საქართველო-ირანის ურთიერთობები - რუსეთის ნერვიულობის ახალი მიზეზი

გრიგოლ ვაშაძე და რამინ მეჰმანფარასტი
თუ აქამდე მოსკოვს კავკასიის მიმართულებით ერთი მთავარი საზრუნავი ჰქონდა - არ დაეშვა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ნატოში გაწევრიანება, ამ ბოლო დროს ნერვიულობის დამატებითი მიზეზი გაუჩნდა: საქართველო-ირანის ურთიერთობების განვითარება.

ერთი შეხედვით, ძნელია ამ ორი საკითხის ერთმანეთზე მიბმა; სად თბილისის კავშირ-ურთიერთობები დასავლეთთან და სად ლიბერალური ღირებულებების ერთგულ საქართველოსა და ისლამურ საფუძვლებზე მოწყობილ ირანს შორის დიალოგის გაღრმავება? თუმცა, არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც ზემოაღნიშნულ ორ ამბავს ერთმანეთთან ხილული ძაფით კრავს: საქართველოს სუვერენული ნება - თავისუფლად და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე განახორციელოს საგარეო პოლიტიკა. მოსკოვის უმთავრესი მიზანიც ხომ ისაა, რომ არ დაუშვას თბილისის თავისუფალი არჩევანის უფლება.

ამ მოცემულობიდან გამომდინარე, არ უნდა გაგვიკვირდეს ის ვნებათაღელვა და კრუნჩხვითი რეაქცია, რითაც რუსეთის პროპაგანდა შეხვდა თბილისისა და თეირანის მზადყოფნას, განავითარონ ძველი და შექმნან ახალი მექანიზმები ორ მეზობელ ქვეყანას შორის კავშირ-ურთიერთობების გასაღრმავებლად. კერძოდ, საუბარია პირდაპირი ავიარეისების დაწესებაზე, უვიზო მიმოსვლის შემოღებაზე, ბათუმში ირანის საკონსულოს გახსნაზე, ეკონომიკური ფორმატების შექმნასა და დიპლომატიური კონტაქტების განვითარებაზე. დიალოგის პროცესში იგეგმება ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრისა - თბილისში და საქართველოს პრემიერ-მინისტრისა - თეირანში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2010 წლის იანვარში ეწვია თეირანს, 2004 წლის ივლისში კი, ვარდების რევოლუციიდან რამდენიმე თვეში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩავიდა ირანში, სადაც, პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან საუბრების გარდა, ირანში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთანაც გამართა მეტად გულთბილი და ემოციურად დატვირთული შეხვედრები.

2004 წლიდან დღემდე საქართველოსა და ირანის მაღალი თანამდებობის პირებს შორის რამდენიმე სხვა შეხვედრაც გაიმართა. მათი მიზანი ენერგეტიკული, სავაჭრო და დიპლომატიური კავშირ-ურთიერთობების განმტკიცება იყო. რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი გაზის ბლოკადის დროს ფასდაუდებელი იყო ის გაბედული და მეზობლური ნაბიჯი, რომელიც თეირანმა გადადგა მოსკოვის ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ და, ალტერნატივის სახით, ირანული ბუნებრივი აირი შემოგვთავაზა. ამ გარემოებამ მნიშვნელოვანწილად გაგვიადვილა 2006 წლის ზამთრის გადატანა.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის დაძაბულობა საქართველოსათვის სერიოზული თავსატეხია. ამას ემატება ის შეშფოთება, რომელიც თბილისში შეიგრძნობა რუსეთის საეჭვო როლთან დაკავშირებით - ვაშინგტონ-თეირან-მოსკოვის სამკუთხედში.
რუსეთის საგარეო პოლიტიკის ტრადიციაა, ჯერ შექმნას საერთაშორისო პრობლემა, შემდეგ კი დასავლეთთან ივაჭროს იმავე პრობლემის მოსაგვარებლად დახმარების გაწევის საფასურზე, რათა რაც შეიძლება დიდი მატერიალური და დიპლომატიური სარგებელი მიიღოს. ირანის ბირთვული და სამხედრო საკითხი ამ ტრადიციის თვალსაჩინო ნიმუშია.
მოსკოვმა მცდელობა არ დააკლო იმას, რომ დასავლეთსა და თეირანს შორის დაძაბულობა ესკალაციის გზით წასულიყო. რუსეთი ირანის პრობლემის შექმნას თეირანის დიპლომატიური და იდეოლოგიური წაქეზებითაც უწყობდა ხელს და სამხედრო და ბირთვული თანამშრომლობის გაღრმავებითაც.

მაღალტექნოლოგიური საბრძოლო სისტემების მიყიდვა ირანისათვის, პერიოდულად კი დასავლეთის დაშანტაჟება კიდევ უფრო თანამედროვე აღჭურვილობის მიყიდვის მუქარით, მოსკოვის სტრატეგიული ჩანაფიქრის ტაქტიკური ასპექტებია. რუსეთი იმედოვნებდა, რომ როცა ვაშინგტონი მისგან ირანის კვანძის გახსნაში თანამშრომლობასა და დახმარებას მოითხოვდა, პირობად მსუყე ჩეკის გამოწერას დააყენებდა. რა უნდა ყოფილიყო უფრო სარფიანი ნადავლი, თუ არა გავლენის სფერო და ბატონობის უფლება პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეს სწორედ ის საკითხია, რომელშიც საქართველოს სუვერენიტეტი და თავისუფალი არჩევანის ნება პირდაპირ უპირისპირდება ირანის დილემის მოგვარების მოსკოვურ სქემას.
ჩვენი უპირველესი ამოცანა თავისუფლების შენარჩუნებაა, რაც კანონზომიერ კავშირშია რეგიონულ უსაფრთხოებასთან. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ალბათ კარგად ხვდებიან იმას, რომ ირანის საკითხის მოგვარებაში თანამშრომლობის სანაცვლოდ, რუსეთისათვის საჯიჯგნად საქართველოს მიგდება არათუ უფრო სტაბილურს ვერ გახდის ჩვენს რეგიონს, არამედ კიდევ უფრო გაართულებს მდგომარეობას მოსკოვის დაუოკებელი იმპერიალისტური ამბიციების ზრდის გამო. რუსეთისათვის საქართველოს დათმობა, მორალურ ზიანთან ერთად, გეოსტრატეგიული დანაკარგიც იქნება დასავლეთისათვის და, ამასთან ერთად, გზას გაუხსნის ცივი ომის მსგავს კონფრონტაციულ ურთიერთობებს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის.

17 მაისს ბათუმში თურქეთის პრემიერ-მინისტრის, ერდოღანის მიღების დროს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, შეაქო რა თურქეთის მეცადინეობა, რომელიც მიმართულია თეირანის ბირთვული პრობლემის მოგვარების ხელშეწყობისაკენ, აღნიშნა: დასავლეთსა და ირანს შორის დაპირისპირება „სიკვდილ-სიცოცხლის” საკითხია საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნების გადარჩენისათვის. მას, ალბათ, მხედველობაში ჰქონდა ის, რომ თეირანის დილემის მოგვარებას არ უნდა შეეწიროს საქართველოს სუვერენიტეტი და თავისუფალი არჩევანი. გარდა ამისა, თურქეთი, საქართველოს მსგავსად - და რუსეთისაგან განსხვავებით - რეგიონული სტაბილურობის მომხრეა, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, როგორც ჩანს, ირანის პრობლემის ცივილიზებულ და მშვიდობიან მოგვარებასაც გულისხმობს რუსეთისათვის გავლენის სფეროს დაკანონების გარეშე.

ირანთან ურთიერთობის განვითარება არამც და არამც არ ნიშნავს საქართველოს საგარეო და საშინაო კურსის რაიმე ცვლილებას. პირიქით, თეირანთან თანამშრომლობა საქართველოს სუვერენიტეტის გადარჩენის და, ამდენად, ჩვენი დასავლური გეზის ურყეობისათვის დამატებითი მექანიზმია. სწორედ ამიტომაც აღიქვეს მოსკოვში ირანსა და საქართველოს შორის დიალოგის გაღრმავება საფრთხედ და რუსეთის მიმართ არამეგობრულ ნაბიჯად.

ამერიკასა და დასავლეთს მხოლოდ წაადგება თბილის-თეირანის გამჭვირვალე თანამშრომლობა, რაც, თურქეთის დიპლომატიური აქტიურობის კვალდაკვალ, ხელს შეუწყობს მშვიდობას სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში.

მნიშვნელოვანია, რომ თეირანთან ჩვენი ურთიერთობები მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისათვის, რათა მათ იოტისოდენა ეჭვიც კი არ გაუჩნდეთ საქართველოს მიზნებთან დაკავშირებით. მათ ჩვენგან უნდა მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ჩვენივე გეგმების შესახებ, რათა მოსკოვს მანიპულაციისა და სპეკულაციის საშუალება არ მივცეთ. მოსკოვს ხომ ერთი სული აქვს, როდის წარუდგენს დასავლეთს „ქართველთა ისტორიული ორპირობის” დამადასტურებელ „ახალ ფაქტებს”.

კომენტარები