნიშნით დაყოფა დაასახელა. თუმცა, სხვა იდეებისგან განსხვავებით, ეს ინიციატივა ზოგისთვის გაუგებარი, ზოგისთვის კი შეუმჩნეველი დარჩა.
არადა, შესაძლოა, საქმე გვქონდეს სკოლის რეფორმირების პროცესში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ცვლილებასთან. საქართველოში სკოლა უკვე დაყოფილია დაწყებით, საბაზისო და საშუალო საფეხურებად, მაგრამ სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები ერთ შენობაში აგრძელებენ სიარულს. ახალი ინიციატივა კი მათი სასწავლო სივრცეების განცალკევებას გულისხმობს, რაც შეიძლება სხვადასხვა შენობებში გადანაწილებასაც ნიშნავდეს.
სკოლის უსაფრთხოების საკითხზე ბი-სი-ჯის მიერ ჩატარებულ ინტერნეტ-კვლევას თუ დავუჯერებთ, საზოგადოება კარგად აცნობიერებს იმ პრობლემებს, რაც სხვადასხვა ასაკის მოზარდების ერთ სივრცეში სწავლას უკავშირდება. რესპონდენტთა უმრავლესობის აზრით, უმცროსები ხშირად ითვისებენ მავნე ჩვევებს უფროსკლასელებისგან. მნიშვნელოვან პრობლემად მიაჩნიათ დიდების მიერ პატარებზე ძალადობა და მათი დაშინება. უფროსი მოზარდების გავლენით, უმცროსები ხშირად იწყებენ ბილწსიტყვაობას, ზოგჯერ კი სიგარეტის მოწევასაც. ხშირია ჩაგვრა, რომელიც შეიძლება სიგარეტის საყიდლად გაგზავნით ან თავში ხელის წამორტყმით დაიწყოს და უფრო მძიმე ფორმები მიიღოს. გამოკითხულთა 60%-ს აშფოთებს სკოლაში ფულისა და ნივთების წართმევის შემთხვევები.
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ერთ სივრცეში სწავლა პრობლემების წყაროდ მიაჩნიათ, სასწავლო სივრცის დაყოფის იდეა საზოგადოებაში ეჭვებს იწვევს. ბი-სი-ჯის კვლევიდანვე ჩანს, რომ ამ კონცეფციის მიწოდებას განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება. გამოკითხულთა 20%-ს ასაკობრივი დაყოფის შესახებ არც კი სმენია. შესაბამისია განწყობაც: უსაფრთხოების გაზრდის მეთოდებიდან რესპონდენტებს ყველაზე მეტად კარგად ნაცნობი „დისციპლინის გამკაცრება” მოსწონთ, ყველაზე ნაკლებად კი - სწორედ სასწავლო სივრცის დაყოფა.
ქართულ სკოლაში დისციპლინის ნაკლებობაზე ბევრი ფაქტი მეტყველებს და ამის გამო კონტროლის გამკაცრება გამართლებულია. თუმცა, ვერც მანდატურების შეყვანა და ვერც გაკვეთილებზე დასწრების ზრდა გარემოს საკმარისად ვერ გააჯანსაღებს. დისციპლინა არაერთხელ გაუმკაცრებიათ, მაგრამ ამას არ გამოუწვევია ფულის „ახევის” პრაქტიკის ან სკოლის მაყურებლების გაქრობა. უპრობლემო სკოლა მსოფლიოში არ არსებობს, მაგრამ იმ სპეციფიკური სირთულეების დაძლევას, რაც ქართულ საშუალო განათლებას ათწლეულებია მოსდევს, ფუნდამენტური ცვლილებები სჭირდება. ერთ-ერთი ასეთი ცვლილება კი სწორედ ასაკობრივი დაყოფაა.
ასაკობრივი დაყოფა განვითარებულ ქვეყნებში უკვე ათწლეულებია არსებობს. დაწყებითი კლასები ცალკე შენობებშია განთავსებული ბრიტანეთსა და გერმანიაში. საფრანგეთში, აშშ-სა და იაპონიაში სკოლა სამ საფეხურად იყოფა და ხშირად თითოეული საფეხურის კლასებს ცალკე ნაგებობა უკავია. მართალია, სხვა მიზეზით, მაგრამ საბჭოთა კავშირშიც, ზოგიერთ სოფლის სკოლაში, მხოლოდ დაწყებითი კლასები იყო, უფროსკლასელებს კი რაიონულ ცენტრში უწევდათ სწავლა.
საქართველოში სკოლების ასაკობრივი დაყოფა ჯერჯერობით მხოლოდ დაგეგმვის სტადიაზეა, თუმცა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამ ცვლილების საჭიროებაში დარწმუნებულია. მისი თქმით, სკოლის დაყოფა სამ ნაწილად უსაფრთხო სკოლის კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილია და აუცილებლად მოხდება იქ, „სადაც ამის ტექნიკური საშუალება არსებობს”. მინისტრი უკვე ცვლილებების განხორციელების კონკრეტულ გზებზეც საუბრობს. „ორი ან სამი შენობის ალტერნატივა შეიძლება ერთი შენობის იმგვარად დაყოფა იყოს, რომ სხვადასხვა ასაკის ბავშვებს ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონდეთ. ეს შეიძლება შესასვლელების განცალკევებითა და შენობის შიდა დაყოფით უზრუნველვყოთ... ეს ძალიან რთული და საპასუხისმგებლო საკითხებია,” - აცხადებს შაშკინი. მისივე თქმით, სამინისტრო პროექტის პილოტირებას რამდენიმე სკოლაში გეგმავს, რომ უფრო ფართო მასშტაბით მოულოდნელი სირთულეები თავიდან აიცილოს.
გარდა იმისა, რომ სკოლაში უმცროსთა ჩაგვრასა და მათზე მავნე ზეგავლენას გამორიცხავს, სასწავლო სივრცის დაყოფა გაზრდის ადმინისტრაციის ეფექტურობას. შედარებით მცირე ჯგუფზე კონცენტრირება პერსონალს თითოეული ბავშვის მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენის შესაძლებლობას მისცემს. ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, სიმონ ჯანაშიას აზრით, გაზრდილი ყურადღება შეუმცირებს ბავშვებს მოტივაციას, გარშემომყოფნი ძალადობითა და აგრესიით დააინტერესონ. მისივე ცნობით, პატარა სკოლებში ძალადობის ფაქტები ზოგადად შედარებით იშვიათია.
ასაკობრივი დაყოფა სასწავლო გარემოს ტექნიკურ გაუმჯობესებასაც იწვევს. უფროს და უმცროსკლასელებს სწავლისთვის განსხვავებული პირობები და ინვენტარი სჭირდებათ. როდესაც ერთ სივრცეში იმყოფებიან, დიდია ალბათობა, რომ მათი სპეციფიკური მოთხოვნილებები უგულებელყოფილი დარჩეს. მაგალითად, უმცროსებისთვის განკუთვნილი სპორტული დარბაზი ვერ დააკმაყოფილებს უფროსებს. ახლო წარსულამდე პრობლემად რჩებოდა ერთი ასაკის მოზარდებზე გათვლილი მერხებიც.
არსებობს მოსაზრება, რომ სკოლების დაყოფა გამოიწვევს ხარჯების მკვეთრ ზრდას, თუმცა სრულყოფილი ფინანსური კვლევა არ ჩატარებულა. „სკოლების დაყოფის შემთხვევაში სახელმწიფოს ძვირი დაუჯდება მათი შენახვა, რადგან, მაგალითად, უფრო ადვილია ერთი ოთხსართულიანი შენობისთვის სახურავის გამოცვლა, ვიდრე ოთხი ერთსართულიანისთვის,” - ამბობს ჯანაშია.
90-იან წლებში სკანდინავიურ ქვეყნებში მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია იცავდა მოსაზრებას, რომ ერთიანი სკოლა მოზარდების განვითარებისთვის უკეთესია, რადგან უმცროსებს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ უფროსებისგან. ჯანაშიას თქმით, ფინეთში ერთიანი სკოლა დღემდე განათლების სისტემის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია. თაობების დაახლოება და გამოცდილების გაზიარება იქ სასწავლო სისტემის მნიშვნელოვან ფუნქციად მიაჩნიათ.
განსხვავებული პრაქტიკის არსებობის მიუხედავად, ხელისუფლების გადაწყვეტილება, გაიზიაროს უდიდესი განვითარებული ქვეყნების გამოცდილება, ურყევი ჩანს. მნიშვნელოვანია, ახალი ცვლილებები მეტი სიფრთხილითა და საზოგადოებასთან უკეთესი კომუნიკაციის პირობებში გატარდეს, ვიდრე ეს წინა შემთხვევებში ხდებოდა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები