კატასტროფის წინაშე

თანამგზავრიდან გადაღებული ნავთობის ლაქა მექსიკის ყურეში
შვიდი კვირაა მექსიკის ყურეში დაღვრილი ნავთობი ამერიკული და ევროპული მედიის ყურადღების ცენტრშია. გამოხმაურების მასშტაბით ეს კატასტროფა ისლანდიაში ვულკან ეიაფიალაიოკულის ამოფრქვევას უტოლდება. მაგრამ თუ ვულკანიდან ცეცხლოვანი სუბსტანციები აღარ ამოდის, ნავთობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ იღვრება. საბადოს მფლობელი კომპანიის, ბი-პის შეფასებით კი, ოკეანის ფსკერზე შავი ოქროს დენა შეიძლება თვეები გაგრძელდეს.
გაჟონვა 20 აპრილს ზღვის ფსკერზე მდებარე ჭაბურღილიდან ნავთობის უკონტროლო ამოხეთქვით დაიწყო, რასაც ლუიზიანის სანაპიროდან 64 კილომეტრში მდებარე ნავთობის მომპოვებელ პლატფორმაზე დიდი აფეთქება მოჰყვა. პლატფორმა მთლიანად განადგურდა. აფეთქებას ჭაბურღილზე მომუშავე ადამიანები შეეწირნენ. ოკეანეში ტონობით ჩაღვრილმა ნავთობმა კი კაცობრიობა ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დააყენა.
მკვლევარებს ჯერ კიდევ უჭირთ კატასტროფის შედეგების სრულად შეფასება. ვარაუდობენ, რომ ახალი ფაქტები წლების მანძილზე ეტაპობრივად გამოვლინდება. თავდაპირველი ეკონომიკური გათვლებით, მხოლოდ ამერიკული მეთევზეობის ზარალი 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამავე მასშტაბის დანაკარგები ემუქრება ფლორიდის შტატის ტურისტულ სექტორსაც. ლუიზიანა, ალაბამა და მისისიპი ოფიციალურად გამოცხადდა „სათევზაო კატასტროფის” ზონებად. თუ მაისის დასაწყისში აშშ-ს მთავრობას ზღვის პროდუქტების მოპოვება 20, 000 კვადრატულ კილომეტრზე ჰქონდა აკრძალული, თვის ბოლოს ამ ფართობმა 140,000 კვადრატულ კილომეტრს მიაღწია, რაც ორჯერ აღემატება საქართველოს ფართობს (ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით).
ეკონომიკური დანაკარგების გარდა, ნავთობის უსასრულო გაჟონვამ კიდევ ერთი პრობლემის წინაშე დაგვაყენა. სანაპირო ზოლში უკვე აღმოაჩინეს დაბინძურების შედეგად დაღუპული ასეულობით ფრინველი, კუ და დელფინი. საფრთხის ქვეშაა კატასტროფის ზონაში მობინადრე ცხოველების 400-მდე სახეობა, მათ შორის, გადაშენების პირას მყოფი ამერიკული ზღვის კუებიც. დღემდე შეუფასებელი რჩება ეკოლოგიური კატასტროფის შედეგები ოკეანის ფსკერსა და ღრმა წყლებში. ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ოკეანურმა დინებებმა შესაძლებელია ნავთობი გაჟონვის ადგილიდან უფრო შორს გაავრცელოს, დაბინძურება აშშ-ს აღმოსავლური შტატების არაერთ სანაპიროს დაემუქრება.
მიუხედავად იმისა, რომ ბი-პი მექსიკის ყურის კატასტროფით დაზარალებულ ყველა ადამიანსა თუ ორგანიზაციას ზარალის სრულ ანაზღაურებას ჰპირდება, საეჭვოა, ამ „ქველმოქმედებამ” რეპუტაციის შელახვისგან იხსნას კომპანია. 23,000 მომჩივანი პირიდან ბი-პიმ 9,000-ის მოთხოვნა უკვე დააკმაყოფილა და, ტურისტული სექტორის მხარდაჭერის მიზნით, ათეულობით მილიონი დოლარი გადასცა დაზარალებულ შტატებს. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, მარტო ლუიზიანაში მოსახლეობის მეხუთედი უმუშევრობის საფრთხის წინაშე დგას, რადგან მათ უმეტესობა სანავთობო სექტორში მუშაობდა. მართალია, ბი-პიმ მაისის ბოლოსთვის 800 მილიონი იზარალა, მაგრამ, ბანკ იუ-ბი-ესის შეფასებით, ბიპიმ შეიძლება 12 მილიარდამდე აშშ დოლარი დაკარგოს, რის შედეგადაც ბრიტანული ენერგეტიკული გიგანტი გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. საინტერესოა ისიც, რომ ბანკი პოტენციურ შემძენ კომპანიებად უკვე ასახელებს ექსონმობილს და შელს.
მიუხედავად იმისა, რომ გაჟონვის შესაჩერებლად ბი-პიმ ამოხეთქვის დღიდან დაიწყო სხვადასხვა ზომის მიღება, ჯერჯერობით ვერც ერთი მცდელობა წარმატებით ვერ დასრულდა. მექანიზმმა, რომელსაც გაუთვალისწინებელი ამოხეთქვის შემთხვევაში ნაკადი ავტომატურად უნდა დაებლოკა, კომპანიას თავიდანვე უმტყუნა. ამის შემდეგ ბი-პიმ დაიწყო ფსკერზე დისტანციურად მართვადი მოწყობილობების გაგზავნა, თუმცა ესეც უშედეგო აღმოჩნდა. 27 მაისს მთავრობის სახელით მოქმედი სანაპირო დაცვის ადმინისტრატორი ამტკიცებდა, რომ ბი-პიმ ჭაბურღილში გრუნტის ჩატენვით გაჟონვა შეაჩერა. ორი დღის შემდეგ კი კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შედეგი ვერც ამ მეთოდმა გამოიღო. ამჟამად ბი-პი პრობლემის მოგვარებას უფრო რთული, გრძელვადიანი ხერხებით ცდილობს. კომპანიის გათვლებით, მიმდინარე სამუშაოები აგვისტომდე გაგრძელდება.
დღეს არსებული გათვლებით, კატასტროფა უკვე მესამე ადგილზეა ყველა დროის უდიდეს გაჟონვებს შორის. მაისის ბოლოს ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ენერგეტიკულ საკითხებში მექსიკის ყურის შემთხვევას აშშ-ს ისტორიაში უდიდესი და უმძიმესი უწოდეს. მინიმალური გათვლებითაც კი, 70,000 მილიონი ტონა ნავთობი უკვე დაიღვარა. ამ მაჩვენებელს სარეკორდო სიაში მოხვედრამდე სულ ცოტა უკლია.


 

კომენტარები