ხე

ჟული ბერტუჩელის კანში, საფესტივალო გადარბენისას შევხვდი. აღარც მახსოვს... მესამედ ვნახე? ჰო, მგონი. არ შეცვლილა. მაღალი, გაჩეჩილი თმით და ისევ ისეთი ენერგიული, როგორც ექვსი წლის წინ. მაშინ, როდესაც ქმართან, ოპერატორ კრისტოფ პოლოკთან ერთად საქართველოში იღებდა თავის პირველ მხატვრულ ფილმს „რაც ოთარი წავიდა...” ფილმი ახალგაზრდა რეჟისორისთვის წარმატებული აღმოჩნდა. 90-იანების საქართველოს რეალობაზე გადაღებულმა სენსიტიურმა ამბავმა კანში კრიტიკის კვირეულის გრან-პრი, საუკეთესო დებიუტისთვის „სეზარი”, ვარშავის კინოფესტივალისა და ფიპრესის სპეციალური ჯილდოები დაიმსახურა. ამის შემდეგ ჟული საფრანგეთში, ოთარ იოსელიანის გადაღებებზე ვნახე. როგორც ნამდვილი კუ, ზურგზე მიმაგრებული კამერით, ლანდივით დაჰყვებოდა იოსელიანს და ცდილობდა, არც ერთი დეტალი არ გამორჩენოდა; დოკუმენტურ ფილმს იღებდა. ფილმს იმაზე, თუ როგორ აკეთებს კინოს იოსელიანი: იდეიდან - სამონტაჟო მაგიდამდე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფილმსაც კარგი გამოხმაურება მოჰყვა დასავლურ პრესაში, მან ცოტა ხნით შეწყვეტა მუშაობა. მეუღლისა და პარტნიორის კრისტოფის გარდაცვალების შემდეგ ჟულიმ დიდი პაუზა აიღო.
ხე - ასე ჰქვია მის ახალ ფილმს, რომელმაც კანის 63-ე კინოფესტივალი დახურა. მიუხედავად იმისა, რომ ხე ჯუდი პასკოუს რომანის მიხედვითაა გადაღებული, ის თითქოს ჟულის ისტორიას გიყვება. იმას, რაც მისთვის ყველაზე მტკივნეული იყო. იმას, რის დაძლევაშიც სწორედ ეს ფილმი დაეხმარა.
ახალგაზრდა ოჯახი. ფილმის დასაწყისის იდეალური კადრები უცებ იცვლება ტრაგედიით - მამა გულის ინფარქტით იღუპება და მისი მანქანა სახლის გვერდით, ვეებერთელა ხეს ეჯახება. დედა (შარლოტ გინზბურგი) ოთხ შვილთან ერთად რჩება. უმცროსი გოგონა სიმონა დარწმუნებულია, რომ მამის სული სწორედ ამ უზარმაზარ ხეში ჩასახლდა; ზედ აფოფხებული, მის ფოთლებს ხშირად ესაუბრება ხოლმე. ბავშვის თვალით დანახული ტრაგედია მას შემდეგ უფრო მძაფრდება, რაც დედა რომანს გააბამს ახალ უფროსთან და „ჯადოსნური” ხე, რომლის ფესვები საფრთხეს უქმნის სახლს, მოსაჭრელი გახდება.

საიდან მოვიდა რეჟისურა? ვიცი, რომ ბავშვობიდან კინოსივრცეში გაიზარდეთ. მამის კვალს გაყევით... მაგრამ მაინც, გიფიქრიათ ოდესმე რაიმე სხვაზე?

კინოს კეთების სურვილი ბავშვობიდან მოდის. უბრალოდ, როცა გავიზარდე, მივხვდი, არ მინდოდა, აი, ასე, ჰოპ და ფილმების გადაღება დამეწყო. მამაჩემისგან ვიცოდი, რომ ასე უცებ რეჟისორობა არ გამოვა; მანამდე საჭიროა რაღაც დააგროვო, განათლება მიიღო. ამიტომ დავიწყე ფილოსოფიით - ეს იყო ის, რაც ძალიან მიყვარდა. მინდოდა, კინოში მოსვლამდე ბევრი წამეკითხა, ბევრი მესწავლა, რადგან კინოში ისეთი დაკავებული ხარ, რომ დრო არაფრისთვის აღარ გრჩება. მხატვრულ ფილმებამდე დოკუმენტურ კინოს ვიღებდი. ალბათ იმიტომ, რომ სანამ ამბების მოყოლას დავიწყებდი, მინდოდა, სამყარო აღმომეჩინა, დავკვირვებოდი. ამბების მოყოლა ხომ... ეს არის საყვარელი ადამიანების, შენი ოჯახის, შენი ისტორიები. ძალიან პირადული რამ. მე კი მორცხვი ვიყავი. არავისთან არ მინდოდა პირადულზე საუბარი. არასდროს.

კი, მაგრამ ამის გარეშე ხომ არ გამოვა კინო?

სწორედ ეგ არის. ალბათ ამიტომაც დავიწყე დოკუმენტურით. ამ დროს მარტო ხარ. მარტო კამერით. სულ მუშაობ. არასდროს არ იცი, შენი მიუსვლელობით რას გამოტოვებ, რას გაუშვებ ხელიდან. დროს უკან ხომ ვერ დააბრუნებ?! ვერც სცენას გაიმეორებ. ძალიან შრომატევადი საქმეა. არ იცი, როდის მორჩები გადაღებებს, სულ რაღაცაზე ხარ დამოკიდებული. მაგრამ... ნელ-ნელა მივხვდი. უფრო სწორად, ჩემთვის აღმოვაჩინე მხატვრული კინო, როგორც გზა, რომელიც საშუალებას მაძლევს, მოვყვე. მოვყვე განცდებზე, ემოციებზე. უბრალოდ, მოვყვე ისტორიები. ჩემი ბოლო ფილმით ვიგრძენი, რომ ეს ზოგჯერ აუცილებელიცაა.

დიდი პაუზა გქონდათ. თან ეს ფილმი მგონი იმდენად პირადული გამოვიდა, რომ შარლოტ გინზბურგს ლამის გარეგნობითაც მიგამსგავსეთ...

დიახ. ჯერ იყო და, ჩემმა წინა ფილმმა წაიღო დიდი დრო: ფესტივალები, რეკლამირება... მეორე ბავშვი გამიჩნდა... მერე პირადი პრობლემები მქონდა. დრო დამჭირდა იმის მისახვედრად, როგორ უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება. მაშინ ვიპოვე ეს ნოველა. ამბავი სიკვდილზე, სიცოცხლეზე... იმაზე, თუ როგორ ცდილობენ ადამიანები შეეგუონ და გააგრძელონ ცხოვრება. მინდოდა მთელი აქცენტი დროზე გამეკეთებინა! იმაზე, რომ ყველაზე ძნელია იგრძნო დრო! არ უნდა მიაწვე შენს თავს... ჩემმა გმირმა ეს შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რაღაც დაატყდა თავს. ჩემთვისაც ასე იყო. ზოგჯერ ხელოვნება გეხმარება. პირადად მე ეს ფილმი ძალიან დამეხმარა. ბევრი პირადული ჩავდე. ჩემი და ჩემი შვილების ამბავი.
შარლოტი? არა, მანამდე არ ვიცნობდი. ძალიან მინდოდა, ეს გმირი ქეით ბლანშეტს განესახიერებინა, მაგრამ ქეითი დაკავებული იყო, შეუძლებელი აღმოჩნდა. როგორც კი ფრანგ მსახიობზე დავფიქრდი, მაშინვე შარლოტზე ვიფიქრე. მგონი ის უკვე მზად იყო ასეთი როლისთვის.

ახალგაზრდა რეჟისორი, რომლის ფილმი დახურავს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კინომოვლენას. მგონი საყურადღებო ფაქტია. რა გეგმები გაქვთ?

ასეთი მნიშვნელოვანი ფესტივალის დახურვა ძალიან დიდი პატივია. თან ცოტა მეშინია, როგორ მიიღებს აუდიტორია, რას იტყვიან... თუმცა, ყველაზე მეტად იმაზე ვნერვიულობ, რომ ამ ფილმს ჩემი გადამღები ჯგუფი სწორედ დღეს საღამოს, აქ ნახავს. გეგმები? ოო, რა დროს ეგაა... ჯერ არაფერი! არაფერი! ჯიბე ცარიელი მაქვს!


 

კომენტარები