შვიდგზის ჩემპიონი?!

ლათინურ ამერიკაში ამბობენ – თუ გსურს წარმატებული ბიზნესი, არგენტინელი იყიდე თავის ფასში და გაყიდე იმ ფასად, რასაც საკუთარ თავს დაადებსო! მართალია! არგენტინელებისა და მათი ქომაგების (მათ შორის, ჩემი) აზრით, ალბისელესტე ახლა 7-გზის მსოფლიო ჩემპიონი უნდა იყოს!

თავად განსაჯეთ: 1930 წელს არგენტინამ, მოგებული პირველი ტაიმის მერე, ფინალში წააგო ურუგვაისთან 2:4. წინა ღამეს ურუგვაელებმა სასტუმროს წინ ისეთი ღრიანცელი მოაწყვეს, მეტოქეს თეთრად გაათენებინეს. თან დაემუქრნენ – ცოცხლებს არ გაგიშვებთო და თოფი ესროლეს. ძირითადის ოთხმა წევრმა უარი თქვა თამაშზე... 1934 წელს იტალიაში არგენტინამ, პროტესტის ნიშნად, მოყვარულები გაგზავნა, იტალიის ნაკრებში კი 4 არგენტინელი (მონტი, ორსი, დიმარია და გუაიტა) გაჩემპიონდა. 11 რაღას იზამდა?! ამ ორიდან ერთი თასი ხო ნაღდად ჩვენია?!

შემდეგი სამი მუნდიალიც გაპროტესტდა. 1958 წლის ჩემპიონატის წინ კი ფორვარდთა ხუთეულიდან, რომელმაც “დიდ” ბრაზილიას 3:0 მოუგო, 4 იტალიაში გაიყიდა და ნაკრებში ვეღარ მოხვდა. არადა, არგენტინამ ამ პერიოდში 7 კოპა ამერიკა მოიგო. წარმოიდგინეთ, ალფრედო დი სტეფანო (2 ოქროს ბურთი და 5 ჩემპიონთა თასი), ომარ სივორი (კიდევ ერთი ოქროს ბურთი), ლაბრუნა, ანხელილიო და რიალი ერთად - არ გვეკუთვნოდა, სულ მცირე, ერთი მსოფლიო თასი?! - ეგ 2!

1966 წელს არგენტინას 1/4 ფინალში მომავალ ჩემპიონ ინგლისთან მსაჯმა კრაიტლაინმა წააგებინა, როდესაც “სახის გამომეტყველების გამო” გაუძევა კაპიტანი რატინი. ამას დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტაც კი მოჰყვა – ეგეც 3!

1978 და 1986 წლების მუნდიალები ისედაც მოვიგეთ. ეგ 4 და 5!

1982 წელს ჯერ იტალიელებმა “გვცემეს”, მერე ბრაზილიასთან არ მოგვცეს პენალტი (გაიხსენეთ მარადონას საპროტესტო კულბიტი), 1990 წელს კი, პირიქით, კოდესალმა არარსებული 11-მეტრიანით წაგვაგებინა ფინალი.

ახლა არ მითხრათ, 1994 წელს არგენტინაზე ძლიერი გუნდი ვინმეს ჰყავდაო. მაგრამ უნიჭო წყალბურთელმა აველანჟმა მარადონა გააგდებინა და „მაკაკებს” (ასე ვეძახით ბრაზილიელ მეზობლებს) დაუსრულებელი „მორალური ჩემპიონობა” „გაუპრავა”!

2006 წელს გერმანიამ პენალტების სპეციალისტი მეკარე აბონდანსიერი დაგვიმტვრია და მერე სწორედ 11-მეტრიანებით გამოგვაგდო... პეკერმანმა კი მესი არ ათამაშა და სულელური შეცვლები გააკეთა. ამ ოთხიდანაც „მხოლოდ” ნახევარს ვითხოვთ – სულ 7 გამოდის...

დღესაც საჩემპიონო გუნდი გვყავს. მაგრამ დიეგო ჭირვეულობს და საუკეთესოებს იწუნებს. ჯერ რიკელმე მოიძულა, მერე - საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელი ლისანდრო ლოპესი და იქაური ჩემპიონი ლუჩო გონსალესი; დაივიწყა პორტუგალიაში გაჩემპიონებული აიმარი და სავიოლა; გერმანიის სნაიპერ ბარიოსს პარაგვაელობა მოანდომებინა და არც ძანეტი და კამბიასო მოახვედრა სამუნდიალო სიაში...

და მაინც, არგენტინა ფავორიტთა შორისაა. მარადონა კი ალბათ იმიტომ ამცირებს გუნდში ვარსკვლავთა რაოდენობას, რომ ურჩევნია გამოკვეთილი ბირთვი ჰყავდეს. სათადარიგოებს ტიტულარობის პრეტენზია აღარ გაუჩნდებათ და გუნდში ჯანსაღი ატმოსფერო დამყარდება. ასე იყო 1986 წლის მუნდიალზე, საპირისპირო სიტუაციამ კი 2002 წლის ფიასკო მოიტანა.

ძირითადი მეკარე ალკმაარელი რომერო იქნება. დაცვის შუაში - ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები დემიკელისი და სამუელი, ფლანგებზე კი - ასევე ცენტრალური მცველები ჰაინცე და ოტამენდი (ან ბურდისო). ეს დიეგოს ნოუ-ჰაუა, რომელმაც გერმანიასთან მოგებულ ამხანაგურში გაამართლა.
ნახევარდაცვის ორივე ფრთაზე მუშები – გუტიერესი და მაქსი როდრიგესი ირბენენ, თუმცა აქ პორტუგალიის პირველობის საუკეთესო ფეხბურთელ დი მარიასაც უნდა ველოდოთ. საყრდენი მასკერანოა, მისი მეწყვილე - გამოცდილი ვერონი...

ყველაზე ძლიერი ხაზი კი, უდავოდ, თავდასხმაა. მესი, მილიტო, იგუანი, ტევესი და აგუერო ნებისმიერ დაცვას დააწიოკებენ...

იმედი მაქვს, წელს სამხრეთამერიკული ანდაზა არ გამართლდება და მე აღარ მომიწევს ვერმოგებული ტიტულების თვლა... 

კომენტარები