ბიჭები ღამის შოუდან და გოგონა გარეუბნიდან

მეფე, ალქაჯი - ბოროტი დედინაცვალი, პრინცი და კონკია – ჯერჯერობით ასეთია ახალი სატელევიზოო სერიალის „გოგონა გარეუბნიდან” ძირითად მოქმედ პირთა პროტო თუ არქეტიპები. გასულ კვირაში ტელეკომპანია იმედმა წამოიწყო რისკიანი პროექტი, რომელმაც, თუ ავტორების - „ღამის შოუს სტუდიის” გაქანებას გავითვალისწინებთ, შეიძლება გაამართლოს. პროექტი რისკიანია იმიტომ, რომ ჯერ დაუსრულებელ სატელევიზიო სეზონში ვნახეთ, როგორ შეწყვიტა შუა გზაში არსებობა ორმა სატელევიზიო სერიალმა იმედსა და რუსთავი 2-ზე. მაგრამ აქ საქმეს იწყებს ჩვენში ალბათ ყველაზე წარმატებული ტელეპროდუსერი – დათო გოგიჩაიშვილი თავის გუნდთან ერთად.
ტელესერიალი ტელევიზიაზე კარგი მიგნებაა. რუსთავი 2-ზე „ჩვენი ოფისის” მოქმედება ფორმალურად, ასევე მედიაში, ჟურნალის რედაქციაში ვითარდება, მაგრამ მედიის სპეციფიკა, ზოგადად, ორგანიზაციული ქცევა იქ გადამწყვეტ გავლენას არ ახდენს მოქმედ პირთა ურთიერთობაზე. „გოგონა გარეუბნიდან” პირველივე სერიიდან ამჟღავნებს, რომ სერიალის დრამატურგიული ზამბარები სწორედ ტელევიზიაში დაიჭიმება. უკვე მოინიშნა რამდენიმე კონფლიქტი, რომელსაც შეუძლია სასპენზი შექმნას მაყურებელში. სერიალის სცენარისტები შიგნიდან იცნობენ ტელევიზიას, მის წინააღმდეგობრივ ბუნებას. არ აკლიათ არც იუმორი და არც სარკაზმი, რათა სამომავლოდ კომიზმისა და გროტესკის გამოყენებით წარმოაჩინონ სურათი, რომელიც მაყურებელს გაუჩენს „რეალიზმის” განცდას.
ზემოთ ნახსენები უძველესი როლების გვერდით ავტორებმა გაამზადეს ტელევიზიის „ტრადიციული” გარნირი: მსუბუქი, ელასტიური, იმორალური ბიჭები და ჯიბრიანი, ალესილი, ეფექტური ქალები. პლუს ცოტა „წესიერი” ხალხიც. ალბათ, იმედი უნდა გვქონდეს, რომ კეთილისა და ბოროტის დაპირისპირება სერიალში სწორხაზოვანი არ იქნება და პერსონაჟთა მოქმედება თუ სიუჟეტის განვითარება, ხანდახან მაინც, მოულოდნელ მოსახვევებს შეგვანარცხებს. „გოგონას” დასაწყისმა აჩვენა სერიალის ან მისი ცალკეული მოტივის სტერეოტიპული და პროგნოზირებადი განვითარების შესაძლებლობაც; ვთქვათ, ერთდროულად კონკიასა და საძაგელი იხვის ჭუკის გარდაუვალი ევოლუცია გედად და პრინცესად. არადა, კონკიები ტელევიზიაში შეიძლება კონკიებად დარჩნენ ან სულაც როკაპებად იქცნენ (ეგეთები გვინახავს?). მიუხედავად იმისა, რომ სერიალია, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება მსახიობთა თამაშზეც. ავტორები პირველივე სერიაში გაემიჯნენ სასიყვარულო ვნებათა ფაქტორს, როცა ღიად დასცინეს ლათინოსური საპნის ოპერების გაქართველებულ პერსონაჟებს – თარაშსა და გოგია სვანიძეს. ეს გამოწვევაა სცენარისტებისა და მსახიობებისთვის, რადგან ინტრიგა უნდა შექმნას, მოქმედება უპირატესად წარმართოს ძალაუფლების ინსტინქტმა, რომელსაც, საინტერესოა, როგორ შეუთავსებენ მსახიობები მათი პერსონაჟების კეთილშობილურ საწყისს. თუ უკლებლივ ყველა მონსტრი გახდა, სერიალი წააგებს.
რასაკვირველია, ტელესერიალი არ ნიშნავს „ისე, როგორც ცხოვრებაში”. მიუხედავად ამისა, „გოგონა გარეუბნიდან” ბევრს შეუცვლის წარმოდგენას ტელევიზიაზე – სასურველია იმას, ვისთვისაც იქ მუშაობა ვარდისფერი ოცნებაა.



 

კომენტარები