მობილური კავშირი და ტვინის კიბო

დისკუსიას მობილური ტელეფონების მავნებლობის შესახებ ბოლო არ უჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეუცვლელი აპარატები არსებობის მესამე ათწლეულს ითვლის, ადამიანის ჯანმრთელობაზე მათი გავლენის საკითხი ჯერაც ბურუსით არის მოცული. ზოგჯერ ტელეფონებს გულსისხლძარღვთა დაავადებებისა და ტვინის კიბოს გაჩენაშიც კი ადანაშაულებენ. მეცნიერული კვლევები ამგვარ კავშირს ვერ ადასტურებს, თუმცა, ჯანმრთელობაზე მათ რაიმენაირ გავლენასაც არ გამორიცხავს. ზუსტი ინფორმაციის არქონის გამო, მომხმარებლებს უწევთ ან გაურკვევლობასთან შეგუება, ან „სიფრთხილეს თავი არ სტკივა”-ს პრინციპით მოქმედება, მაგრამ მათი „სიფრთხილეც” ნახევრად ბრმაა. რადგან ბუნდოვანია, თუ რა გავლენას ახდენს ორგანიზმზე მობილური ტელეფონი და როგორ, ბუნდოვანია უსაფრთხოების ზომებიც.
როცა საკითხი ეხება ყოველდღიური გამოყენების საგანსა და ჯანმრთელობას, ეს ბუნებრივად ზრდის საზოგადოების ინტერესს. მედიასაშუალებებიც პერიოდულად ცდილობენ საკუთარი რეიტინგის ნოყიერ ნიადაგზე გამოკვებას. რეპორტაჟები უმეტესად სენსაციაზეა ორიენტირებული და ნაკლებად ემსახურება ადამიანების სწორად ინფორმირებას. წელს იმედის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც გაისმა მოსაზრება, თითქოს მობილური ტელეფონის გამოყენება ბავშვებში ხუთჯერ ზრდის ტვინის კიბოს წარმოშობის რისკს. თუ ამას დავიჯერებთ, მძიმე სურათი წარმოგვიდგება. მაგრამ სენსაციური მოსაზრების გადამოწმება იმედის ჟურნალისტებს, როგორც ჩანს, არც კი უცდიათ.
მობილური ტელეფონი მუშაობის პროცესში გამოასხივებს გარკვეული სიხშირის ტალღებს, რომელთა მეშვეობითაც სხვა ტელეფონებთან კავშირი მყარდება. ადამიანის ორგანიზმზე ამ გამოსხივების ეფექტის შესასწავლად, მსოფლიოს მასშტაბით, მილიონები იხარჯება. Interphone Study Group-ის მიერ ჩატარებულ ოთხწლიან კვლევაში 13 ქვეყანაში მცხოვრები თავის ტვინის კიბოთი დაავადებული 5000 ადამიანი მონაწილეობდა. კვლევა 2004 წელს დასრულდა და მისმა ღირებულებამ 20 მილიონი ევრო შეადგინა. დადასტურდა, რომ მობილური ტელეფონების მომხმარებლებში თავის ტვინის კიბოს გაჩენის რისკი არ აღემატება არამომხმარებელთათვის არსებულ რისკს. იგივეს ადასტურებს კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC) დაკვირვებები და სტატისტიკური გათვლები, რომელიც 10 000 ადამიანზე ჩატარდა შვედეთსა და სხვა ისეთ ქვეყნებში, სადაც მობილურებს უკვე წლობით ინტენსიურად იყენებდნენ. მკვლევარები ამით არ კმაყოფილდებიან - მათ 30-წლიანი პროექტიც კი აქვთ დაგეგმილი, რომელშიც 250 ათასი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
მსგავს კვლევებში ქართველი მეცნიერებიც არიან ჩართულნი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ლაბორატორია უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობს კომპანია მოტოროლასთან. მეცნიერებათა კანდიდატის, დავით კაკულიას თქმით, კვლევები ძირითადად ორი მიმართულებით ტარდება. პირველ შემთხვევაში იკვლევენ ტელეფონის გამოსხივების ენერგიის გავლენით ადამიანის ორგანოების ტემპერატურის ზრდას. მეორე სახის ზემოქმედებას ბიოლოგიურ ზემოქმედებას უწოდებენ.
თუ დასხივების დოზა დიდია, შესაძლოა, ორგანოები გადახურდეს, რაც შეუქცევად დაზიანებებს იწვევს. ამის გამო შემუშავებულია სტანდარტი, რომელიც ზედა ზღვარს აწესებს ტელეფონის გამოსხივების სიმძლავრეზე. მსხვილი მწარმოებლები ამ სტანდარტს მკაცრად იცავენ და მათი პროდუქციისგან მიღებული გამოსხივების ენერგია თითქმის ათჯერ ნაკლებია ზღვრულად დასაშვებზე. თუმცა, კაკულიას თქმით, ულიცენზიოდ წარმოებული ტელეფონები ამ მხრივ არ კონტროლდება და, შესაძლოა, უფრო მაღალი გამოსხივება ჰქონდეთ. ასეთი ტელეფონები, რომლებსაც საქართველოში ჩინურ მობილურებს უწოდებენ, ქართულ ბაზარზე მრავლადაა.
ქართველი მეცნიერების დახმარებით შემოწმდა მობილურით დასხივების ბიოლოგიური ეფექტიც. ექსპერიმენტებმა, რომლებიც ნერვულ უჯრედებზე ჩატარდა, დაადასტურა, რომ მობილური ტელეფონის გამოსხივების მსგავსი ელექტრომაგნიტური ტალღები მოქმედებს ნეირონებზე და უმცირებს მათ გაღიზიანებისადმი მიჩვევის ფუნქციას. შედეგად, იმ ადამიანის ნერვული სისტემა, რომელიც ხანგრძლივად, დიდი დოზებით იღებს მსგავს დასხივებას, შეიძლება უფრო არამდგრადი გახდეს. თუმცა, ჩვეულებრივ პირობებში მობილურის გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე ჯერ შესწავლილი არ არის.
ადამიანისთვის დასაშვებს გაცილებით აღემატება მობილური კავშირისთვის საჭირო სატელეფონო სადგურების ანტენების გამოსხივება. დავით კაკულიას განმარტებით, სადგურის გამოსხივების ინტენსივობიდან გამომდინარე, არსებობს მინიმალური მანძილი, რომლითაც ის საცხოვრებელი ადგილებიდან უნდა იყოს დაშორებული. თუ უსაფრთხოების ზონა დაცული არ არის, ახლო მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას შეიძლება ზიანი მიადგეს. თუმცა, მისივე თქმით, ქართული ოპერატორები ანტენების მონტაჟისას სტანდარტებს იცავენ.
მობილური ტელეფონის მიერ გამოსხივებული ენერგია იმაზეც არის დამოკიდებული, რამდენად შორს იმყოფება აპარატი სადგურებისგან. რაც უფრო „ცუდად იჭერს”, მით ინტენსიურად ასხივებს ტელეფონი. ეფექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცენტრალური სადგურებისგან მოშორებულ ადგილებში, სადაც სიგნალი მუდმივად სუსტია. თუმცა, ამ ეფექტის შემცირებაც ადვილია, თუ ტელეფონს თავისგან მოშორებით დავიჭერთ, რის საშუალებასაც დისტანციური გარნიტურით აღჭურვილი აპარატები იძლევა.
საბოლოოდ არც ერთ კვლევას არ შეაქვს სიცხადე მობილური ტელეფონების მავნებლობის საკითხში. საეჭვოა, ჰიპოთეტური საფრთხის გამო ამ ნივთის გამოყენებაზე ბევრმა თქვას უარი; მით უფრო, რომ ადამიანებს ხშირად არც დადასტურებული საფრთხე აჩერებს. თამბაქოს მავნებლობის ამბავი ხომ აღარ არის საიდუმლო, მოწევის საწინააღმდეგო უამრავი პიარკამპანიაც ტარდება, მაგრამ მილიონობით ადამიანი მაინც კოლოფს კოლოფზე ცლის.


 

კომენტარები