ახალი კაბინეტის საკვანძო ფიგურები

საგარეო მინისტრი:
უილიამ ჰეიგი, 49 წლის.
დევიდ კამერონის მთავარი მრჩეველი, პრემიერ-მინისტრის ფაქტობრივი მოადგილე, კონსერვატორთა მემარჯვენე ფრთის ლიდერი.
ჰეიგი გამოირჩევა საზრიანობითა და ორატორული ნიჭით. როგორც ამბობენ, გამოუსწორებელი ოპტიმისტია. პირველად ყურადღების ცენტრში 16 წლის ასაკში მოხვდა, კონსერვატორთა კონფერენციაზე მოურიდებელი შენიშვნების გამო. პარლამენტში მოხვედრა პირველად 25 წლის ასაკში სცადა, მიზანს კი ორი წლის შემდეგ მიაღწია. მინისტრთა კაბინეტში 32 წლისა მოხვდა, ხოლო ოთხი წლის შემდეგ კონსერვატორთა ლიდერი გახდა.
ჰეიგი გამორჩეული ევროსკეპტიკოსია. იგი მხარს უჭერდა ომს ერაყში.

ფინანსთა მინისტრი:
ჯორჯ ოზბორნი, 38 წლის.
დევიდ კამერონის უახლოესი მეგობარი და პარტიული მოკავშირე. მათ ურთიერთობებს ხშირად ადარებენ ბლერისა და ბრაუნის ლეიბორისტულ წყვილს.
თუ კამერონი არის ტრადიციული, დიდგვაროვანი კონსერვატორი, ოზბორნი ქალაქში დაბადებულ-გაზრდილია, სოციალური თვალსაზრისით კი ლიბერალია. ოზბორნი გამოირჩევა აგრესიული საგარეო პოლიტიკური შეხედულებებით. მას მჭიდრო კავშირები აქვს ვაშინგტონის ნეოკონსერვატორთა წრეებთან. ჰეიგის მსგავსად, ოზბორნიც ევროსკეპტიკოსია.
ოზბორნი ბოლო 100 წლის მანძილზე ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა ფინანსთა მინისტრია.

თავდაცვის მინისტრი:
ლაიამ ფოქსი, 48 წლის.
ფოქსი მესამე ადგილზე გავიდა 2005 წელს გამართულ კონსერვატორთა ლიდერის არჩევნებზე. პარტიის მემარჯვენე ფრთის წარმომადგენელი. ფოქსი გამოირჩევა ევროსკეპტიციზმით და თვლის, რომ ბრიტანეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ამერიკასთან ურთიერთობა. ბრიტანეთის უსაფრთხოების ქვაკუთხედად ნატოს - და არა ევროპას - მიიჩნევს.
ფოქსი მარგარეტ თეტჩერის წიგნს „სახელმწიფოს მართვის ხელოვნება” საგარეო პოლიტიკის სახელმძღვანელოდ მიიჩნევს. ის შოტლანდიელ მაღაროელთა შვილიშვილია და კარიერის საწყის ეტაპზე ზოგადი სპეციალობის ექიმად მუშაობდა.

ლორდ-კანცლერი/იუსტიციის მინისტრი:
კენ კლარკი, 69 წლის.
კლარკი 1993-1997 წლებში ჯონ მეიჯორის მთავრობაში ფინანსთა მინისტრი იყო და მაშინ მოახერხა ბრიტანეთის ეკონომიკური რეცესიიდან გამოყვანა. კლარკი პროევროპული შეხედულებებით გამოირჩევა და სწორედ ამას მიიჩნევენ კონსერვატორთა ლიდერის სამ არჩევნებში მისი დამარცხების მიზეზად. კლარკს პარლამენტში მუშაობის 40-წლიანი გამოცდილება აქვს. თეტჩერის დროს ჯანმრთელობისა და განათლების მინისტრის პოსტები ეკავა. თეტჩერი მას „გულწრფელ მეგობრად” მოიხსენიებდა. 1990 წელს კლარკმა თეტჩერს ურჩია, 1990 წელს კონსერვატორთა ლიდერობიდან გადამდგარიყო. მეიჯორის მთავრობაში 1993 წლამდე თავდაცვის მინისტრი იყო.

შინაგან საქმეთა მინისტრი:
ტერეზა მეი, 53 წლის.
ბრიტანეთის ისტორიაში მეორე ქალი, რომელმაც აღნიშნული პოსტი დაიკავა. მეი კონსერვატიული პარტიის პირველი ქალი თავმჯდომარე იყო.


ბიზნესისა და ბანკების მინისტრი:
ვინს კეიბლი, 67 წლის.
კარიერის დასაწყისში ლეიბორისტულ პარტიაში იყო, მერე - სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში, ამ უკანასკნელის ლიბერალებთან გაერთიანების შემდეგ კი ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიაშია.
ლიბდემების დროებით ლიდერობისას გორდონ ბრაუნი ასე დაახასიათა - „სტალინიდან მისტერ ბინამდე”.

ჯანმრთელობის მინისტრი:
ენდრიუ ლანსლი, 53 წლის.
კონსერვატიული პარტიის ყოფილი ლიდერის, ნორმან ტებიტის, პირადი მინისტრი ვაჭრობისა და ინდუსტრიის დეპარტამენტში. კარიერა საჯარო სამსახურიდან დაიწყო. მის პოლიტიკურ აზროვნებაზე გავლენა იქონია ტებიტის უკომპრომისო მემარჯვენე შეხედულებებმა. 1980-იან წლებში ბრიტანეთის კომერციის პალატის პოლიტიკის დირექტორი, 1990 წლიდან კონსერვატიული კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მაშინ კვლევების დეპარტამენტში მუშაობდა 24 წლის დევიდ კამერონი. კამერონთან ერთად ლანსლიმ მოახერხა 1992 წლის ლეიბორისტთა საარჩევნო პროგრამის - „საგადასახადო ბომბის” - დისკრედიტაცია და უზრუნველყო კონსერვატორთა გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში.

ენერგეტიკისა და კლიმატის მინისტრი:
კრის ჰუნი, 55 წლის.
ყოფილი ჟურნალისტი, ლონდონის ფინანსურ ცენტრ სიტიში ცნობილი პიროვნება და კრედიტების რეიტინგების სააგენტოს ხელმძღვანელი. ჰუნი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის გამჭრიახობით გამორჩეული ლიდერია და ხშირად ხვდება მედიის ყურადღების ცენტრში. ევროპარლამენტის წევრი 2005 წლამდე. 2007 წელს ნიკ კლეგის კონკურენტი პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლაში. მაშინ მან კონკურენტს „უბედურება კლეგი” უწოდა. მისი აგრესიული პოლიტიკური მოქმედების სტილი ბევრს არ მოსწონს პარტიაში.
ჰუნი ეკონომიკური ლიბერალიზმით უპირისპირდება ნიკ კლეგს, ემხრობა მაღალ ტარიფებს გარემოს დაბინძურებაზე და ამით სურს, დააფინანსოს ნაკლებ შეძლებულთათვის გადასახადების შემცირება.

განათლების მინისტრი:
მაიკლ გოუვი, 42 წლის.
მაიკლ გოუვი კონსერვატორთა იმ ნაკადის გამორჩეულ ტალანტად ითვლება, რომელიც პარტიას 2005 წელს შეუერთდა. გოუვი კამერონთან განსაკუთრებულად დაახლოებული წრის წევრია და ბევრი გამოსვლის ტექსტიც მას ეკუთვნის. სანამ პოლიტიკურ კარიერას დაიწყებდა, მუშაობდა ჟურნალ ტაიმსში და ანალიტიკურ ცენტრ პოლისი ექსჩეინჯის ხელმძღვანელი იყო.
სავარაუდოდ, გოუვი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იქნება კოალიციურ მთავრობაში. ის საგანმანათლებლო სისტემაში მრავალ რეფორმას გეგმავს, მათ შორის, შვედური ვაუჩერული სისტემის შემოღებას სკოლებისათვის (ამ სისტემის მიხედვით, მშობელთა ჯგუფს შეეძლება საკუთარი სკოლის დაარსება). მართალია, მას აინტერესებს საგარეო პოლიტიკა, მაგრამ საგარეო საქმეთა მდივნობაში ხელს შეუშლის პიროვნული სისუსტე - ფრენის შიში. გოუვი საგარეო პოლიტიკაში ნეოკონსერვატორული შეხედულებებით გამოირჩევა. იგი ყურადღებას ამახვილებს ბრიტანეთში ისლამიზმის დაშოშმინების საფრთხეებზე, მხარს უჭერდა ამერიკის შეჭრას ერაყში.



 

კომენტარები