Fitch რეიტინგი საქართველოსთვის გაიზარდა

გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტომ - Fitch - საქართველოს, აგვისტოს ომის შემდეგ პირველად, საკრედიტო რეიტინგი გაუზარდა: ნეგატიური პროგნოზის ქვეყნებიდან მოხსნა და სტაბილურში გადაიყვანა. სააგენტოს ანალიტიკოსების თქმით, საქართველოს ეკონომიკაში აღმავლობის ნიშნები არსებობს, თუმცა ქვეყნის მყარი მაკროეკონომიკური მდგომარეობის დასაბრუნებლად მკაცრი საბიუჯეტო პოლიტიკის გაგრძელებაა საჭირო.
Fitch-ის შეფასებით, საქართველოში მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი) ერთ სულ მოსახლეზე და ზოგადად ცხოვრების დონე ნეგატიური პროგნოზის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე მაღალია. საქართველოსთვის რეიტინგის გაზრდა გამოიწვია ისეთმა ფაქტორებმაც, როგორებიცაა ხელსაყრელი ბიზნეს-კლიმატი, რომელიც მსოფლიო ბანკის რეიტინგში მეთერთმეტე ადგილზეა; ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა; შედარებით დაბალი და სტაბილური ინფლაცია და რა თქმა უნდა, ძლიერი მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.
სააგენტო აქვე აღნიშნავს, რომ 2012 წელს, საქართველო სავალუტო ფონდიდან და სხვა წყაროებიდან დაფინანსების შემცირებას უნდა მოელოდეს. 2013 წელს კი ქვეყანას საგარეო ვალის გადასახდელების მოცულობა მკვეთრად გაეზრდება. ამიტომ, სააგენტოს რჩევით, კერძო სექტორში კაპიტალის შემოდინება უნდა აღდგეს.
სააგენტოს ანალიტიკოსების შეფასებით, ვაჭრობის სფეროში მდგომარეობის გამოსწორების ნიშნები უკვე გამოჩნდა. პროდუქციის ექსპორტი, გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 55%-ით გაიზარდა. თუმცა, ამავე პერიოდში იმპორტის ზრდა მხოლოდ 6%-ია.
Fitch-ის პროგნოზითვე, 2010 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა, შარშანდელ 3.9%-იან ვარდნასთან შედარებით, 6% იქნება.


 

კომენტარები