გლობალური კონკურენციის ინდექსი და საქართველო

საქართველო გლობალური კონკურენციის მხრივ, მსოფლიოს 133 ქვეყანას შორის 90-ე ადგილზეა - ასეთია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2009-2010 წლის ანგარიშის შედეგები.
თუმცა, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენციის ინდექსისთვის მნიშვნელოვანი ცალკეული ასპექტების მიხედვით, მაგალითად, ბიზნესის კეთების სიადვილე და ეკონომიკური თავისუფლება, რომელთაც განსხვავებული ინდექსები ზომავს, საქართველოს გაცილებით უკეთესი ქულები აქვს: ბიზნესის კეთების სიადვილის მხრივ, მსოფლიოში მე-11 ადგილზეა, ეკონომიკური თავისუფლების მხრივ - მსოფლიოში 26-ზე, ევროპაში კი მე-14 ადგილზეა - „მეტწილად თავისუფალ” კატეგორიაში.
ქვეყნისთვის ამ განსხვავებებს იწვევს თავად ინდექსების სპეციფიკა. პირველ ორ შემთხვევაში აქცენტი კეთდება ლიბერალიზაციაზე - ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემოზე, და ზოგადად, ეკონომიკურ თავისუფლებაზე. გლობალური კონკურენციის ინდექსი კი აქცენტს ამ ფაქტორების გარდა, კარგი მმართველობისთვის აუცილებელ ინსტიტუტებზეც აკეთებს.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიში აჩვენებს, რომ ლიბერალიზაცია და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა. ამის მიზეზია ძველი, ანტისაბაზრო ინსტიტუტები, რომელთა დემონტაჟიც აუცილებელია და მათ ნაცვლად ახალი, კარგი მმართველობისთვის ხელსაყრელი ინსტიტუტები უნდა აშენდეს.
ბოლო წლებში საქართველომ ამ მიმართულებით რეფორმები გაატარა, მაგალითად, საბაჟო ლიცენზიებისა და ნებართვების სისტემის გამარტივება ან შრომის კოდექსი, რომელიც, ამ ინდექსის მიხედვითაც, შეფასებულია, როგორც კონკურენტუნარიანი და მსოფლიო ოცეულში შედის.
საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია კორუფციასთან ბრძოლის მხრივაც: ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობის” თანახმად, საქართველო კორუფციის დონით მსოფლიოში 169 ქვეყანას შორის 66-ე ადგილზეა და მნიშვნელოვნად უსწრებს რეგიონის სხვა ქვეყნებს. ეს პირდაპირ უკავშირდება ინსტიტუტების ეფექტურობასა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას, რადგან ამცირებს ბიზნესის ეკონომიკურ ხარჯს და ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, წინა წლებთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, საშუალოდ, გასამმაგდა. თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მშენებლობამ ინვესტორთა დაინტერესება და საქართველოში დამზადებული პროდუქციის ექსპორტზე გატანა გამოიწვია.
მეორე მხრივ, კარგი მმართველობისთვის აუცილებელი ინსტიტუტების შენება და გლობალური კონკურენტუნარიანობის მიღწევა ხანგრძლივი და ნელი პროცესია, რასაც ზუსტად ასახავს გლობალური კონკურენციის ინდექსი.
ინდექსი ქვეყნის კონკურენტუნარიანობას განსაზღვრავს, როგორც იმ ინსტიტუტების, კანონებისა და ფაქტორების ერთობლიობას, რომელიც ქვეყნის პროდუქტიულობის დონეს ადგენს. პროდუქტიულობის დონე, თავის მხრივ, ეკონომიკური დოვლათის დაგროვებას უწყობს ხელს. ეკონომიკური დოვლათის პირობებში კი მოქალაქეების შრომა უკეთ ანაზღაურდება. ამდენად, რაც უფრო კონკურენტუნარიანია ეკონომიკა, მით მაღალია ქვეყანაში სოციალური კეთილდღეობის დონე.
ინდექსის მიხედვით, ასეთი თორმეტი ფაქტორია.
ინსტიტუტები - გავლენას ახდენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე, წარმოების ორგანიზებაზე და იმაზე, თუ როგორ ანაწილებს საზოგადოება სარგებელს და ანაზღაურებს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიებისა და პოლიტიკის ხარჯს. მნიშვნელოვანია მთავრობის ლიბერალური დამოკიდებულება ბაზრისა და მისი თავისუფლების მიმართ და საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც ინდივიდები, კომპანიები და მთავრობა ურთიერთობენ, რათა მიიღონ შემოსავალი და შექმნან დოვლათი. საქართველო 72-ე ადგილზეა.
ინფრასტრუქტურა - ამცირებს მანძილს რეგიონებს შორის, რასაც შედეგად მოსდევს ნაციონალური ბაზრის ინტეგრირება და მცირე ხარჯით მისი დაკავშირება სხვა ქვეყნებისა და რეგიონების ბაზრებთან. საქართველო 72-ე ადგილზეა.
მაკროეკონომიკური სტაბილურობა - კომპანიებს გაუჭირდებათ ეფექტური საქმიანობა მაღალი ინფლაციის პირობებში. ეკონომიკის ზრდა მდგრადი ვერ იქნება, თუ მაკროეკონომიკური გარემო სტაბილური არ იქნა. საქართველო 117-ე ადგილზეა.
ჯანდაცვა და დაწყებითი განათლება - ჯანმრთელი სამუშაო ძალა პროდუქტიულობის საზომია, განათლებული მუშახელი კი უკეთ ახერხებს თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებას და ამით ბიზნესის ხარისხს აუმჯობესებს. საქართველო 78-ე ადგილზეა.
უმაღლესი განათლება და ტრენინგი - განათლება და სამუშაო ადგილზე ტრენინგი აუცილებელია, რათა მუშახელის უნარები ეფექტურად მოერგოს ეკონომიკის მუდმივად ცვალებად მოთხოვნებს. საქართველო 84-ე ადგილზეა.
სასაქონლო ბაზრის პროდუქტიულობა - საქონლის გაცვლისთვის საუკეთესო პირობები მოითხოვს ბიზნესაქტივობაში მთავრობის ჩაურევლობას. მაგალითად, კონკურენციას ხელს უშლის მაღალი გადასახადები ან უცხოური ინვესტიციებისთვის დისკრიმინაციული წესების დადგენა. საქართველო 74-ე ადგილზეა.
შრომითი ბაზრის ეფექტურობა - შრომით ბაზარს უნდა შეეძლოს მუშახელის სწრაფად და მინიმალური ხარჯით გადანაცვლება ერთი ეკონომიკური აქტივობიდან მეორეზე. შრომითი ბაზრის ეფექტურობა დამოკიდებულია მუშახელის ძალისხმევასა და მოტივაციის სისტემის ურთიერთქმედებაზე. საქართველო მე-17 ადგილზეა.
ფინანსური ბაზრის სრულყოფა - მნიშვნელოვანია კერძო სექტორში ინვესტიციების განსახორციელებლად საჭირო კაპიტალის დასაგროვებლად. საქართველო 95-ე ადგილზეა.
ტექნოლოგიური მზაობა - რამდენად მიუწვდებათ ხელი ქვეყანაში მოქმედ ფირმებს განვითარებულ პროდუქტებსა და პროექტებზე და რამდენად აქვთ მათი გამოყენების უნარი. საქართველო მე-100 ადგილზეა.
ბაზრის ზომა - გლობალიზაციის ერაში საერთაშორისო ბაზრებმა ჩაანაცვლეს ადგილობრივი ბაზრები, განსაკუთრებით მცირე ქვეყნებისთვის. ვაჭრობას დადებითი ეფექტი აქვს ეკონომიკურ ზრდაზე, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, ვისი ადგილობრივი ბაზარიც მცირეა. საქართველო 101-ე ადგილზეა.
ბიზნესის ხარისხი - დამოკიდებულია ბიზნესქსელებისა და ინდივიდუალური კომპანიების მუშაობასა და სტრატეგიებზე ქვეყნის მასშტაბით. საქართველო 113-ე ადგილზეა.
ინოვაცია - ასახავს ქვეყანაში არსებულ მაღალი ხარისხის კვლევით ინსტიტუტებს, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მექანიზმებს, უნივერსიტეტებისა და ბიზნესპროფესიონალების ერთობლივ კვლევებს და კერძო სექტორის მიერ კვლევასა და განვითარებაში ინვესტიციების დაბანდების ტენდენციას. საქართველო 119-ე ადგილზეა.
თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ საქართველოს უპირატესობას განსაზღვრავს სფეროები, რომლებშიც სახელმწიფომ ლიბერალური მიდგომა არჩია, მათ შორის, დაბეგვრის სიხშირე და ეფექტი, ბიზნესის დასაწყებად საჭირო პროცედურების რაოდენობა და დრო, მცირე სავაჭრო და სატარიფო ბარიერები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და კაპიტალის შემოდინების არადისკრიმინაციული წესები, საბაჟო მომსახურების ტვირთი, ინვესტორთა დაცვა, სახელმწიფო რეგულირების დაბალი ტვირთი.
კვლევა აჩვენებს, რომ ტექნოლოგიური მზაობის, ბაზრის ზომის, ბიზნესის ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციის კუთხით, საქართველოს გლობალური კონკურენციის არენაზე უპირატესობანი არ აქვს.
მეორე მხრივ, ყველა ეს პრობლემური სფერო ერთმანეთს უკავშირდება და მათი გაუმჯობესება შესაძლებელია, თუ საქართველო ბაზარს კიდევ უფრო გააფართოებს. ადგილობრივი ბაზრის ინვესტორებისთვის გახსნით ქვეყანა მიიღებს არა მხოლოდ მეტ ფულს, არამედ მათ გამოცდილებას და ექსპერტიზას, ტექნოლოგიებში გაცნობიერებულობას, რაც მომავალში ინოვაციისა და მზარდი კონკურენტუნარიანობის საწინდარი შეიძლება გახდეს.



 

კომენტარები