დაბადების დღე

მეხსიერებით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ დღემდე მახსოვს ბავშვობის ყველა დაბადების დღე. მახსოვს თითოეული დაბადების დღის მოლოდინი, მზადება, სტუმრები, მილოცვები, რაღა თქმა უნდა, საჩუქრები და შეგრძნება, რომ ეს დღე განსაკუთრებული და მხოლოდ ჩემი იყო. მახსოვს სხვა ბავშვების დაბადების დღეებიც, წიგნებზე, მისალოც ბარათებზე რუდუნებით გაკეთებული წარწერები, ტორტზე ანთებული სანთლები, შუქის ჩაქრობა, Happy Birthday-ს თავგამოდებით სიმღერაც, თითქოს ამით ჩემი წვლილი შემქონდა სურვილის ასრულებაში. ღიმილის მომგვრელია, მაგრამ ალბათ სწორედ ამ წვეულებებით აიხსნება დღემდე ჩემი განსაკუთრებული სიყვარული მსხლის ლიმონათისა და ხაჭაპურის მიმართ. გემოს ეს კომბინაცია ვერ ჩაანაცვლა მოგვიანებით გასინჯულმა ვერც ერთმა ევროპულმა თუ ეგზოტიკურმა კერძმა. მას მყარად უკავია საკუთარი ადგილი.
ამ ყველაფერს იმიტომ ვიხსენებ, რომ მინდა, ხაზი გავუსვა ამ დღის განსაკუთრებულობას, იმას, რომ ეს დღე მხოლოდ შენია, ამ დღისგან აუცილებლად მოითხოვ რაიმე ჯადოსნურს, გჯერა, რომ ოცნებები სწორედ ამ დღეს შეიძლება ახდეს და სამართლიანადაც – ეს ხომ შენი დღეა! გავიხსენოთ საკუთარი თავი 7, 12 ან სულაც 16 წლის ასაკში, დაბადების დღის მოლოდინში - უამრავი გეგმა, ფიქრი, რაღაცნაირი შფოთვა, ფაციფუცი და გაურკვეველი სიხარულის შეგრძნება. ერთი წუთითაც რომ არ უშვებ, რომ რაიმე შეიძლება ისე არ მოხდეს, როგორც შენ გინდა.
მოკლედ, თემას ცოტა გადავუხვიე, მაგრამ უცებ რომ გამახსენდა მთელი ეს სასიამოვნო აურზაური, ხელი ვეღარ გავაჩერე. სინამდვილეში მინდოდა დამეწერა იმაზე, თუ როგორ აღნიშნავენ დაბადების დღეებს ბავშვთა სახლებში, თუ როგორია ან როგორი შეიძლება იყოს ერთი დაბადების დღე ერთი ბავშვისთვის, რომელიც ბავშვთა სახლში ცხოვრობს. ფაქტია, რომ ამ თემაზე მაინცდამაინც არავინ ფიქრობს, არც ის ადამიანები, ვისაც ეს არ ეხება და, სამწუხაროდ, არც ისინი, ვისი პირდაპირი ვალდებულებაა (ცხადია, არა მარტო მორალური) ამაზე ფიქრი და მისი გონივრულად ორგანიზება. სამწუხარო რეალობა და დამკვიდრებული პრაქტიკა (იშვიათი გამონაკლისების გარდა) ცხადყოფს, რომ ბავშვების დაბადების დღეებს არ აღნიშნავენ. უბრალოდ, არ აღნიშნავენ. აი ასე, - არ აღნიშნავენ! რა თქმა უნდა, იშვიათი „ბედნიერი” გამონაკლისები არსებობს, მაგრამ აბა, წამით დავფიქრდეთ. განა ასმაგად საწყენი არ არის, როცა ვიღაცას „აქვს” დაბადების დღე და ვიღაცას - არა? ერთს „მოუხერხეს” და სახლში წაიყვანეს, ან იქვე აღუნიშნეს ეს დღე, ხოლო მეორე, ვისთან მოსვლაც ვერ მოახერხეს, არ მოახერხეს, უბრალოდ, დაავიწყდათ, რომ დაბადების დღე აქვს და საერთოდაც რომ არსებობს, - უდაბადებისდღეოდ რჩება. ვითომც არაფერი, არც არავის ახსოვს, არც არავინ ულოცავს, არც არავინ აღნიშნავს. ასეთ დროს, ალბათ, ჯობია, არც შენ გახსოვდეს შენი დაბადების დღე, არ იცოდე, თუ რას ნიშნავს ეს დღე, რომ არ განიცადო ის სიმწარე და იმედგაცრუება, რაც წინ გელის.
გამოგიტყდებით და, წერის ბიძგი მომცა ახლად შექმნილმა „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს” ვებგვერდზე განთავსებულმა ინფორმაციამ, რომელშიც სიამაყით იუწყებიან, რომ ამიერიდან, კეთილი ადამიანების დახმარებით, ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს თვეში ერთხელ სადღესასწაულო ცენტრში აღუნიშნავენ დღეობას და მათ დაუვიწყარ წუთებს აჩუქებენ. დავიწყოთ იმით, რომ სწორედ ამ სააგენტოს აბარია ქვეყანაში არსებული ბავშვთა სახლების ბედ-იღბალი, ცხადია, ბავშვებიანად. შესაბამისად, სწორედ ამ სააგენტომ უნდა იცოდეს ყველაზე უკეთ ამ ბავშვების საჭიროებები და სურვილები (აღარაფერს ვამბობ ბავშვის უფლებების გაცნობიერებულ ცოდნასა და მათ პატივისცემაზე). ცნობისთვის, ბავშვის უფლებების კონვენცია არის საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც მრავალ სხვადასხვა უფლებას აერთიანებს, მათ შორის: ბავშვის ინდივიდუალობის შენარჩუნება, მისი შეხედულებების პატივისცემა, დისკრიმინაციისგან დაცულობა, პირადი ცხოვრების დაცვა (ძნელად კი წარმომიდგენია, ვინმეს აზრად მოსვლოდა და რომელიმე ბავშვისთვის ეკითხა, თუ სად და როგორ უნდა მას საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა) და ა.შ. აქვე ყველაზე რელევანტური №20 მუხლი, რომელშიც სიტყვასიტყვით წერია, რომ „სახელმწიფო ვალდებულია განსაკუთრებულად დაიცვას ბავშვი, რომელიც მოკლებულია ოჯახურ გარემოს და შეუქმნას მას მშობლიური გარემოს ტოლფასი ალტერნატიული გარემო”. სააგენტოს საზეიმო განცხადების ფონზე ეჭვს შევიტანდი იმაში, რომ მის მესვეურებს კარგად ჰქონდეთ გააზრებული ეს უფლებები. ეჭვს შვიტანდი იმაშიც, რომ ამ დაწესებულებიდან ვინმეს მაინც საკუთარი თავისთვის ეს გზა აერჩია და სხვა იუბილარ ბავშვებთან ერთად ერთ ტორტზე გადაეტარებინა საკუთარი პირმშო. ცოტა გაუგებარია, რატომ შეიძლება მზრუნველობად და „კეთილ საქმედ” ჩაითვალოს ის ქმედება, რასაც საკუთარ შვილს არავინ გაუკეთებდა?
ვიეტნამელებს ჰქონიათ საინტერესო ტრადიცია: ყველას დაბადების დღე თურმე ახალ წელს აღინიშნება. ვიეტნამელებმა არ იციან ან არ ცნობენ საკუთარ დაბადების დღეს. ისე, მშვენიერი საშუალებაა თანხის დასაზოგავად - ერთი ტორტი, ერთი სანთელი და ყველა კმაყოფილი გყავს! ორ კურდღელს ერთად იჭერ - ახალ წელსაც აზეიმებ და დაბადების დღესაც. ვაშა!
ვიკიპედიაში დაბადების დღის წვეულება განმარტებულია როგორც წვეულება, რომელიც ერთის დაბადების დღის აღსანიშნავად იმართება. აი, ასეთი ადვილია გასაგებად, თუმცა არც ისე ადვილი ყოფილა გასაკეთებლად. რატომ მიაჩნია ვინმეს, რომ თუ სხვადასხვა ბავშვთა სახლის 56 აღსაზრდელს ერთად გადაუხდის დაბადების დღეს, ეს „განსაკუთრებული” და „დაუვიწყარი” იქნება 56-ვე იუბილარისთვის? სად არის ამ დროს ბავშვის უფლებების კონვენციით თუ ფსიქოლოგთა მიერ აგრერიგად მნიშვნელოვნად მიჩნეული ბავშვის ინდივიდუალობა, ესეც ბუნდოვანია. ნუთუ ამ ბავშვებს არ ეყოფათ სხვა ყველაფერი საერთო, რაც ყოველდღიურად აქვთ? საერთო სახლი, საერთო თუ ერთნაირი ტანისამოსი, საერთო მასწავლებლები, საერთო საჩუქრები, საერთო სიყვარულ-სიბრალული? საერთო ტორტი, საერთო სანთელი და საერთო სურვილები - ეს უკვე მეტისმეტია!
ამას წინათ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ქალბატონმა გაიხსენა ამბავი, როცა ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ ისვენებდა და ერთ-ერთი შვილის დაბადების დღე დაემთხვა. თურმე ისე მოხდა, რომ ნამცხვარიც კი ვერ იშოვეს, მაგრამ მზრუნველი დედა არ დაიბნა, უცებ იპოვა გამოსავალი და გამოაცხო სადღესასწაულო მჭადი, რომელზეც სანთელი დაამაგრა. დაბადების დღე შედგა და დღემდე კეთილად ახსენდება ოჯახის ყველა წევრს. მთავარი ყურადღება და სიყვარულია.

კომენტარები