ნუ შეაგინებ დერვიშებს

ჩვენ ვიპოვეთ ყველაზე მოკლე და პირდაპირი გზა ადამიანის გულისკენ, ან თუნდაც იმ ადგილისკენ, რომლითაც ფიქრობს და გრძნობს, გინდ გული იყოს, გინდ სული და, საერთოდ, რაც გინდა! ჩვენ მიერ ნაპოვნ გზას მუსიკა ჰქვია და მისი საშუალებით ადამიანებს ვეუბნებით - თავისუფლება!
თუ ფიქრობთ, რომ ეს სიტყვები პოლ მაკარტნის ან რომელიმე ძმა გალაჰერს ეკუთვნის, ცდებით: ასე განმარტა თავიანთი მიზანი ჯგუფ დერვიშების ვოკალისტმა გუგა გეგეჭკორმა. ჯგუფში, მის გარდა, კიდევ სამი წევრია: ლევან ლომინაძე, ვახუნა ქავთარაძე და რეზო ბლიაძე. ყველა ფორმულა კრეატივში მუშაობს და ძველი „კავეენშიკები” არიან.

როგორ დაიწყო დერვიშების ამბავი
ჩვენ ვართ შემთხვევითი ბენდი! სერიალ ჩვენ ოფისში გვჭირდებოდა ჯგუფი, რომელიც მგზავრების პაროდიას გააკეთებდა. ასე გადავიქეცით ფორმულა კრეატივის ოთხი სცენარისტი დერვიშებად. მუსულმან დერვიშებთან სახელის მეტი არაფერი გვაკავშირებს. სახელი ქეთი დევდარიანმა მოგვიფიქრა.

სულიკო
რატომ ვიმღერეთ სულიკო... ძალიან კარგი სიმღერაა, ქართველი იდეალურად აღიქვამს. ერთი სიტყვით, გამჯდარია. თან რა აზრი დევს! სულიკო Mando Diao-ს Gloria-ს ისე კარგად დააჯდა, რომ ჩვენც გაგვიკვირდა. გლორიას გადამღერების იდეა ვახო ჩაჩანიძეს ეკუთვნის და ამისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას (ამ სიტყვებთან ერთად იდეის ავტორი ოთახში შემოვიდა და მოხდენილად დაგვიკრა თავი). გლორია თავისებური ფანოღური სიმღერაა. ამიტომ მიდის ქართულად ასე კარგად: “გლორია, შენ გენაცვალე, გლორია, ჩემთან წამოდი, გლორია...” ასეთი ტექსტია დაახლოებით.

როგორ დაიწყო გინების ციკლი
ჩაწერილი, გადაღებული და დამონტაჟებული რომ ვნახეთ, გადავირიეთ. მოგვეწონა და ყველა მივხვდით, რომ ამ ამბავს გავაგრძელებდით. დერვიშების სერიის გამოსვლისთანავე გლორია-სულიკო უცებ გახდა პოპულარული და ვიდეოპორტალებზე უამრავი ნახვა დააგროვა. მერე მეორე სიმღერისა და ნამდვილი კლიპის გადაღების იდეა მოვიდა. მეორედაც სულიკო ვიმღერეთ. ვიდეოში ჩოხები გვაცვია და ამ ვარიანტში Outkast-ის Hey ya გამოვიყენეთ მელოდიად. ეს ვარიანტი რომ დავდეთ, ვიდეოპორტალებზე უწმაწური კომენტარების რეკორდული რაოდენობა მივიღეთ.
მთავარი პრეტენზია (უკიდურესად უხეშად გამოხატული) იყო იმის გამო, რომ ჩოხა გვეცვა და სულიკოს ვმღეროდით, ოღონდ სხვანაირად. ჰგონიათ, რომ ქართველობას ძირს ვუთხრით. ტყუილია! ადამიანებს ვეტყვით უბრალოდ იმას, რომ მოეშვან და ცხოვრებისგან სიამოვნება მიიღონ!

განსხვავება ვიდეოპორტალებს შორის
ძალიან უცნაურია, რომ გვაგინებენ მხოლოდ myvideo.ge-ზე, ხოლო youtube-ზე კომენტარების 90% დადებითია. myvideo.ge-მ რეკორდი მოხსნა კომენტარების რაოდენობაში - სულიკოს მეორე ვარიანტის ქვემოთ კომენტარების 197 გვერდია. აქედან, დიდი-დიდი, ხუთი კომენტარი იყოს დადებითი. ვინც არ გვაგინებს და რაიმე ნეიტრალურს წერს, მერე იმასაც აგინებენ.
youtube-ზე იმიტომ არ გვაგინებენ, რომ აქ ისინი ვერ რეგისტრირდებიან, ვინც myvideo.ge-ზეა, რადგან იქ დასარეგისტრირებლად ინგლისურის ცოდნაა საჭირო.
ბოლო სიმღერის (რომელიც ასევე სულიკოს თემაზეა) ვიდეოს ფინალში ყველა ვკოცნით ჩვენს მეგობარ გოგონებს, ცოლებს, შეყვარებულებს და ისმის მრავალჟამიერი. ამაზეც დიდი უკმაყოფილება იყო.

ქართული სული
ჩვენს მენეჯერს, ლექსო მაჭავარიანს, ნერვები მოეშალა და რამდენიმე აქტიურად მაგინებელი ახალგაზრდა ოფისში დაიბარა. აქ რომ მოვიდნენ, სუფრა დავახვედრეთ, ერთად დავლიეთ, კლიპები გავარჩიეთ და ბოლოს მგონი ჩვენს თავგადაკლულ გულშემატკივრებად წავიდნენ. დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ვართ კარგი და წესიერი ახალგაზრდები, რომლებიც ქართულ სულს საფრთხეს არ უქმნიან, პირიქით, მის განვითარებაზე ზრუნავენ.

მეოთხე სიმღერა
ჩვენ არ ვართ მუსიკოსები, ჩვენ ვართ პროფესიონალი მსმენელები, რომლებიც კარგად ერკვევიან მუსიკაში. ჩვენი შექმნილი პროდუქტიც კარგი მოსასმენია. არ გვაქვს პრეტენზია, რომ ნამდვილ მუსიკას ვქმნით. უბრალოდ, გვსიამოვნებს ამ საქმის კეთება და აღმოჩნდა, რომ კიდევ ბევრ ადამიანს მოსწონს.
არ გვინდა, შემდეგი კლიპის იდეა გითხრათ, მაგრამ მაინც გეტყვით, იმიტომ რომ ვეღარ ვითმენთ. სიმღერა Arctic Monkeys-ის მუსიკაზეა დაწერილი. ტექსტის მორალი ქალთა უფლებების დაცვაზეა. აღმოჩნდა, რომ საქართველოში თუ ქალთა უფლებები ირღვევა, ასეთი შემთხვევების 80% ოჯახში ხდება. ამის წინააღმდეგ ხმის ამოღება აუცილებელია. საშინელებაა, როცა ოჯახის წევრი მამაკაცი მოძალადეა. ვიდეოში დერვიშები ფეხბურთს ეთამაშებიან საქართველოს ქალთა ნაკრებს. კარგი ვიდეო გამოვა. ყველამ უნდა შეიგნოს, რომ ქალი და მამაკაცი თანასწორია.

ლაივი
ცოცხალი კონცერტის გაკეთება გვინდა თუ არა?.. კი, როგორ არ გვინდა, მაგრამ ერთი პრობლემაა – დაკვრა არ ვიცით!
თუ მოთხოვნა იქნება, არც ეგაა პრობლემა. ვისწავლით!



 

კომენტარები