მუსიკალური არდადეგების მოყვარულთათვის

მოვიდა ზაფხული - მუსიკალური ფესტივალების დრო, როცა მელომანები მთელი წლის განმავლობაში ნაგროვებ ყულაბებს აცარიელებენ და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებისკენ მიემართებიან.  

Download Festival 2010
(დონინგტონი / ბრიტანეთი 11-13 ივნისი)
ვინც ბრიტანეთისკენ აიღებს გეზს, ნამდვილად არ ინანებს, რადგან 11-13 ივნისს გაიმართება Download Festival. შედარებით სუსტი შემადგენლობის მიუხედავად, დაუნლოუდი მაინც ინარჩუნებს საუკეთესო ფესტივალის სტატუსს. ჰედლაინერებს შორის იქნებიან როკ-ენ-როლის ლეგენდები AC/DC და Aerosmith. მათ გარდა, მთავარ სცენაზე გამოვლენ Slash პირველი სოლოალბომით, ვეტერანები Megadeth, Cinderella და motorhead.
ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ სცენას რამდენიმე კვირის წინ გარდაცვლილი კიდევ ერთი როკლეგენდის, რონი ჯეიმს დიოს სახელი ეწოდება. ამ სცენაზე გამომსვლელი ჯგუფებიდან ყველაზე ცნობილები არიან Bullet For My Valentine, 30 Seconds To Mars, Him და პროგრესივროკის ცოცხალი ლეგენდები Porcupine Tree.

Glastonbury Festival
(გლასტონბერი/ბრიტანეთი 23–27 ივნისი)
წელს გლასტონბერის ფესტივალი მეორმოცე წლისთავს აღნიშნავს. მელომანი ფერმერის ეზოში დაწყებული ფესტივალი დღემდე ბრიტანელი შემსრულებლების საუკეთესო ნაწილს უყრის თავს. სამწუხაროდ, ვარაუდები არ გამართლდა და საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული გაერთიანებები ვერ შედგა (შეგახსენებთ, წლეულს The Pulp და Led Zeppellin აპირებდნენ გაერთიანებას ფესტივალის იუბილეს აღსანიშნავად). ამ უსიამოვნო ფაქტს თუ არ ჩავთვლით, სხვა ყველაფერი რიგზეა. თითქმის მთელი ბრიტანული სცენა და რამდენიმე სტუმარი ოკეანის მეორე მხრიდან, მათ შორის, Stevie Wonder, Shakira, Snoop Dogg და Slash.

Sonisphere
(სტამბული/თურქეთი 25-27 ივნისი)
თურქი პრომოუტერები აგრძელებენ რამდენიმე წლის წინ დაწყებულ ტრადიციას და 2010 წელსაც უძლიერეს შემადგენლობას უყრიან თავს სტამბულში. ორი დღის განმავლობაში ერთმანეთის გვერდით დაუკრავენ მეტალიკა, რამშტაინი, სლეიერი, მანოვარი, მეგადესი და სხვა ჯგუფები მძიმე მუსიკის სამყაროდან.

Heineken Open Air
(გდანსკი/პოლონეთი 1-4 ივლისი)
აღმოსავლეთ ევროპაში ჰაინეკენის ეგიდით გამართული ყველაზე მასშტაბური ფესტივალი პოლონეთში ელექტრონული მუსიკის საუკეთესო წარმომადგენლებს მოუყრის თავს. მსხვილ ფესტივალებზე თუ დაავიწყდათ, პოლონელებს არ დავიწყებიათ მოეწვიათ Massive Attack, Tricky, Groove Armada, Fetboy Slim. ამ შემსრულებლების მოსასმენად, ჰაინეკენის დასაგემოვნებლად და პოლონელი გოგონების გასაცნობად საუკეთესო საშუალებაა, მელომანებმა პოლონურ ოუფენ ეარზე შეაჩერონ არჩევანი.
Wireless
Festival
(ლონდონი/ბრიტანეთი 2-4 ივლისი)
ვისაც ბრიტანული მუსიკა უყვარს, მაგრამ, გლასტონბერისგან განსხვავებით, შედარებით გაფილტრული შემადგენლობის მოსმენა სურს, ივლისის დასაწყისში აუცილებლად უნდა ეწვიოს ლონდონს. ამ დროისთვის დადასტურებულ სტუმრებს შორის სამი ტენდეცია შეიმჩნევა - ბრიტანული ელექტრონული სცენის გიგანტები, მეინსტრიმ ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავები ამერიკიდან და ტრადიციული ბირტპოპის და ინდი როკის ადგილობრივი წარმომადგენლები.
მაშ ასე, ბრიტანული ელექტრონული სცენის წარმომადგენლები იქნებიან - UNKLE, DJ Shadow და LCD Sound systems, ჰიპ-ჰოპის ღირსებას დაიცავენ Jay Z, D12 და Snoop Dogg. რაც შეეხება მესამე კატეგორიას: Taylor Hawkins and the Coattail Riders, New young pony club, The big pink და კიდევ ათამდე შემსრულებელი.

Black Sea Jazz Festival
(ბათუმი/საქართველო 15-18 ივლისი)
ივლისში ქართველ ჯაზის მოყვარულებს შესანიშნავი სამი დღის გატარება შეუძლიათ ულამაზეს ბათუმში. ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად, ფესტივალზე ეისიდის, ფანკის, ფუჟენის სახელოვანი შემსრულებლები დაუკრავენ. უკვე დადასტურებულია, რომ ბათუმს ეწვევა მაიკ სტერნი ბენდთან ერთად. სტერნს სხვადასხვა დროს უმუშავია მაილს დევისთან, ჯორჯ ქოულმენთან, ჯაკო პასტორიუსთან და სხვებთან. მაიკ სტერნის გარდა, ბათუმში ჩამოვლენ ჰიუ მასაკელა ბენდთან ერთად, The Brand New Heavies, RH FACTOR და როი ჰარგროუს კვინტეტი. ხოლო ქართველებიდან: გიორგი მიქაძის და ბექა გოჩიაშვილის ტრიოები.

FIB Heineken Festival
(ბენიკასიმი/ესპანეთი
15-18 ივლისი)
აღმოსავლეთ ესპანეთის ულამაზეს ბუნებაში არაფერი სჯობს ჰაინეკენის ლუდის სმას და ევროპის მნიშვნელოვანი ჯგუფების მოსმენას. წლეულს ცნობილ ესპანურ ფესტივალს საგანგებო ჰედლაინერი ეყოლება პროდიჯის სახით. ელექტროპანკის პიონერები წლეულს არც ისე ბევრ ფესტივალზე გამოდიან. ასე რომ, ვისაც მათი ბოლო ალბომის მოსმენა სურს სხვა ჰიტებთან ერთად, აუცილებლად უნდა შეუკვეთოს ბილეთები ესპანეთის მიმართულებით. პროდიჯის გარდა, წლეულს ფიბზე გორილაზიც გამოვა. ტრადიციულად, ფესტივალის სტუმრებისთვის ჰაინეკენის ლუდი უფასო იქნება.

Wacken
(ვაქენი/გერმანია 4-7 აგვისტო)
ფესტივალი, რომელიც გერმანიაში ყოველწლიურად უყრის თავს ექსტრემალური მუსიკის მოყვარულებს, აგვისტოში გაიმართება. 2010 წლის შემადგენლობაც ტრადიციულად „სასიკვდილოა” - სცენას უბრუნდება ბლექმეტალის ლეგენდა Immortal. ვისაც მოენატრა უბერებელი აბატის „გროულების” მოსმენა, აუცილებლად გერმანიისკენ უნდა აიღოს გეზი. დადასტურებულ სტუმრებს შორის ასევე არიან - Fear Factory, Iron Maiden, Kamelot, Lake Of Tears, Motley Clue, Equilibrium და სხვა ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ჯგუფები.


 

კომენტარები