ამერიკული დაზვერვის შეფი თანამდებობას ტოვებს

დენის ბლერი
21 მაისს ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა პრეზიდენტს დაასწრო და თანამდებობა დატოვა. სამხედრო-საზღვაო ფლოტის ადმირალ დენის ბლერის თანამდებობიდან გადაყენებას პრეზიდენტი ობამა 28 მაისს გეგმავდა.
ბლერი გადადგომამდე რამდენჯერმე გააკრიტიკა ობამამ. პრეზიდენტის კრიტიკა, მისივე თქმით, ეროვნული დაზვერვის ოფისის არადამაკმაყოფილებელმა მუშაობამ გამოიწვია. სისტემურ ჩავარდნაზე ობამა შარშან, საშობაოდ, დეტროიტში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ალაპარაკდა. ნიგერიელმა უმარ მუტალაბმა ამსტერდამიდან დეტროიტის მიმართულებით მიმავალ რეისზე ხელნაკეთი ბომბის აფეთქება სცადა. აშშ მასშტაბური ტერორისტული აქტისგან მგზავრების გამბედაობამ იხსნა. პრეზიდენტმა დაზვერვის სისტემის ჩავარდნაზე პასუხისმგებლობა ბლერს დააკისრა. დეტროიტის ინციდენტს ნიუ-იორკის არშემდგარი ტერაქტი მოჰყვა. ამ შემთხვევაშიც, ობამას გუნდმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის ბრალეულობა დაინახა კონტრტერორისტული ცენტრის არაეფექტურ მუშაობაში. ამგვარად, ალაპარაკდნენ ბლერის გაშვებაზე. ცვლილების მიზეზად თეთრმა სახლმა ადმირალის მიერ დაზვერვის ინფორმაციის არაეფექტური დამუშავება და ამერიკული სპეცსამსახურების არასაკმარისი კოორდინაცია დაასახელა, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბლერი სხვა რამის გამო აითვალწუნეს.
დენის ბლერი ობამას გუნდს ეროვნული უსაფრთხოების რამდენიმე მთავარ საკითხში არ ეთანხმებოდა. იგი მხარს უჭერდა დაკითხვის აგრესიულ მეთოდებს, რომელიც ბუშის დროს გამოიყენებოდა პოტენციური ტერორისტული აქტების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად, მათი პრევენციისთვის. ობამამ ინფორმაციის მოპოვების ეს მეთოდი გააუქმა; ბლერი ითხოვდა, მის უფლებამოსილებაში შესულიყო უცხო ქვეყნებში ამერიკის სადაზვერვო სამსახურების კადრების განაწილება და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ფარული ოპერაციების მონიტორინგი. ამაზე მან, როგორც ბაიდენისგან, ასევე ობამასგანაც, ცივი უარი მიიღო. ამის შემდეგ ბლერი ღიად ალაპარაკდა სახელმწიფო სისტემაში არსებულ ინსტიტუციონალურ და ტექნოლოგიურ ბარიერებზე: ობამას ადმინისტრაცია ამხილა ეროვნული უსაფრთხოების გამოყენებაში, საკუთარი პოლიტიკური პოზიციის შესალამაზებელად და პოლიტიკური კაპიტალის დასაგროვებლად. მალევე თეთრმა სახლმა ბლერს სამსახურიდან განთავისუფლების თარიღი შეატყობინა.
ეროვნული დაზვერვის ოფისი 2004 წელს ჩამოყალიბდა, როცა მიიღეს „დაზვერვის რეფორმისა და ტერორიზმის აქტი”. დაარსების დღიდან დაზვერვის დირექტორის ოფისსა და ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს შორის მუდმივი დაპირისპირებაა. 2004 წლამდე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ამერიკის მთავრობის მთავარი სადაზვერვო ორგანიზაცია იყო. იგი კოორდინაციას უწევდა არა მხოლოდ საკუთარ პროგრამებს, არამედ 16-ვე სადაზვერვო უწყებას. დღეს ამ ფუნქციას ეროვნული დაზვერვის დირექტორი ასრულებს და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოც მის კონტროლს ექვემდებარება. გარდა ამისა, ოფისის დირექტორი პრეზიდენტისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მთავარი მრჩეველია და ეროვნული დაზვერვის პროგრამასაც უდგას სათავეში.
დაზვერვის ოფისს დენის ბლერი 16 თვის მანძილზე ხელმძღვანელობდა. ოფისის 5-წლიანი არსებობის მანძილზე ბლერი მესამე დირექტორია. სენატორი ჯოზეფ ლიბერმანი მიიჩნევს, რომ აუცილებელია დაზვერვის დეპარტამენტის შექმნა, სენატორების ნაწილი ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტის საერთოდ გაუქმებას მოითხოვს.
ბლერის შემცვლელად თეთრი სახლი დაზვერვის უმაღლეს ოფიცერს, ჯეიმს კლაპერს მოიაზრებს. აღსანიშნავია, რომ ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატის დანიშვნას სენატის თანხმობა სჭირდება. სავარაუდოდ, დენის ბლერის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზები უფრო მასშტაბური განხილვის საგნად სწორედ სენატში გასამართავი დებატების დროს იქცევა.



 

კომენტარები