სკოლა, რელიგია და თავისუფლება

რა არის პრობლემა: რელიგიის აკრძალვა თუ რელიგიური სწავლება სკოლებში?

განათლების რეფორმის დაწყებიდან ზოგიერთი მისი ოპონენტი იმას ჩიოდა, რომ რელიგიური განათლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან იდევნებოდა. სინამდვილეში ვითარება სხვაგვარია და რელიგიასთან დაკავშირებით სკოლებში სხვა სახის პრობლემა უნდა ვეძებოთ. სავსებით პროგნოზირებადია, რომ რეალური პრობლემები, შესაძლოა, სკოლებში რელიგიური საკითხების არასწორი სწავლებით გამოვიწვიოთ.

კანონმდებლობა და ეროვნული სასწავლო გეგმა მკაფიოდ განსაზღვრავს, თუ რა ადგილი შეიძლება ჰქონდეს რელიგიას სკოლებში. კერძო სკოლა თავისუფალია ამ საკითხში და შეუძლია, თვითონ გადაწყვიტოს, თუ რა დოზით, ფორმით ან მიმართულებით შესთავაზებს თავის მოსწავლეებს რელიგიურ აღზრდას. საჯარო სკოლები ვალდებული არიან, ისტორიის კურსის ფარგლებში მოსწავლეებს ასწავლონ სხვადასხვა რელიგიის შესახებ. ისტორიის სახელმძღვანელოები აღწერენ მსოფლიო რელიგიებსა და საქართველოში მათი გავრცელების ისტორიას. ამ წიგნებში კარგად ჩანს, თუ რამდენად მდიდარია საქართველო როგორც ისტორიულად, ისე თანამედროვეობაში რელიგიური მრავალფეროვნების კუთხით. თუ სკოლაში საკმარისი ინტერესია, მაშინ, სამეურვეო საბჭოებთან შეთანხმებით, ფაკულტატური სახით, რელიგიების ისტორიის საგანიც შეიძლება ისწავლებოდეს. ამ საგნის ფარგლებში სკოლები ისტორიის კურსში შესასწავლ საკითხებს უფრო ღრმად ეცნობიან. კანონმდებლობა უშვებს ასევე შესაძლებლობას, რომ მოსწავლეებმა რომელიმე კონკრეტული რელიგიის შესახებ ისწავლონ. ეს მოსწავლეების ინიციატივა დაშვებულია არასასკოლო დროს, გაკვეთილების შემდეგ ან შაბათ-კვირას. ასეთ შემთხვევებში მოსწავლეებს აქვთ უფლება, სასულიერო პირი მიიწვიონ მათთვის საინტერესო საკითხებზე სასაუბროდ.

სკოლებში კანონით აკრძალულია რომელიმე რელიგიის მიზანმიმართულად გავრცელება. ასევე განისაზღვრება ის, რომ სკოლა დამოუკიდებელი უნდა იყოს ნებისმიერი რელიგიური ორგანიზაციისგან. ეს გულისხმობს რელიგიური რიტუალების სასკოლო დროს სკოლის მიერ ორგანიზებულად ჩატარებას. ასევე იკრძალება რელიგიური სიმბოლიკის არასაგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე გამოყენება. მაგალითად, როდესაც ისტორიის ან ლიტერატურის სწავლებისას მასწავლებელს სჭირდება რელიგიური ხასიათის ტექსტის ან რომელიმე ისტორიული ფიგურის (რომელიც ასევე რელიგიური კუთვნილებისაა) გამოსახულების მოსწავლეებისთვის ჩვენება, ეს კანონით დასაშვებია. მართალია, ამ შეზღუდვებს ბევრი მომხრე ჰყავს, მაგრამ არსებობენ მათი მოწინააღმდეგეებიც.

შეზღუდვების მოწინააღმდეგეებს ხშირად არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ, რადგან მართლმადიდებლობა საქართველოში უმრავლესობის რელიგიაა და სკოლის მოსწავლეების უმეტესობა მართლმადიდებლობის მიმდევარი ოჯახებიდან არის, დასაშვები უნდა იყოს ამ კონფესიის შესაბამისი რელიგიური სწავლების სკოლებში დანერგვა. ამ აზრის მომხრეებს ხშირად მიაჩნიათ, რომ სხვა რელიგიების წარმომადგენლები სკოლებში უნდა შეეგუონ იმ აზრს, რომ მართლმადიდებლურ ქვეყანაში ცხოვრობენ და უნდა შეისწავლონ მართლმადიდებლობა, როგორც საკუთარი ხალხის ტრადიცია და ზნეობრივი საფუძველი. ჩემი გამოცდილებით, ამ აზრის მომხრეები იშვიათად გაიაზრებენ რამდენიმე ფაქტს. საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, არ არის მართლმადიდებელი. არც ის აქვთ გაცნობიერებული, რომ არა მხოლოდ უმრავლესობის სკოლებში სწავლობს მრავალი არამართლმადიდებელი, არამედ ისიც, რომ მართლმადიდებლური რწმენის მატარებელი მოსწავლეების დიდი ნაწილი სწავლობს ისეთ სკოლებში, სადაც სხვა რელიგიის წარმომადგენლები შეადგენენ უმრავლესობას. საქართველოში ხუთასზე მეტი სკოლაა, სადაც სწავლება მიმდინარეობს რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. რუსულ სკოლებშიც მოსწავლეების დიდი წილი არამართლმადიდებელია. წარმოვიდგინოთ, როგორი იქნება მართლმადიდებელი ოჯახებისთვის ვითარება, როდესაც მათი შვილები ასეთ სკოლებში ვალდებული იქნებიან იქაური უმრავლესობის რელიგია, მაგალითად, სომხური სამოციქულო ეკლესიის, ზოროასტრიზმი, ისლამი და სხვა შეისწავლონ. ასევე უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოს არაქართულენოვანი მოქალაქეებისთვის ქართულენოვან სკოლებში შვილების შეყვანისთვის ფსიქოლოგიური და რელიგიური ბარიერი, შესაძლოა, სწორედ მათთვის უცხო რელიგიის შესწავლის ვალდებულება იყოს. ეს კი თავისთავად ამცირებს შესაძლებლობას, რომ ეს მოსწავლეები ქართული ენისა და კულტურის კარგი მცოდნეები იყვნენ, და, მეორე მხრივ, საკუთარი კულტურის საქართველოს დანარჩენი მოქალაქეებისთვის წარდგენას შეძლებენ, რაც არა მხოლოდ ამ კონკრეტული, არამედ ყველა ეთნიკური ჯგუფის საერთო წარმატებისთვის მნიშვნელოვანია.

ქართულენოვან სკოლებში ზოგიერთი მასწავლებელი თავის თავზე იღებს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ოჯახის ფუნქციებს და ცდილობს, კონკრეტული რელიგია თავის მოსწავლეებში გაავრცელოს. ამას ის სხვადასხვა გზით ცდილობს. ზოგიერთი ლოცვით იწყებს გაკვეთილს, ზოგს, კანონის საწინააღმდეგოდ, სალოცავი კუთხე აქვს მოწყობილი, ზოგს ორგანიზებულად დაჰყავს მოსწავლეები რელიგიურ დღესასწაულებზე და ა.შ. გარდა იმისა, რომ ეს კანონის დარღვევაა, დიდია საფრთხე, რომ მასწავლებელი საკუთარ რელიგიურ არჩევანს თავს მოახვევს სხვის შვილებს. მასწავლებელმა ხომ თვითონ აირჩია რელიგია, არავის დაუძალებია, რომ ამ რელიგიის მიმდევარი ყოფილიყო. მისთვის რომ თავს მოეხვიათ, შესაძლოა, ის არც გამხდარიყო ამ რელიგიის მიმდევარი და პროტესტის გრძნობა გასჩენოდა. თავისთავად, რელიგიის გავრცელებისთვის კიდევ უფრო დიდი საფრთხის შემცველია, როდესაც მას ვიყენებთ მოსწავლეებში მათი ქცევის რეგულირებისთვის. არსებობს შემთხვევები, როდესაც მასწავლებელი ცდილობს, მოსწავლეს რელიგიური არგუმენტებით აუხსნას, თუ რატომ არის ზოგიერთი საქციელი გამართლებული, ხოლო ზოგიერთი - არა. თავისთავად ცხადია, რომ ნებისმიერი რელიგია მრავალ საყურადღებო ზნეობრივ გაკვეთილს შეიცავს მოზარდისთვის. პრობლემა აქ სხვა რამეა. ხშირად მასწავლებლებისთვის რელიგიური იდეოლოგია ის ერთადერთი სფეროა, რომელშიც მოსწავლეებს კრიტიკულად აზროვნების უფლება არ აქვთ. ეს კი ძალიან სახიფათოა ჩვენი მომავალი მოქალაქეებისთვის. როდესაც მოსწავლეებს ვუსპობთ კრიტიკული აზროვნებისა და შეფასების საშუალებას, ეს, ერთი მხრივ, იწვევს მათში გაღიზიანებასა და აგრესიას, ხოლო, მეორე მხრივ, აღზრდის კრიტიკულად განსჯის, გააზრებული არჩევანის გაკეთების უნარის არმქონე ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებისეულ კითხვებზე მუდამ სხვებისგან ელიან პასუხს. ასეთები კი, როგორც ცნობილია, ადვილად ხდებიან მასმედიის, პოლიტიკური ან სხვა „ავტორიტეტული” წყაროების მიერ გავრცელებული იდეოლოგიების მსხვერპლი. ადვილია მათი კონტროლი, რადგან რაციონალური გააზრებისა და ანალიზის საფუძველზე დამოუკიდებლად დასკვნების გაკეთება მათთვის უცხოა. ამგვარად მოაზროვნე მოქალაქეები კი ნებისმიერი ქვეყნის უსაფრთხოებასა და განვითარებას სერიოზულ პრობლემებს უქმნიან.

კომენტარები