საბავშვო წიგნი – წლის საჩუქარი გამომცემლებისგან

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გახლდათ. ამასთან დაკავშირებით ტაბულამ ზოგიერთ გამომცემლობას შესთავაზა, წარედგინა თითო საბავშვო საკითხავი, რომელიც, მათი აზრით, საუკეთესო საჩუქარი იქნება პატარებისთვის. აქ თითქმის ყველა კატეგორიის გამოცემას შეხვდებით. მაშ ასე:

ბაკურ სულაკაურის
გამომცემლობა
ასტრიდ ლინდგრენი. ემილის თავგადასავალი.
მთარგმნელი – ჯენეტ ბაჯელიძე
ფასი: 15 ლარი.

ბაკურ სულაკაური (გამომცემლობის დირექტორი): საბავშვო პროდუქცია წიგნის ბიზნესში მართლაც ყველაზე აქტუალურია, თუმცა, აქაც ერთგვარი დიფერენციაცია არსებობს – უმეტეს მათგანში ილუსტრაცია ჭარბობს. ჩვენს დღევანდელ საჩუქარში წინა პლანზე ტექსტი დგას – გთავაზობთ ყველა თაობის საყვარელი საბავშვო მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებს. მისი ხელმეორედ გამოცემა გადავწყვიტეთ თუნდაც იმიტომ, რომ რაკი თავის დროზე რუსულიდან ითარგმნა, გადმოღებული იყო რუსულად თარგმნილი გეოგრაფიული სახელები. მაგალითად, ეწერა ლიონებერგელი და არა ლენებერგელი. ტექსტი ორიგინალს შეადარა და გამოტოვებული ადგილები შეავსო თამარ მაისურაძემ.

სიესტა
ანბანი მხიარული ლექსებით და გამოცანებით
ხალხური, ვაჟა-ფშაველას, გივი ჭიჭინაძის, მორის ფოცხიშვილის, ნოდარ დუმბაძის, გიორგი წერეთლის, ალეკო შენგელიას, მზია ჩხეტიანის, მარიამ წიკლაურის, ირმა მალაციძის, ვასო გულეურის, გიორგი კეკელიძის, ნათია ჯანაშიას ლექსები და გამოცანები.
ფასი: 5 ლარი

ქეთი კიღურაძე (გამომცემლობის დირექტორი): ჩვენი ერთ-ერთი კვლევისას აღმოვაჩინეთ, რომ სკოლაში წამსვლელი ბავშვებისთვის მოსახერხებელი ლიტერატურა ნაკლებად მოიპოვება. ვიფიქრეთ, როგორ მიგვეწოდებინა მათთვის ქართული ანბანი და გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა მარტივი ბარათები. ამოვარჩიეთ სიტყვები და მივუსადაგეთ სხვადასხვა ავტორის ლექსები და გამოცანები მაია მაჩალაძის შესანიშნავი ილუსტრაციებით. ძალიან პრაქტიკული და სასარგებლო საქმე გამოვიდა – უკვე უამრავი ადამიანი დაინტერესდა.

ქარჩხაძის გამომცემლობა
ნატო დავითაშვილი – ამბავი ლილე იროელისა
ფასი – 14.90 ლარი

გია ქარჩხაძე (გამომცემლობის დირექტორი): ვფიქრობ, ეს ქართული „ბეჭდების მბრძანებელია”. მიუხედავად იმისა, რომ საბავშვო ვრცელტექსტებიან წიგნებს, დასათვალიერებელთან შედარებით, ბაზარზე უჭირს, ეს გამოცემა მალე ძალიან პოპულარული გახდება. იროელის ამბავი ქართულ მითოლოგიაზე აგებული ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებია, ჩემი აზრით, შედევრი. უაღრესად საინტერესო სიუჟეტი საოცარი პერსონაჟებით. მალე წიგნის თარგმნას და უცხოეთში გატანასაც ვაპირებთ. პატარა მკითხველს წინ არაჩვეულებრივი სამყარო ელის – ღვთისშვილების ბრძოლა ბალღამის თასის დასამსხვრევად.

დიოგენე
ბეკი ბლუმი, პასკალ ბეი –
წიგნიერი მგელი
ქართული გამოცემა მოამზადეს: თამარ ჯაფარიძემ, ანა ჭაბაშვილმა, ლალი ქადაგიძემ, თამარ ლებანიძემ, კახა გოქსაძემ
ფასი – 12.90 ლარი

ნათია მერებაშვილი (მენეჯერი): საბავშვო გამოცემას ერთი კარგი თვისება აქვს, ჩვეულებრივი ბესტსელერი, რაც არ უნდა კარგად იყიდებოდეს, ერთი-ორი ტალღაა და გადაივლის, აქ კი საქმე გაცილებით სტაბილურადაა. „წიგნიერი მგლის’’ ვიდეორეკლამას წიგნის ფესტივალზეც წააწყდებოდით. ეს არის ცხოველების ფერმაში მოხვედრილი მგლის პატარა და სახალისო თაგვადასავალი, მიმზიდველი ნახატების ფონზე. ვფიქრობთ, მისი წიგნიერება პატარებისთვისაც გადამდები იქნება.

პალიტრა L
ჯოან სეიდენსტიკერი და სიუზან ლამპკინი – მტაცებლები
მთარგმნელი – ნინო ბელთაძე
ფასი – 20 ლარი

ქეთი ჭეიშვილი (გამომცემლობის დირექტორი): ეს პალიტრა L-ის სერია საყმაწვილო ბიბლიოთეკის გამოცემათაგანია, თვეში ერთხელ გამოდის და აქციის ფარგლებში, კვირის პალიტრასთან ერთად, 15 ლარი ღირს, მაღაზიებში – 20 ლარი. ეს სერია არამხატვრულ, შემეცნებით გამოცემებს ითვალისწინებს, ერთგვარი ენციკლოპედიაა. უშუალოდ ეს წიგნი მტაცებლებზე, მათ კატეგორიებზეა. გამოცემის თითქმის ყოველ გვერდზე მკითხველი გაეცნობა უახლეს ინფორმაციას მათ შესახებ და ნახავს მაღალმხატვრულ სამგანზომილებიან ილუსტრაციებს.


პეგასი
ზაზა აბზიანიძე – ბაბთა
(ავტორის ილუსტრაციებით)
ფასი – 12 ლარი

მარინე ცხადაია (გამომცემლობის დირექტორი): 2001 წელს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდმა გამოაცხადა კონკურსი – ბავშვთა უფლებების კონვენცია უნდა წარმოდგენილიყო ლიტერატურული ფორმით და გაიმარჯვა ბატონმა ზაზა აბზიანიძემ. გადავწყვიტეთ, წლეულს გამოგვეცა ეს წიგნი, რომელსაც ბაბთა (ბუსუნსულების ასოციაციის ბავშვებთან თანადგომის აქცია) ეწოდება. აქ კონვენციის სხვადასხვა მუხლი ზღაპრადაა წარმოდგენილი, საინტერესო და სახალისო სიუჟეტია – ცხოველები ათამაშებენ ამ ყველაფერს. თუ დღეს ვაყალიბებთ სამოქალაქო საზოგადოებას, ყველა ბავშვობის ასაკიდანვე უნდა გათვითცნობიერდეს. მხატვრული ღირებულების გარდა, ესეცაა ამ წიგნის მნიშვნელობა.

ლოგოს პრესი
შემდგენელი პეტ ჰეგარტი – ჩემი პირველი ჯიგსოები
ფასი – 22.90 ლარი

მაია ბერაია (საბავშვო განყოფილების ხელმძღვანელი): თქვენს წინაშეა წიგნი და სათამაშო ერთად. ის შედგება ფაზლებისგან. დაშლის და აწყობის პრინციპი ბავშვს ეხმარება, რომ სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით შესატყვისი მოუძებნოს პირველ ნახევარს. ვფიქრობთ, ამ ფაქტით ყველა მშობელი დაინტერესდება. წიგნი ტონი პოტერის გამომცემლობასთან ერთად გამოვეცით.





 

 

კომენტარები