ჩამჭრელი კითხვები

0 კომენტარი

ეს წერილი არ არის არც სათეატრო და არც ტელეკრიტიკა. თეატრი აქ საერთოდ სიმბოლურად მონაწილეობს, ხოლო რაც შეეხება ტელევიზიას, გადაცემაში მონაწილეობა შემომთავაზეს, მაგრამ ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოვახერხე, თუმცა კი მინდოდა... ახლა კი ერთგვარად ვინაზღაურებ ამ დანაკლისს.

რა თქმა უნდა, კამათი ხელს უწყობს აზრის გამოთქმას. მონოლოგი ყოველთვის უფრო ძნელია. და რადგან მე ვერც პირველ არხზე გასული გადაცემის ნახვა მოვახერხე, ამიტომ მხოლოდ ძირითად თემას შევეხები და გვერდს ავუვლი იმას, რაც ითქვა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა ხოფერიას თოქშოუში „აუდიტორია”.

მაშ ასე, ჩატარდა წინასწარი გამოკითხვა, რომლის დროსაც 110 სტუდენტს დაუსვეს 6 შეკითხვა.

მე სწორედ ამგვარ გამოკითხვაზე მსურს გამოვთქვა აზრი. ბოლო ორი კითხვა საერთოდ გადასაგდებია. დავანებოთ თავი იმაზე მსჯელობას, რამ განაპირობა მაინცდამაინც ამ ორი მსახიობის არჩევა. რატომ არა რამაზ ჩხიკვაძე და სესილია თაყაიშვილი? ან ეროსი მანჯგალაძე და ვერიკო ანჯაფარიძე? - დავასკვნათ, რომ შემთხვევითმა არჩევამ გადაწყვიტა ყველაფერი და ამ წყვილს ამოუვიდა „ბედნიერი ბილეთი”. ეს კითხვები სულ სხვა მიზეზითაა გადასაგდები: რას ნიშნავს „მახსოვს” ან „არ მახსოვს”? რა ღირებულება აქვს აქ დადებით ან უარყოფით პასუხს? მაგრამ ეს კითხვარის შემდგენელთა პროფესიონალიზმზე მეტყველებს. ჩვენი კი იმდენად პროფესიონალიზმი არ გვაინტერესებს, რამდენადაც იდეა...

მივყვეთ ქვემოდან ზემოთ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ იდეის ავტორები ლენინის ცნობილი განცხადებით ხელმძღვანელობდნენ: „ხელოვნების ყველა დარგიდან ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია კინო!” ოდნავი მოდიფიცირება ამ ძვირფასმა აზრმა განიცადა რუსულ საბჭოთა ფილმში „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა”, რომლის დიალოგებში კინოსა და თეატრს ერთმანეთს უტოლებენ. ასე რომ, არც ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩამორჩა დროს და ამოირჩია „განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დარგების” ორი „საკულტო” ნიმუში. თუმცა, აქაც შეიძლება ავუხირდეთ: რა დააშავეს „ურიელ აკოსტამ” და „არაჩვეულებრივმა გამოფენამ”? ან „დონ ჟუანმა” და „დიდმა მწვანე ველმა”?

პირველი ორი შეკითხვა კი პატრიოტიზმის პედალს აჭერს. თუმცა კინოს გარეშე ვერც აქ გადავრჩით: დარწმუნებული ვარ, იმდენად ილია ჭავჭავაძის პოეზია არ უნდა გამხდარიყო ამ შეკითხვის მიზეზი, რამდენად 1990-იანი წლების ჰიტი - კინოფილმ „გლახის ნაამბობის” საუნდტრეკი და ეროვნული მოძრაობის ლაიტმოტივი. საქართველოს ჰიმნი კი გამოკითხვის სრულიად გასაგები წევრია, თუმცა, აქვე უნდა გამოვთქვა მოკრძალებული იმედი, რომ ვინც დაწერა, ვიციო, დათო მაღრაძეს არ გულისხმობდა...

ახლა კი დავსვათ მთავარი შეკითხვა: რას გვიჩვენებს ეს გამოკითხვა?

გვიჩვენებს თუ არა ის „ქართული იდენტობის” სიძლიერეს? - არა, რადგან ჩემი ეროვნული იდენტობა არანაირად არ განისაზღვრება იმით, თუ რამდენად პასუხობს ჩემი გემოვნება რომელიმე სოციალური ჯგუფის მოთხოვნებს. მით უმეტეს, თუ გემოვნების მეტრად სოციალური ჯგუფი კი არა, რაღაც „ტუსოვკა” ან „სასტავია” მოყვანილი. დროა მივეჩვიოთ იმ აზრს, რომ ჩვენს ქართველობას არ განსაზღვრავს გორბაჩოვისეული „პერესტროიკის” კინომერცხალი და არც თეატრის განვითარების გზაზე ორმოცწლიან დაბრკოლებად დამდგარი ერთი წარმატებული სპექტაკლი. ჩვენი საზოგადოებაც სულ უფრო ჭრელი გახდება და საზოგადოების სახელსაც სწორედ მაშინ დაიმსახურებს, როცა ყველას მოსაწონი მოვლენებისთვის მასში ადგილი არ დარჩება.

გვიჩვენებს თუ არა გამოკითხვა სტუდენტთა განათლების დონეს? - არა, რადგან ამ კითხვებით ვერც პროფესიონალიზმს დაადგენ და ვერც ზოგადი უნარების დონეს. მახსოვს, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ჩამოსულმა იტალიელებმა გაპარტახებულ საამქროში ილიას უშველებელი სურათის დანახვაზე იკითხეს: „ეს ინვესტორია?” ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და რაც ფილოლოგისთვის მართლაც არასასურველია, მათემატიკოსისთვის საერთოდ არ წარმოადგენს კრიტერიუმს.

შეგვიძლია თუ არა ვიმსჯელოთ სტუდენტების პატრიოტიზმზე? - არა, რადგან, სხვას რომ თავი დავანებოთ, ამაზე მსჯელობა უხერხულიც კია. იმიტომ კი არა, რომ პატრიოტიზმი სამარცხვინო რამაა, არამედ იმიტომ, რომ მისი დაყვანა არ შეიძლება რაოდენობრივ მაჩვენებლამდე. ბევრს გემახსოვრებათ მეომარი, რომელმაც რამდენიმე რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო ომის დროს. გამოგიტყდებით, ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, იცნობს ის აკაკი წერეთლის შემოქმედებას და არჩევს თუ არა რობერტ სტურუას კახი კავსაძისგან. უამისოდაც პატივისცემისა და დაფასების ღირსია.

მაშ, რაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ გამოკითხვით? იმაზე, რომ ასეთი გამოკითხვის არსებობა შეუთავსებელია დამოუკიდებლობასთან: ის გულისხმობს ვიღაც ერთის არსებობას, ვინც შენი ერისა და შენი ქვეყნის გარეთ დგას და ვის წინაშეც აუცილებლად უნდა ჩააბარო გამოცდა ქართველობაში. მაგრამ ასეთი ვინმე კარგა ხანია აღარ არსებობს და სიმართლისკენ ყოველი ჩვენგანი საკუთარი გზით მიდის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები